„მე ვამაყობ ჩვენი სასამართლოთი, ვამაყობ ყველა მოსამართლით. ისინი არიან ძალაინ მაღალკვალიფიციური პროფესიონალები, რომლებიც ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას, იცავენ ჩვენს სუვერენიტეტს და ჩვენს ეროვნულ პოლიტიკას... მიუღებელი და დაუშვებელია სუვერენული ქვეყნის დამოუკიდებელ სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევა, ან ნებისმიერი გადაწყვეტილება, ქმედება თუ განცხადება, რომელიც სასამართლოში რაიმე ფორმით ჩარევის აღქმას, განცდას შექმნის“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უზენაეს სასამართლოში, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებთან შეხვედრის შემდეგ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
დღევანდელ დახურულ შეხვედრაზე, რომელსაც წინ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის დასანქცირება უძღოდა, ღარიბაშვილმა მოსამართლეებს „სრული მხარდაჭერა“ გამოუცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, მოისმინა „ძალიან ბევრი ინფორმაცია“, მათ შორის სასამართლოზე გარკვეული ზეწოლის შესახებ.
„ჩემი მთავარი გზავნილი იყო და არის შემდეგი: მე, როგორც მთავრობის მეთაური და მმართველი გუნდის, მმართველი პარტიის წარმომადგენელი, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ყველა მოსამართლეს.
რა თქმა უნდა, მიუღებელია, არ შეიძლება დავუშვათ სუვერენული ქვეყნის სუვერენულ სასამართლოში ნებისმიერი ჩარევა, იქნება ეს შიდა ჩარევა, მთავრობის მხრიდან, თუ სხვა შტოს მხრიდან ჩარევა. ასევე, რა თქმა უნდა, დაუშვებელია სხვა ქვეყნების მხრიდან ჩარევა ჩვენი სასამართლოს შიდა საქმეებში“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ რეფორმების ოთხი ტალღის შედეგად, დღეს ქართული სასამართლო ერთ-ერთი სამაგალითოა ევროკავშირში - თავისუფალია კორუფციისგან, ყოველგვარი ჩარევისგან, ზეწოლისგან, რაც, მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ და მოსამართლეების დამსახურებაა: „2012 წლამდე სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობა იყო რეკორდული, 4000-5000 საქმე იგზავნებოდა სტრასბურგში. რატომ, მეგობრებო? იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები აქ, ადგილზე სამართალს ვერ პოულობდნენ. ეს მარტივი ჭეშმარიტებაა. წელს სტრასბურგში გაგზავნილია მხოლოდ 150 საქმე. ამხელა განსხვავება, ამხელა პროგრესი ეს კიდევ ერთხელ ნიშნავს და ადასტურებს იმას, რომ ნდობა სასამართლოს მიმართ არის აბსოლუტურად გაზრდილი და მოქალაქეები პოულობენ სამართალს ქვეყანაში“.
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გადაწყვეტილება მოსამართლეების სანქცირების შესახებ სამწუხარო და გაუგებარია.
„არათუ მე, არამედ ჩვენი ქვეყნის არცერთ მოქალაქეს არ უნახავს არცერთი მტკიცებულება, რომელიც თან ახლდა ამ გადაწყვეტილებას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდ კითხვის ნიშანს აჩენს ეს გადაწყვეტილება. სამწუხაროა და გაუგებარია. მე ვფიქრობ, რომ სიმართლე გაირკვევა, ჩვენ გვექნება საუბარი ჩვენს პარტნიორებთან და არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩება, მე ამის მჯერა. ეს იყო სიურპრიზი ჩემთვისაც, ჩვენთვისაც. მე არასდროს მომისმენია, რომ რაღაც გარკვეული კითხვები არსებობდა. ალბათ, პირიქით უნდა მომხდარიყო და თუ ასეთი ფაქტები ვინმეს აქვს, ჩვენ, რა თქმა უნდა, ყოველთვის მზად ვართ, რომ მოვისმინოთ.
ყველა მოსამართლე, რომელზეც ეს გადაწყვეტილება გავრცელდა, მე ვიცი და ყველამ ვიცით, რომ ეს ადამიანები არიან ძალიან მაღალკვალიფიციური, პროფესიონალი მოსამართლეები, რომლებიც მთელი თავისი შეგნებით ემსახურებიან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას, სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ აღნიშნულს არ ექნება რაიმე გავლენა [მოსამართლეების პროფესიულ მომავალზე]. ყველა ხელისუფალის და თითოეული მოქალქის ვალებულება უნდა იყოს და ჩვენი მოვალეობაა, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ჩვენს მოსამართლეებს მათი ინტერესების დაცვაში და სასამართლოს დაცვაში. ამას მე, როგორც პრემიერ-მინისტრი, ვაკეთებ და ხვალაც გავაკეთებ კიდევ უფრო მეტი შემართებით“, - თქვა ღარიბაშვილმა.
ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრს ჰკითხა, თუ რისგან იცავს ქართულ სასამართლოს, რაზეც ღარიბაშვილის პასუხი იყო:
„ჯერ ერთი, თქვენ, როგორც მოქალაქეს, უნდა გქონდეთ სიამაყის განცდა იმის გამო, რომ ჩვენი სასამართლო ბევრ ევროპულ სასამართლოზე წინ დგას. მე გთხოვთ, რომ ყველამ ძალიან დიდი პატივისცემით მოიხსენიოთ ყველა მოსამართლე.
თქვენ ყველა მოსამართლე უნდა მოიხსენიოთ დიდი პატივისცემით და მიმართოთ პატივისცემით. ამას მოვითხოვ მე, როგორც პრემიერ-მინისტრი.
მეორე - მართლმსაჯულების ყველა ინდექსის მიხედვით და მათ შორის, კორუფციის აღქმის რეიტინგებში, ჩვენი ქვეყანა ევროკავშირის წევრ 11 და NATO-ს წევრ 13 ქვეყანას უსწრებს. ჩვენი მოქალაქეების ნდობა სასამართლოს მიმართ ისტორიულ მაქსიმუმზეა, რაც არ იყო თქვენი ტელევიზიის მეპატრონის მმართველობის დროს. რაც შეეხება ჩემს ნათქვამს, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მე როგორც მთავრობის მეთაური, გავაკეთებ მაქსიმუმს, რომ სასამართლო იყოს დაცული როგორც საშინაო, ასევე საგარეო ჩარევებისგან“.
5 აპრილს, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა სამ მოქმედ და ერთი ყოფილ ქართველ მოსამართლეს - მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძეს, ასევე მათ უშუალო ოჯახის წევრებს, აშშ-ში შესვლა აუკრძალა მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის გამო. დეპრტამენტის განმარტებით, აღნიშნულმა პირებმა, ბოროტად გამოიყენეს მათი თანამდებობა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეებმა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა, რითაც ზიანი მიაყენეს სამართლის უზენაესობასა და საზოგადოების ნდობას საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ.