გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში რუსეთის ფედერაციის მუდმივი წარმომადგენლის პირველმა მოადგილემ, დმიტრი პოლიანსკიმ გაეროში გამართულ ბრიფინგზე „ქართული ოცნების“ ის განცხადება წაიკითხა, რომელშიც საქართველოს მმართველი პარტია ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს 2008 წლის აგვისტოში ომის დაწყებაში ადანაშაულებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
პოლიანსკიმ პრესის წინაშე განცხადება 14 აგვისტოს გააკეთა, რაც წინ უძღოდა აგვისტოს ომის 16 წლისთავთან დაკავშირებით გაეროს უშიშროების საბჭოს წევრების ერთობლივ განცხადებას და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განგრძობითი დარღვევის დაგმობას.
„უპირველეს ყოვლისა, ყოველ წელს ძალიან გაკვირვებულები ვართ ჩვენი დასავლელი კოლეგების მანიაკალური სურვილით, განიხილონ სააკაშვილის მიერ 2008 წელს სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის საკითხი. გამჟღავნებული ფაქტების და საქართველოს ხელისუფლების პოზიციის გათვალისწინებით, ეს სულ უფრო მეტად მოგვაგონებს მაზოხისტურ პრაქტიკებს.
მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. უბრალოდ, თქვენი ნებართვით მოვიყვან საქართველოს მმართველი პარტიის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს განცხადებას. ეს პირდაპირი ციტატაა:
„ქართული საზოგადოების უდიდეს ნაწილს სააკაშვილის ადეკვატურობაში სამართლიანად ეპარება ეჭვი. თუმცა, ფაქტია, რომ 2008 წლის აგვისტოში სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებები არა მისი ფსიქიკური გაუწონასწორებლობის, არამედ გარედან დაკვეთილი და კარგად დაგეგმილი ღალატის შედეგი იყო. საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, წარიმართოს საჯარო სამართლებრივი პროცესი და საზოგადოებამ ერთხელ და სამუდამოდ გაიგოს, ვინ ჩაიდინა უმძიმესი მოღალატეობრივი დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ხალხის წინაშე“.
შეეცადეთ გაიხსენოთ ეს სიტყვები, როდესაც ჩვენი დასავლელი კოლეგები მოგვიანებით შემოვლენ ამ ოთახში და მოგატყუებენ, რა მოხდა იმ მომენტში“, - განაცხადა დმიტრი პოლიანსკიმ.
რუსეთის წარმომადგენლის ამ გამოსვლის შემდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს წევრმა სახელმწიფოებმა - საფრანგეთმა, იაპონიამ, სლოვენიამ, დიდმა ბრიტანეთმა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მალტამ, ასევე უშიშროების საბჭოს მომავალმა წევრებმა – საბერძნეთმა და დანიამ ერთობლივი განცხადება გააკეთეს. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოსადმი მხარდაჭერა და დაგმეს რუსეთის შეჭრა და უკანონო ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.
„16 წელი გავიდა რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან საქართველოს სუვერენულ ტერიტორიებზე, აფხაზეთსა და ცხინვალის/სამხრეთ ოსეთის რეგიონებში და შემდგომი უკანონო სამხედრო ყოფნიდან.
2008 წლის აგვისტოში საქართველოში რუსეთის შეჭრამ გამოავლინა რუსეთის პოლიტიკის უფრო აგრესიული ტენდენცია თავისი მეზობლებისა და ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურის მიმართ.
როგორც დღეს ჩვენ, ყველანი ვხედავთ, რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული და გაუმართლებელი აგრესიით, რუსეთმა განაგრძო ეს გზა. ჩვენ მტკიცედ ვადასტურებთ საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ჩვენ ვგმობთ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის განგრძობით უხეშ დარღვევას. ჩვენ ასევე ვგმობთ რუსეთის უხეშ შეჭრას და უკანონო სამხედრო ყოფნას აფხაზეთსა და ცხინვალის, სამხრეთ ოსეთის რეგიონებში, რაც ეწინააღმდეგება გაეროს წესდებას.
ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია და რუსეთი დგამს ნაბიჯებს ამ რეგიონებში პოლიტიკურ, სამხედრო, სასამართლო, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში ჩარევის გზით, მათ შორის, ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულებების ხელმოწერით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბიჭვინთის კურორტის, სოხუმის აეროპორტისა და ოჩამჩირის პორტის რუსეთის ფედერაციისთვის გადაცემით, არაკანონიერი ე.წ. არჩევნების ჩატარებით.
ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ ვგმობთ რუსეთის მუდმივ პროვოკაციებს საქართველოს ტერიტორიაზე, მის ტერიტორიულ წყლებსა და საჰაერო სივრცეში წვრთნების გაგრძელებას, ოჩამჩირეში მუდმივი საზღვაო ბაზის შექმნისთვის გადადგმულ ნაბიჯებს, რომელიც მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის საქართველოს და, უფრო ფართოდ, შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებას, ასევე, მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის პროცესის გააქტიურებას, რომელიც ყოფს საქართველოს შიდა რეგიონებს, ადგილობრივი მოსახლეობის უკანონო დაკავებასა და გატაცებას, გადაადგილების თავისუფლებაში ჩარევას და ე.წ. გადასასვლელების მუდმივ დაკეტვას, ეთნიკური ქართველების მიმართ დისკრიმინაციას, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვასა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის მიზანმიმართულ დაზიანებას“, - განაცხადა მალტის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, ფრანჩესკა გატიმ, უშიშროების საბჭოს წევრების სახელით.
გაეროს უშიშროების საბჭოს წევრებმა ასევე დაგმეს საქართველოს მოქალაქეების - დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის, თამაზ გინტურისა და ვიტალი კარბაიას მკვლელობები, ასევე, აფხაზეთში, რუსეთის სამხედრო ბაზაზე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება.
„ქართული ოცნება“ ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის გამოძიებას და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დასჯას აანონსებს. როგორც მმართველ პარტიაში განაცხადეს, მას შემდეგ, რაც საერთაშორისო სასამართლოებში ყველა დავა საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და აღარ არსებობს „თუნდაც ერთი ქართველი ჯარისკაცისთვის“ პასუხისმგებლობის დაკისრების რისკი, დადგა დრო, ყველა ფაქტს „სრულფასოვანი სამართლებრივი შეფასება მიეცეს“.