დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მღვდელმთავარი ზენონ იარაჯული განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის განჩინებას. მთავარეპისკოპოსის თქმით, სინოდის 14 თებერვლის სხდომის დაწყებამდე პირადად შეხვდა პატრიარქს და შესთავაზა, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ეპარქია, რომელიც 2010 წლიდან მის მმართველობაში იყო, უშუალოდ პატრიარქის ზედამხედველობის ქვეშ მოქცეულიყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„მისმა უწმინდესობამ მიზანშეწონილად მიიჩნია შეთავაზება და მიმართა წმინდა სინოდს რათა სინოდური დადგენილებით დამტკიცებულიყო დროებითი ზედამხედველობა. წმინდა სინოდმა მიიღო და დაამტკიცა კათოლიკოს-პატრიარქის შეთავაზება.
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის საკითხი სინოდის სხდომაზე განსახილველად არ გატანილა. შესაბამისად განვმარტავ, რომ ეპარქიის საკითხი სამომავლოდ იქნება განხილული, რის შემდეგაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება ეპარქიის მმართველის ვინაობის შესახებ. ასეთი იყო მისი უწმინდესობისა და ჩემი პოზიცია. კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო, რომ საკითხი კომპლექსურია და მეტად საყურადღებო.
ამ დროისათვის შემოვიფარგლები მცირეოდენი განცხადებით და დავძენ: ჩემს წინააღმდეგ მომართულია გარე და შიდა ძალები, რომელთაც სურთ ჩემი სულიერი და ფიზიკური განადგურება.
არ ვაპირებ რაიმე სახის პოლემიკაში შევიდე იმ ადამიანებთან, რომელთაც სურთ ამ საკითხების მიჩქმალვა-ნიველირება და პერსონალური თავდასხმებით ცდილობენ საკუთარი დეგრადირებული აზროვნების ნაყოფის საზოგადოებისთვის თავს მოხვევას.
მათი ქმედებები პირველ რიგში უკავშირდება ჩემს პოზიციას შიდა და საგარეო საეკლესიო პოლიტიკის საკითხებზე, რის შესახებაც საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი.
ამავდროულად, მკაფიოდ განვმარტავ - ჩემი საქმიანობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მუდამ მიმართული იყო ეკლესიისა და სახელმწიფოს ინტერესების დაცვისკენ. სწორედ ეს გარემოება არ მაძლევს უფლებას არ მოვახდინო რეაგირება ზემოთაღნიშნულ ფაქტზე. აქვე ვაცხადებ, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიაში მიმდინარე ცალკეული პროცესები მიმართულია არა მხოლოდ თავად ეკლესიის, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ და უდიდესი სიფრთხილე და გონიერებაა აუცილებელი იმისთვის, რათა ამ პროცესებიდან ეკლესიაც და სახელმწიფოც დაზიანებული არ გამოვიდეს“, - წერს განცხადებაში მეუფე ზენონი, რომელიც სინოდის სხდომას არ ესწრებოდა.
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ 2022 წლის 16 ნოემბერს გამოსცა ბრძანება, რომლის საფუძველზეც მეუფე ზენონი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა. საპატრიარქოს განმარტებით, ამ გადაწყვეტილების მიზეზი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში განვითარებული მოვლენები გახდა. საპატრიარქოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ პატრიარქის თხოვნის მიუხედავად, მეუფე ზენონი საქართველოში ჩამოსვლაზე უარს ამბობდა. დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის საკითხი, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წმინდა სინოდის სხდომაზე უნდა განხილულიყო.
მთავარეპისკოპოს ზენონსა და ლონდონის ქართული სამრევლოს ნაწილს შორის დაპირისპირება გასულ წელს დაიწყო. სექტემბერში „ლონდონის სამრევლომ“ ილია მეორეს და კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს წერილითაც მიმართა. წერილში მეუფე ზენონს აკრიტიკებდნენ და წერდნენ, რომ მან ლონდონის ტაძარში მოქმედი საკვირაო სკოლა დაკეტა, ხოლო ტაძარს მხოლოდ შაბათ-კვირას აღებდა. წერილის ავტორები აღნიშნავდნენ, რომ მეუფე ზენონმა ბრიტანეთის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა, რაც მათივე განცხადებით, ე.წ. სუს-ის კრებსებს უკავშირდებოდა: „ამ თემაზე პასუხი არ არის გაცემული და ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი ბრალდების მიმართ თვალი დავხუჭოთ. თუ მრევლისთვის ეს არ იქნება გაცხადებული, მოლოდინი გვაქვს, რომ საპატრიარქო დაინტერესდება, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს“, - ნათქვამი იყო წერილში.
მეუფე ზენონმა დაუმორჩილებლობასა და მის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა არქიმანდრიტი დოროთე (ბარბაქაძე) და მღვდელი ნიკოლოზი (მაისურაძე), რომელთაც მღვდელმსახურება შეუჩერა. მთავარეპისკოპოსმა თავშესაფარის მოთხოვნა უარყო და განაცხადა, რომ ეს ინფორმაცია არქიმანდრიტმა დოროთემ გაუვრცელა.
მეუფე ზენონი აცხადებდა, რომ საქართველოში არ დაბრუნდებოდა, ვიდრე 2021 წლის სექტემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით გამოძიება არ დასრულდება და დამნაშავეები არ დაისჯებიან. სავარაუდოდ სუს-ის ჩანაწერებში (ე.წ. სუს-ის კრებსები“), რომლის ნამდვილობაც არაერთმა პირმა დაადასტურა, მეუფე ზენონიც ბევრჯერ არის ნახსენები, მათ შორის, პირადი ცხოვრების ნაწილში. მთავარეპისკოპოსის თქმით, პროკურატურას მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა, თუმცა ერთი წლის განმავლობაში პროკურორი მხოლოდ ერთხელ დაუკავშირდა და აცნობა, რომ დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად საქართველოში უნდა დაბრუნებულიყო.