ემიგრანტების მონაწილეობა არჩევნების შედეგებისთვის არსებითია - „ჩემი ხმა“ ცესკოს მიმართავს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„აღმაშფოთებელია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ხმის უფლების შეზღუდვის ფაქტი. მიგვაჩნია, რომ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას აქვს საკანონმდებლო ბერკეტი, რათა არჩევნებში მონაწილეობის შესაძლებლობა მისცეს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე რეგისტრაციის არმქონე დევნილ და არა დევნილ თანამოქალაქეებს სპეციალურ საარჩევნო სიაში შეყვანის გზით“, - სადამკვირვებლო ორგანიზაციების კოალიცია „ჩემი ხმა“ საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვის საკითხს გამოეხმაურა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კოალიციის სპიკერმა, არასამთავრობო ორგანიზაცია „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ არჩევნებში მონაწილეობის უფლება ათასობით ემიგრანტს ეზღუდება.

„მიუხედავად იმისა, რომ საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცესკოს ინსტრუქციების შესაბამისად გაიარეს რეგისტრაცია და საკონსულო აღრიცხვა, მათ ექმნებათ დამატებითი ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული ბარიერები და ვერ ხვდებიან ამომრჩეველთა ერთიან სიაში.

უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები აღნიშნავენ, რომ არ არის გახსნილი სათანადო რაოდენობის უბნები საზღვარგარეთ. ასევე, ხმის მიცემის უფლების გარეშე რჩებიან უცხოეთში მცხოვრები დევნილები, რომელთაც რეგისტრაციის ადგილად მითითებული აქვს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორია.

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობა, მათი რაოდენობის გათვალისწინებით, არჩევნების შედეგებისთვის არსებითია.

თითოეული მათგანის უფლება - მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში უნდა იყოს უზრუნველყოფილი. შესაბამისად, მივმართავთ პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, შეასრულონ მათი როლი და გააკეთონ ყველაფერი საზღვარგარეთ მცხოვრები პირების არჩევნებში მონაწილეობისთვის“, - განაცხადა თოლორაიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

კოალიცია „ჩემი ხმა“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, გაასაჯაროოს შემდეგი ინფორმაცია:

  • საქართველოს რამდენი მოქალაქე იდგა საკონსულო აღრიცხვაზე 2024 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით და მათგან რამდენი სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქის მონაცემი გადასცა ცესკოს;
  • რა მიზეზების გამო არ/ვერ მოხვდა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქე ცესკოსთვის გადაცემულ სიაში. ეს ინფორმაცია გასაჯაროვდეს მიზეზებისა და მოქალაქეთა რაოდენობის მითითებით;
  • საქართველოს რამდენი სრულწლოვანი მოქალაქე დგას დღეის მდგომარეობით საკონსულო აღრიცხვაზე;

გარდა ამისა, სადამკვირვებლო კოალიცია ცენტრალური საარჩევნო კომისიას მოუწოდებს გააკეთოს დეტალური და მკაფიო განმარტებები შემდეგ საკითხებთან დაკავშირებით:

  • რა მიზეზებით ამორიცხა 2516 პირი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მისთვის გადაცემული ამომრჩეველთა სიიდან;
  • საკონსულო აღრიცხვაზე არმყოფმა საზღვარგარეთ მცხოვრებმა რამდენმა საქართველოს მოქალაქემ მიმართა ცესკოს უბნის გახსნის მოთხოვნით და როგორ ამოწმებდა ცესკო განცხადების მიღების დროს იდგნენ თუ არა მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე;
  • საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ცესკოსთვის გადაგზავნილ მონაცემებში მითითებული იყო საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი მოქალაქეების მხოლოდ რაოდენობა ქვეყნების მიხედვით, თუ ეს მონაცემები შეიცავდა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ პირთა რეგისტრაციის მისამართებს და ინფორმაციას მათი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის - კონკრეტული ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის შესახებ;
  • იმის გათვალისწინებით, რომ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მოთხოვნის განხილვის საკანონმდებლო ვადა 5 დღეა, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 ოქტომბერს უნდა გადასცეს საბოლოო სია ცესკოს, რამდენი დღით ადრე უნდა მიმართოს უცხოეთში მცხოვრებმა მოქალაქემ დიპლომატიურ წარმომადგენლობას საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის მოთხოვნით? ცესკოს თავმჯდომარის განცხადებით, საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის ბოლო ვადა არის 7 ოქტომბერი. მოხვდებიან თუ არა სიაში ის ამომრჩევლები, რომლებიც, მაგალითად, 7 ოქტომბერს მიმართავენ საკონსულოს აღრიცხვაზე დადგომის მოთხოვნით, თუ მიმართვა უნდა მომხდარიყო 7 ოქტომბრამდე 5 დღით ადრე;
  • რატომ არ გამოითხოვა ცესკომ საგარეო საქმეთა სამინისტროდან ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების შესახებ ეტაპობრივად და რატომ არ დაიწყო საზღვარგარეთ უბნების შექმნა არჩევნების დანიშვნისთანავე?
  • რატომ არ ხდება საზღვარგარეთ მყოფი იმ პირების ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანა, რომლებიც რეგისტრირებული არიან აფხაზეთის ან ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე ან/და შესაბამისი უწყების გადაწყვეტილებით მოხსნილი აქვთ დევნილის სტატუსი.

ვინაიდან საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე რეგისტრაციის დასრულებამდე დარჩა მხოლოდ 5 დღე, სადამკვირვებლო კოალიცია ცესკოს მოუწოდებს, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინაციით, დაუყოვნებლივ შექმნას და აამუშაოს ცხელი ხაზი საზღვარგარეთ მცხოვრები თანამოქალაქეებისთვის, რათა დროულად, ზედმეტი ბიუროკრატიის გარეშე უზრუნველყოფილი იქნეს არჩევნებში მათი მონაწილეობა.

26 სექტემბერს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ მიწოდებული მონაცემების საფუძველზე, ქვეყნის ფარგლებს გარეთ საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი 65 508 საარჩევნო უფლების მქონე საქართველოს მოქალაქისთვის, 42 ქვეყანაში 60 საარჩევნო უბნის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ცესკოში განაცხადეს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მათ 68 024 ამომრჩევლის სია გადასცა, თუმცა მონაცემების დამუშავების შემდგომ, ამომრჩეველთა სიაში 65 508, ანუ 2516-ით ნაკლები ამომრჩეველი შევიდა. ცესკოს წარმომადგენელთა განცხადებით, ამომრჩეველთა ერთიანი სიიდან პირთა ამორიცხვის საფუძველი გახდა ვალიდური დოკუმენტების არარსებობა.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.