ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭომ, რომელიც წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებისგან შედგება, საქართველოში საპარლამენტო არჩევნების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე იმსჯელა, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში დემოკრატიულ უკუსვლასა და მის შედეგებზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 23 ოქტომბერს თბილისში „ქართული ოცნების“ აქცია გაიმართება
- 4 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
შეხვედრის დასრულების შემდეგ საბჭოს თავმჯდომარემ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ქვეყანა დააშორეს ევროკავშირის გზას, რითაც ქართველი ხალხის მისწრაფებებისა და ქვეყნის მიზნების წინააღმდეგ წავიდნენ.
„გვსურს, რომ საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას და ეს ძალისხმევას მოითხოვს. ჩვენ გავგზავნით მისიას საქართველოში. ვიმსჯელებთ დარღვევებზე. არჩევნები გამოძიებული უნდა იქნეს. მთავრობამ უნდა მოახდინოს გადამწყვეტი ცვლილებები კონკრეტული ქმედებებით. საქართველო ევროკავშირთან ურთიერთობაში ძლიერი ცვლილებების გარეშე ვერ წავა წინ.
ჩვენ მოვიწვევთ საქართველოში უთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) ხელმძღვანელს, რათა მან წევრ სახელმწიფოებს წარუდგინოს თავისი შეფასება საარჩევნო დარღვევების შესახებ. ჩვენ მოვიწვევთ პოლიტიკური და უშიშროების კომიტეტის საბჭოს სხდომას, რათა წევრმა სახელმწიფოებმა იცოდნენ, რაზე ვსაუბრობთ, როდესაც ვლაპარაკობთ ამ არჩევნებთან დაკავშირებულ დარღვევებზე.
საქართველოს ხალხს მინდა გავუმეორო, რაც გასულ წელს, ჩემი საქართველოში ვიზიტისას ვთქვი: ევროკავშირის კარი ღია დარჩება საქართველოსთვის, მაგრამ საქართველოს მთავრობის კურსი, როდესაც საქმე ეხება კანონის უზენაესობის პატივისცემასა და ძირითადი პრინციპების დაცვას, თვალსაზრისით, მათ შორის იმას, თუ როგორ ჩატარდა არჩევნები, აშორებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას“, განაცხადა ჯოზეფ ბორელმა პრესკონფერენციაზე.
ბორელის თქმით, მისია, რომელიც გამოგზავნაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნების შესწავლის მიზნით იგეგმება, პოლიტიკური და ტექნიკური მისია იქნება.
„ეს არის ტექნიკური მისია, რომელიც მიზნად ისახავს ამ სადავო არჩევნების გარშემო არსებული ყველა გარემოების ადგილზე გაანალიზებას.
სადავო არჩევნები, რომელიც არც მეტი, არც ნაკლები, პრეზიდენტის დონეზე გახდა სადავო, რა თქმა უნდა, ევროპაში აშკარა შეშფოთებას იწვევს არადემოკრატიული სიტუაციებისკენ სვლის გამო.
ეს დარღვევები უნდა შემოწმდეს და გაანალიზდეს. სწორედ ამისთვისაა ტექნიკური მისიები. ჩვენ განვიხილავთ ყველა ბრალდებას და ყველა გარემოებას, რაც მოხდა ამ უაღრესად საკამათო არჩევნებში. სხვას ვერაფერს გეტყვით, მხოლოდ იმას გეუბნებით, რომ საქართველოს ხალხის დემოკრატიული მისწრაფებები უნდა დაკმაყოფილდეს და აუცილებელია ნათელი მოეფინოს ყველა იმ გარემოებას, რაც მოხდა ამ არჩევნებზე. მაგრამ მე ვერ ვიწინასწარმეტყველებ იმ სამუშაოს შედეგებს, რომელიც შესრულდება“, აღნიშნა ბორელმა ჟურნალისტის შეკითხვის საპასუხოდ.
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საქართველოს მთავრობისთვის შეწყვეტილ დახმარებაზეც ისაუბრა.
„ჩვენ გავაუქმეთ ევროპული სამშვიდობო ფონდიდან საქართველოს შეიარაღებული ძალებისთვის გათვალისწინებული დახმარება. ჩვენ ასევე გავაუქმეთ 121 მილიონი ევროს მხარდაჭერა საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც პირდაპირ საქართველოს მთავრობაზე მიდიოდა და ის გამოიყოფა პროგრამებზე, რომლებსაც უშუალოდ სამოქალაქო საზოგადოებისა და ქართველი ხალხისთვის მოაქვს სარგებელი.
ჩვენ შევისწავლით ყველა იმ დარღვევას, რომელიც დაგმობილი იქნა, მოვიწვევთ ODIHR-ის, საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის ლიდერს, რათა აგვიხსნას რა ხდებოდა. როგორც დაუყოვნებელი ღონისძიება, ჩვენ გადავწყვიტეთ, გავაუქმოთ ფინანსური მხარდაჭერა“, - თქვა ბორელმა.