საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის ბრძანებით, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული), 16 ნოემბრიდან, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გათავისუფლდა, თუმცა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა შეუნარჩუნდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მეუფე ზენონი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიას 13 წლის განმავლობაში მართავდა.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადების თანახმად, გადაწყვეტილების მიზეზი დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გახდა.
„სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ბრძანებით, 2022 წლის 15 ნოემბერს დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საპატრიარქოში შედგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური კომისიის სხდომა.
კომისიამ იმსჯელა ზემოხსენებული საკითხის შესახებ. კერძოდ, ითქვა, რომ აღნიშნული ეპარქიის მთავარეპისკოპოს ზენონს (იარაჯული) მიმდინარე წლის 26 სექტემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ გაეგზავნა წერილი თხოვნით, ახლო მომავალში ჩამოსულიყო საქართველოში, რათა მისი მხრიდანაც მომხდარიყო ინფორმაციის მოწოდება შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით.
მეუფე ზენონმა, დაგეგმილი საქმიანი შეხვედრების საბაბით, 10 ნოემბრამდე გადადო გამომგზავრება, თუმცა დათქმულ დროსაც არ ჩამოვიდა მიზეზის აუხსნელად და კვლავ გადადო ჩამოსვლა გაურკვეველი ვადით.
კომისიამ არასაპატიოდ მიიჩნია მთავარეპისკოპოს ზენონის ეს ქმედება და ეპარქიაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით, მის დაუსწრებლად შეუდგა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის სამრევლოში განვითარებული მოვლენების შესწავლას.
წმინდა სინოდის წევრები დეტალურად გაეცნენ არსებულ ვითარებას და მიიჩნიეს, რომ მთავარეპისკოპოსი ზენონი უნდა გათავისუფლდეს საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიიდან.
აღნიშნულის შესახებ კომისიის დასკვნა გადაეცა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, როგორც საქართველოს ეკლესიის სინოდიდან სინოდამდე პერიოდში უმაღლეს საეკლესიო მმართველს.
უწმინდესისა და უნეტარესის 2022 წლის 16 ნოემბრის ბრძანების საფუძველზე, დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მღვდელმთავარი, მთავარეპისკოპოსი ზენონი (იარაჯული) 2022 წლის 16 ნოემბრიდან გათავისუფლებულ იქნა საქართველოს ეკლესიის დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან და შეუნარჩუნდა დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპარქიის მმართველობა. საკითხი საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად კი განიხილება წმინდა სინოდის სხდომაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
მთავარეპისკოპოს ზენონსა და ლონდონის ქართული სამრევლოს ნაწილს შორის დაპირისპირება რამდენიმე თვის წინ დაიწყო. სექტემბერში „ლონდონის სამრევლომ“ კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს და კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, მიტროპოლიტ შიოს წერილითაც მიმართა. წერილში მეუფე ზენონს აკრიტიკებდნენ და წერდნენ, რომ მან ლონდონის ტაძარში მოქმედი საკვირაო სკოლა დაკეტა, ხოლო ტაძარს მხოლოდ შაბათ-კვირას აღებდა. წერილის ავტორები ზომების მიღებას და „ტაძარში ლოცვისა და შეკრების საშუალების“ დაბრუნებას ითხოვდნენ. ამასთან, წერილის ავტორები აღნიშნავდნენ, რომ მეუფე ზენონმა ბრიტანეთის მთავრობას პოლიტიკური თავშესაფრის თხოვნით მიმართა, რაც, მათივე განცხადებით, ე.წ. სუს-ის კრებსებს უკავშირდებოდა: „ამ თემაზე პასუხი არ არის გაცემული და ჩვენ არ შეგვიძლია ასეთი ბრალდების მიმართ თვალი დავხუჭოთ. თუ მრევლისთვის ეს არ იქნება გაცხადებული, მოლოდინი გვაქვს, რომ საპატრიარქო დაინტერესდება, შეესაბამება თუ არა ეს სიმართლეს“, - აღნიშნული იყო წერილში.
მეუფე ზენონმა დაუმორჩილებლობასა და მის წინააღმდეგ შეთქმულებაში დაადანაშაულა არქიმანდრიტი დოროთე (ბარბაქაძე) და მღვდელი ნიკოლოზი (მაისურაძე), რომელთაც მღვდელმსახურება შეუჩერა. მთავარეპისკოპოსის განცხადებით, მან არქიმანდრიტ დოროთეს დაავალა აეღო პასუხისმგებლობა „საკვირაო სკოლის“ სრულყოფილ ფუნქციონირებაზე და ეზრუნა მისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისთვის, თუმცა არქიმანდრიტმა „დაკისრებულ პასუხისმგელობას თავი აარიდა“.
„საკვირაო სკოლის პედაგოგ-წარმომადგენლის მხრიდანაც არ იქნა გადადგმული რაიმე ნაბიჯი სკოლისთვის საჭირო პირობების შექმნისა და სავალდებულო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანისათვის. ჩემს მიერ შეთავაზებული აუცილებელი ღონისძიებების ნაცვლად დაიწყო დეზინფორმაციული, ორგანიზებული კამპანია, თითქოს მღვდელმთავარი სკოლის ფუნქციონირების წინააღმდეგი იყოს... თუკი საქართველოს საპატრიარქო დაინტერესდება არქიმანდრიტი დოროთესა (ბარბაქაძე) და მღვდელი ნიკოლოზის (მაისურაძე) ბრალეულობების შინაარსით, მზად ვარ, წარვუდგინო“, - აღნიშნავდა მეუფე ზენონი.
მთავარეპისკოპოსმა უარყო, რომ დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი აქვს მოთხოვნილი. მისი თქმით, ეს ინფორმაცია მასთან დაპირისპირებულმა არქიმანდრიტმა დოროთემ გაავრცელა.
მეუფე ზენონმა, რომელიც წმინდა სინოდის წევრია, სექტემბერში, ქადაგების დროს განაცხადა, რომ საქართველოში არ დაბრუნდება, ვიდრე, ერთი წლის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოჟონილ ფაილებთან დაკავშირებით გამოძიება არ დასრულდება და დამნაშავეები არ დაისჯებიან. სავარაუდოდ სუს-ის ჩანაწერებში (ე.წ. სუს-ის კრებსები“), რომლის ნამდვილობაც არაერთმა პირმა დაადასტურა, მეუფე ზენონიც ბევრჯერ არის ნახსენები, მათ შორის, პირადი ცხოვრების ნაწილში. მთავარეპისკოპოსის თქმით, პროკურატურას მიმართა და გამოძიების დაწყება მოითხოვა, თუმცა ერთი წლის განმავლობაში პროკურორი მხოლოდ ერთხელ დაუკავშირდა და აცნობა, რომ დაზარალებულის სტატუსის მისანიჭებლად საქართველოში უნდა დაბრუნდეს.
„ვუთხარი, ახლა ვერ შევძლებ ჩამოსვლას, რა თქმა უნდა, რაღაც დროის შემდეგ შევძლებ. არის მეორე საკითხიც - პრინციპულადაც, ვიდრე პასუხს არ აგებს დამნაშავე, მე მაგ ქვეყანაში ფეხს არ დავდგამ. ეს არის ჩემი ღირსების საკითხი. თუ ვინმეს ღირსება არ აქვს - ჩემს კოლეგას, მარტივად რომ ვთქვა - ეს მისი პრობლემაა. მე მაქვს ღირსება! ჩემს სულში ვერავინ ვერ აფათურებს ხელებს“, - თქვა მან.
ზენონ იარაჯული არ მიიჩნევა პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერად, არ მონაწილეობს წინასაარჩევნო აქტივობებში და სუს-ის კრებსების მიხედვით, არ არის საპატრიარქოში არსებული რუსული ძალის ნაწილი.
„პატრიარქთან დაახლოებით ათჯერ შევიდნენ, რომ ჩემს წინააღმდეგ რაღაც პროცესში დათანხმება ეიძულებინათ. არც ხელი მიჰყვებოდა და არც გული ჩემს წინააღმდეგ. ვიცი ყველაფერი. საქმე საკმაოდ რთულად არის. ახლა უბრალოდ ველოდები, რომ ეს წერილი მომწერონ.
პირდაპირ ეთერში ვაპირებ ვრცლად საუბარს საერთოდ საკითხებთან დაკავშირებით - რასთან გვაქვს საქმე, ვინ არიან - ამის შესახებ ვილაპარაკებ. ერთი რამ დანამდვილებით ცნობილია, რომ პროცესებს მართავენ ჩხარტიშვილი, დიმიტრი შიოლაშვილი - სამწუხაროდ, შიო მუჯირი და ჯაღმაიძე.
ძალიან ბევრი მაქვს სალაპარაკო და უკვე დროა. ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს შევეხები და გამორიცხულია, რომ ამ ყველაფერს ისე შევხვდე, ვითომც არაფერი ხდება. ნამდვილად ხდება“, - განაცხადა „მთავარი არხის“ ეთერში მთავარეპისკოპოსმა ზენონმა.