ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერი და სამოქალაქო აქტივისტი დავით ქაცარავა, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა 14 მაისს, პარლამენტთან, აქციაზე უკანონოდ დააკავეს, ამბობს, რომ დაკავების შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში უმოწყალოდ ცემდნენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 4 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 5 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
- 6 მოხელის შეფასება 6 თვეში ერთხელ და ხელფასის 20%-ის დაკავება - რა ცვლილებები მიიღო „ოცნებამ“
„4-ჯერ მცემეს სასტიკად და უმოწყალოდ. მირტყამდნენ დამიზნებით თავის არეში და განსაკუთრებით თვალში. პირველად დაახლოებით 10-მა კაცმა მცემა. შემდეგ შემაგდეს მინივენში, სადაც ყოველ 10-15 წუთში შემოდიოდნენ, 3-4 „ვაჟკაცი“ და სასტიკად მცემდნენ მანქანაში.
მეოთხე ცემაზე, როცა ნახეს, რომ შედეგი უკვე დამაკმაყოფილებელი იყო და მთლიანად დასისხლიანებული ვიყავი, ახლოდან გადამიღეს ფოტოები და ასეთი ფრაზაც გავიგე, რომ ახლა გადავუგზავნოთ, ვანახოთო. ეს იყო დაკვეთა.
უხეში ფორმებით მისვამდნენ კითხვებს, რატომ დაეთრევი აქციებზე, რა გინდა ოკუპაციის ხაზთან რომ მიდიხარ და ამას მოჰყვებოდა გინება და ა.შ“, - იხსენებს დავით ქაცარავა მასზე ძალადობას.
დავით ქაცარავა პირველი სკოლის წინ, დაახლოებით 17:20 საათზე დააკავეს. ის სიტყვით მიმართავდა პოლიციას და სპეცრაზმელებს, რომლებმაც პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირიდან მომიტინგეები ძალის გამოყენებით განდევნეს მას შემდეგ, რაც შსს-მ დემონსტრანტებს ბრალი დასდო, რომ ისინი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უნებართვო შეჭრას ცდილობდნენ.
„40 კილომეტრში რუსები გვიდგანან აქ და თქვენ რუსების დამცველებად იქეცით. რა კანონს მოაწერეს ამათ ხელი, გადასარევად იცით“, - თქვა ქაცარავამ, რა დროსაც მას შინაგან საქმეთა სამინისტროს ნიღბიანი წარმომადგენლები ეცნენ და წაიყვანეს. სახეში დიდი რაოდენობით წიწაკის სპრეი შეასხეს სხვა დემონსტრანტებს, რომლებიც ქაცარავას გვერდით იდგნენ, „ინტერპრესნიუსის“ ფოტორეპორტიორს გიორგი ჟამერაშვილს კი, რომელიც ქაცარავას დაკავებას და შემდეგ მასზე ძალადობის ფაქტის გადაღებას ცდილობდა, ხელკეტი დაარტყეს.
ამის მიუხედავად, საქართველოს პრემიერ მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ქაცარავა პოლიციას შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა.
„ამ შემთხვევაში იყო შეურაცხყოფის ფაქტი, გინების ფაქტი. ეს არ არის გამართლება, ამას არ ვამბობ, მაგრამ როდესაც არის თუნდაც შეურაცხყოფა და ძალადობა, სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებს მართებთ მაქსიმალური მოთმინება. ეს არის კიდევ ერთხელ ჩემი მოწოდება“, - განაცხადა კობახიძემ.
დავით ქაცარავა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სხეულის მრავლობითი დაზიანებების გამო საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში მიყვანიდან მალევე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ის ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ქაცარავას ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი იცავს. მან „საქართველოს ამბებს“ უთხრა, რომ ცემის შედეგად მიყენებული დაზიანებების ხარისხი მძიმეა.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს დამტვრეული აქვს სახის, ყვრიმალის, ყბის ძვლები. თვალი აქვს დაზიანებული. ტვინის შერყევა აქვს.
სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ჯერ არ დაუკითხავს, რადგან ხანგრძლივად საუბარი არ შეუძლია“, - ადვოკატი გეგმავს პროკურატურას მოსთხოვოს შსს-ს იმ დანაყოფის ხელმძღვანელის მიმართ გამოძიების დაწყება, რომლის წევრებიც ქაცარავას ფიზიკურად გაუსწორდნენ.
რუსული კანონის წინააღმდეგ ერთი თვეა მრავალათასიანი საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. შსს-ს წარმომადგენლებმა სასტიკად სცემეს პარლამენტის წევრებს ლევან ხაბეიშვილს და ალექსანდრე ელისაშვილს, ასევე, სხვა მომიტინგეებს. პროკურატურას ძალადობის არცერთი ფაქტი არ აქვს გამოძიებული და არავინ არის მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში.