„ევროკავშირის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში გზებზე სიკვდილიანობა 2.7-ჯერ მეტია. საქართველოში 100 000 მოსახლეზე ყოველწლიურად 12 ადამიანის გარდაცვალების შემთხვევა ფიქსირდება, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელი 4.4-ია“, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ პარლამენტში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შესახებ კანონპროექტის წარდგენისას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 4 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- 5 აქციაზე ტელეკომპანია „პირველის“ ჟურნალისტი მარიამ გაფრინდაშვილი დაშავდა
- 6 17 მოსამართლე: საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას ალტერნატივა არ აქვს
გზებზე სიკვდილიანობის გამომწვევი ძირითადი მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, 2010-დან 2019 წლამდე, სიჩქარის გადაჭარბების მაჩვენებელი ყოველ წელს იზრდებოდა და 2019 წელს ნახევარ მილიონს გასცდა.
„2019 წლის განმავლობაში ქვეყანაში სიჩქარის გადაჭარბების 586 601 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც სახელმწიფოს მხრიდან ეფექტური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს. თუ საერთაშორისო კვლევებს ავიღებთ, სიჩქარის 1%-ით შემცირება საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების 2%-იან შემცირებას იწვევს, ხოლო სერიოზული დაზიანებების 3%-იან და სიკვდილიანობის 4%-იან შემცირებას.
მეორე მიზეზი, რაც გზებზე სიკვდილიანობას იწვევს, ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომობილის მართვაა. სამწუხაროდ, თუ გადავხედავთ სასიკვდილო საგზაო შემთხვევების ანალიზს, შემთხვევების 25%-ში მიზეზი სწორედ სიმთვრალის მდგომარეობაში ავტომობილის მართვა იყო და ასევე, სხვა პრობლემები.
გასულ წლის ნოემბერში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შევიდა. იმ შემთხვევაში, როდესაც პირს მართვის უფლება შეჩერებული აქვს და კვლავ ნასვამ მდგომარეობაში ჯდება საჭესთან, გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პატიმრობა. მიუხედავად იმისა, რომ ნოემბრიდან არც ისე დიდი დროა გასული, დღეის მდგომარეობით უკვე გვყავს 772-ზე მეტი პირი, ვისაც სასამართლომ აღნიშნული ქმედებისთვის ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
772 ადამიანი, რომელსაც სახელმწიფომ ერთხელ უკვე შეუზღუდა მართვის უფლება, მართვის მოწმობის გარეშე არა თუ დაჯდა საჭესთან, არამედ ნასვამი დაჯდა. ეს იმ ფონზე, რომ მანამდე [ცვლილებების მიღებამდე] მსგავსი შემთხვევების რაოდენობა სამჯერ და ოთხჯერ მეტი იყო. ბოლო პერიოდში რუსთავში მოხდა ასეთი შემთხვევა - 15 წამი იყო დარჩენილი წითელზე, როდესაც ნასვამმა მძღოლმა გზაჯვარედინზე გაიარა. შედეგად დედა და ბავშვი დაიღუპნენ“, - განაცხადა დარახველიძემ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თვითმიზანი ჯარიმების გაზრდა არ არის, თუმცა ეს ყველაზე ეფექტური მექანიზმია სიჩქარის გადაჭარბების და გზებზე სიკვდილის პრევენციისთვის:
„როდესაც ევროპაში გზებზე სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს და 2.7-ჯერ აღემატება ჩვენი ქვეყნის მაჩვენებელი... კი, შეიძლება დავაბრალოთ, რომ გზები არ არის გამართული. გზების მიმართულებით რომ ინვესტიციები განხორციელდა და ფული იხარჯება, ალბათ, უპრეცედენტოა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ყველას კარგად გვახსოვს, რომ სანამ ავტობანზე კამერები არ დაყენდა, მანამდე დღე არ გავიდოდა, გზაზე ორი-სამი ადამიანი არ დაღუპულიყო, იმის მიუხედავად, რომ ძალიან კარგი გზები იყო. როდესაც კამერებმა დაიწყეს საშუალო სიჩქარის გაზომვა, კარდინალურად შეიცვალა ციფრები და მინიმუმამდე ჩამოვიდა.
სადაც ვიდეოჯარიმის კამერები არ აყენია, იქ ყველაზე მეტი შემთხვევაა. სადაც საპატრულო პოლიცია ხშირად არ მოძრაობს, იქ ყველაზე მეტია ავარიები და ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვა. ეს არის რეალობა“.
კანონპროექტის მიხედვით, სიჩქარის გადაჭარბებისთვის სანქცია გამკაცრდება. კერძოდ, დადგენილი სიჩქარის 40კმ/სთ-ზე მეტით გადაჭარბება, 150 ლარის ნაცვლად, 300 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს.
თუ სიჩქარის გადაჭარბებას საავარიო ვითარების შექმნა მოჰყვება, მძღოლი 300 ლარის ნაცვლად, 400 ლარის ოდენობით დაჯარიმდება, ხოლო თუ სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება - ჯარიმა 500 ლარის ნაცვლად, 600 ლარი იქნება.
სიჩქარის გადაჭარბება იმ პირის მიერ, რომელიც მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, საქალაქთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ან საერთაშორისო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას ახორციელებს, გამოიწვევს დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, ნაცვლად 300 ლარისა.
კანონპროექტი ეხება ალკოტესტის პასუხების გასაჩივრებასაც. მოქმედი კანონმდებლობით, თუ მძღოლის სისხლში ეთანოლის შემცველობა არანაკლებ 0.3 და არაუმეტეს 0.7 პრომილეა, მძოლს მართვის უფლება 6 თვით უჩერდება, ხოლო უფრო მაღალი შემცველობის შემთხვევაში - ერთი წლით. მძღოლს ალკოტესტის შედეგის გასაჩივრება და ალტერნატიული ექსპერტიზის პარუხის წარდგენა ორი საათის განმავლობაში შეუძლია. ალექსანდრე დარახველიძის თქმით, ამ დროში ეთანოლის შემცველობა ბუნებრივად იკლებს და გამოდის, რომ თუკი 0.3-ს ჩამოსცდება, პოლიციამ ავტომატურად ჯარიმა უნდა გააუქმოს.
„ვიღებთ სტანდარტს, რომ დასაშვებია ადამიანის ორგანიზმში ეთანოლის შემცველობამ 0.15 პრომილეთი დაიკლოს და როდესაც შედეგებს მოიტანს, რამდენი საათიც არის გასული, იმდენი 0.15 პრომილე დაემატება. თუ შედეგი საწყის მაჩვენებელს გადასცდა, ჯარიმა ძალაში დარჩება“, - განმარტა დარახველიძემ.
კანონპროექტის მიხედვით, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას მართავს ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში და თავს არიდებს შინაგან საქმეთა ორგანოს ან ადმინისტრაციული სასამართლოს (მოსამართლის) გამოძახებით გამოცხადებას, შესაძლებელი იქნება შინაგან საქმეთა ორგანოს მიერ მისი იძულებით მიყვანა.
სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მიხედვით (ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა)
2021 წელს, საქართველოში 5862 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაა რეგისტრირებული. დაიღუპა 449 ადამიანი, დაშავდა 7705. 2022 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით რეგისტრირებულია 2572 შემთხვევა, დაიღუპა 221 ადამიანი, დაშავდა 3538.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით, გასულ წელს რეგისტრირებულია 39288 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა. წელს იანვრიდან ივნისის ჩათვლით, 19 708 შემთხვევა.