ტვ „პირველის“ ოპერატორი ლაშა ჯიოშვილი ფეისბუქზე პოლიციელის შეურაცხყოფის საბაბით, 3000 ლარით დააჯარიმეს. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით პაპუაშვილმა ჯოშვილი სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედებისთვის, რაც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიტყვიერ შეურაცხყოფას გულისხმობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან ღამე გაათენეს
ლაშა ჯიოშვილმა 6 აპრილს, ფეისბუქში, საკუთარ პროფილზე გამოაქვეყნა ვიდეოები, რომლითაც პოლიციელებს საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაში ამხელს. ამავე პოსტში მან შინაგან საქმეთა სამინისტრო მონიშნა და რეაგირების არქონისთვის უწყების მისამართით შეიგინა. 8 აპრილს პოლიციამ ჯიოშვილს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა პოლიციელის შეურაცხყოფის მოტივით.
„ეს მუხლი ითვალისწინებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის შეურაცხყოფას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ან სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით. ლაშა ჯიოშვილს კონკრეტული პოლიციელისთვის არანაირი შეურაცხყოფა არ მიუყენებია. მან პროტესტი და უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა სამინისტროს მიმართ. გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებთ“, - თქვა ადვოკატმა ლექსო მერებაშვილმა.
„ქართული ოცნების“ პარლამენტმა 173-ე მუხლს მე-2 ნაწილი გაზაფხულზე დაამატა, ივანიშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ უწყვეტი საპროტესტო აქციების გამო. სანქციად განისაზღვრა 2000-დან 5000 ლარამდე ოდენობით ჯარიმა ან ადმინისტრაციულ პატიმრობა 60 დღემდე ვადით.
მანამდე არსებული მოწესრიგებით, სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მიმართ სიტყვიერი შეურაცხყოფა ან/და სხვა შეურაცხმყოფელი ქმედების განხორციელება (გარდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული შემთხვევისა) გათვალისწინებული იყო 173-ე მუხლის პირველი ნაწილით. სამართალდარღვევა ითვალისწინებდა 2000-დან 3000 ლარამდე ოდენობით ჯარიმას ან 15 დღემდე ვადით ადმინისტრაციულ პატიმრობას.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლის პირველი ნაწილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში 2022 წელს აქვს გასაჩივრებული ონლაინპლატფორმა „მაუწყებლის“ ჟურნალისტს გიორგი არობელიძეს. ბათუმის საქალაქო სასამართლომ ის 2022 წლის 28 თებერვალს, 2000 ლარით დააჯარიმა. დადგენილების თანახმად, „გიორგი არობელიძე საკუთარი ქმედებით ჩაერია საპოლიციო ოპერაციის განხორციელებაში. იგი შეძახილითა და მოწოდებით სთხოვდა პოლიციის თანამშრომლებს შეეწყვიტათ გ.ლ-ს დაკავება“.
კონსტიტუციური სარჩელის ავტორი მიიჩნევს, რომ სადავო მუხლის შინაარსი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლს, რომლითაც „აზრისა და მისი გამოხატვის თავისუფლება დაცულია. დაუშვებელია ადამიანის დევნა აზრისა და მისი გამოხატვის გამო.“
საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის წარდგენიდან თითქმის სამი წელი გავიდა და ჯერ პირველი, მოსამზადებელი სხდომაც კი არ გამართულა.
