საქართველო და ჩინეთი სტრატეგიულ პარტნიორობას ამყარებენ - მთავრობა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ჩინეთში მყოფი საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ. ამ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

უკვე 31 წელია, რაც დიპლომატიური ურთიერთობები დავამყარეთ. ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობები ჯანსაღად და სტაბილურად ვითარდება. ორი ქვეყნის პოლიტიკური ნდობა მყარია, სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის შედეგები კი, შესამჩნევი. საქართველო ჩინეთის  მეგობარი და კარგი პარტნიორია. არ აქვს მნიშვნელობა საერთაშორისო ასპარეზზე როგორ განვითარდება მოვლენები, ჩინეთის დამოკიდებულება საქართველოსთან ურთიერთობების განვითარების შესახებ არ შეიცვლება.

ჩინეთში თქვენი ამ ვიზიტის დროს გამოქვეყნდება ერთობლივი განცხადება. გამოცხადდება, რომ საქართველო და ჩინეთი ამყარებენ სტრატეგიულ პარტნიორობას, ამით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ახალ დონეზე გადაინაცვლებს.

ჩინეთმა და საქართველომ ერთად უნდა იმუშაონ, რათა ამ ახალი დასაწყისიდან ბიძგი მივცეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის უკეთეს განვითარებას, ხელი შევუწყოთ ორი ქვეყნის სხვადასხვა სფეროს განვითარებას და წვლილი შევიტანოთ კაცობრიობის კეთილდღეობაში“, - განაცხადა სი ძინპინმა.

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველო დიდად აფასებს ჩინეთთან მეგობრობას და მადლობელია ორი ქვეყნის ურთიერთობის სტრატეგიულ პარტნიორობამდე ამაღლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისთვის.

„ჩინეთი ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობა აღიარა 1992 წელს, როდესაც აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა. საქართველო ერთგულია ჩინეთთან  სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების იდეისადმი მრავალი მიმართულებით და გვახარებს, რომ მნიშვნელოვან დოკუმენტებს მოეწერება ხელი ამ ვიზიტის ფარგლებში“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში დელეგაციასთან ერთად იმყოფება. ღარიბაშვილი ზაფხულის მსოფლიო საუნივერსიტეტო თამაშების გახსნის ცერემონიაში მონაწილეობს.

სამი თვის წინ, 21 აპრილს, საფრანგეთში ჩინეთის ელჩმა ლუ შაემ, უკრაინაზე, ყირიმზე საუბრისას ტელევიზიასთან ინტერვიუში თქვა, რომ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს საერთაშორისო სამართალში რეალური სტატუსი არ აქვთ, რითიც ელჩმა პოსტსაბჭოთა ქვეყნების სუვერენიტეტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.

„ამ ყოფილ საბჭოთა ქვეყნებსაც კი არ აქვთ რეალური სტატუსი საერთაშორისო სამართალში, რადგან არ არსებობს საერთაშორისო შეთანხმება, რაც დაადასტურებდა მათი, როგორც სუვერენული სახელმწიფოს სტატუსს“, - ლუ შაეს ამ სკანდალური განცხადების შემდეგ, ბალტიისპირეთის ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ჩინეთის ელჩები განმარტებებისთვის დაიბარეს.

ლუ შაე, ჩინეთის ელჩი საფრანგეთში

ელჩის ამ განცხადებას გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტიც. ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ დიპლომატს ასე საუბარი არ შეეფერება. საქართველოს მთავრობას ჩინეთის ელჩის განცხადებაზე რეაქცია არ ჰქონია.

24 აპრილს, ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ჩინეთი პატივს სცემს ყველა ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

2022 წლისთვის ჩინეთი საქართველოს ყველაზე მსხვილი საექსპორტო პარტნიორია 736.8 მლნ აშშ დოლარით. ჩინეთს მოჰყვება აზერბაიჯანი  (672.6 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთი (651.6 მლნ. აშშ დოლარი). შემდეგ მოდიან სომხეთი (584.5 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (435.4 მლნ. აშშ დოლარი), ბულგარეთი (423.6 მლნ. აშშ დოლარი), აშშ (265 მლნ. აშშ დოლარი), ყაზახეთი (238.1 მლნ. აშშ დოლარი), უკრაინა (232 მლნ. აშშ დოლარი), პერუ (153.8 მლნ. აშშ დოლარი).

ამავე პერიოდში, უმსხვილეს საიმპორტო პარტნიორებს შორის ჩინეთი მესამე ადგილზეა (1 126.0 მლნ. აშშ დოლარი) თურქეთის (2 370.9 მლნ. აშშ დოლარი) და რუსეთის (1 835.4 მლნ. აშშ დოლარი) შემდეგ.

საქართველოში ყველაზე მსხვილ პროექტებს, განსაკუთრებით საავტომობილო გზების, რკინიგზისა და გვირაბების მშენებლობის კუთხით, ჩინური კომპანიები ახორციელებენ. 

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.