გახარიას პარტია: ეს იქნება არჩევნები, რომელსაც ხელისუფლება რუსეთის დახმარებით ჩაატარებს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის გუშინდელი განცხადება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ჩარევისა და არჩევნების გაყალბებაში „ქართული ოცნების“ დახმარების პირდაპირი მცდელობაა, რასაც აუცილებლად ექნება გაგრძელება.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

ყოფილი პრემიერ-მინისტრის პარტიაში აღნიშნავენ, რომ რუსული დაზვერვის განცხადების თანხვედრა „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელ განცხადებებთან, ნათლად ადასტურებს, რომ ხელისუფლებას არჩევნების გაყალბების კომპლექსური პროცესი მოსკოვთან აქვს კოორდინირებული.

„გაყალბების და ამომრჩეველზე ზეგავლენის მთავარ ინსტრუმენტს რუსული სტილის პროპაგანდა წარმოადგენს, რომლის თანახმად, დასავლეთი არჩევნებში ჩარევას და რევოლუციას გეგმავს.

აღნიშნულ სიყალბეს, რომელიც სინამდვილეში არჩევნებში რუსეთის ჩარევის გადასაფარად არის გამოგონილი, აქტიურად ავრცელებენ სამთავრობო პროპაგანდისტული არხები, ე.წ. ექსპერტები, ტროლ-ბოტები და „ოცნების“ უმაღლესი თანამდებობის პირები - ისინი დასავლეთს რევოლუციის მცდელობაში და ქვეყნის სუვერენიტეტის მტრობაში ადანაშაულებენ, ხოლო რუსეთს სუვერენიტეტის გარანტად მოიხსენიებენ და ეს მაშინ, როცა დასავლეთი უკვე 30 წელია ჩვენს სუვერენიტეტს იცავს რუსეთისგან, რომელსაც ჩვენი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული.

არჩევნებში რუსეთის ჩარევის კონტექსტში არ უნდა დაგვავიწყდეს რუსეთის აგენტობისთვის სანქცირებული და ამჟამად რუსეთში მყოფი, კრემლთან დაახლოებული, ყოფილი გენერალური პროკურორის [ოთარ ფარცხალაძე - რედ.] გავლენები რიგ ძალოვან უწყებებზე, რომლებსაც კრიტიკული როლი აქვთ არჩევნების გაყალბებაში. ამ მხრივ საყურადღებოა სუს-ის როლი, რომელმაც ყველაფერი გააკეთა რუსეთის აგენტის ქვეყნიდან გასაყვანად“, - აცხადებენ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტიაში.

მათივე თქმით, ამ პირობებში ყველა აქტორის ყურადღება არჩევნების დაცვაზე უნდა იყოს გადატანილი, რადგან ოქტომბრის არჩევნები არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები:

„ეს იქნება პირველი არჩევნები, რომელსაც აბსოლუტური ძალაუფლების მქონე ხელისუფლება რუსეთის დახმარებით ჩაატარებს. ამ არჩევნებზე გადაწყდება არა მხოლოდ ევროპული მომავლის დაცვის, არამედ სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხი“.

გუშინ, 9 ივლისს, რუსეთის ფედერაციის საგარეო დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ს საქართველოში ხელისუფლების შეცვლა აქვს გადაწყვეტილი და უკვე შემუშავებულია კამპანია „ქართული ოცნების“ დისკრედიტაციისთვის. რუსული დაზვერვის მტკიცებით, „ამერიკელმა კურატორებმა“ საქართველოში ოპოზიციურ ძალებს მისცეს „ბრძანება“, დაიწყონ საპროტესტო აქციების დაგეგმვა, რაც არჩევნებს უნდა დაემთხვას. დაზვერვის განცხადებაში, რომელიც რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა, ასევე ვკითხულობთ, რომ „პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უნდა ითამაშოს მთავარი როლი ანტისახელმწიფოებრივი განწყობების გაღვივებაში“.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა ამ საკითხზე დასმული შეკითხვის პასუხად თქვა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთი აყენებს მსგავს ბრალდებებს საქართველოსა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში აშშ-ის ჩართულობასთან დაკავშირებით, რაც სავსებით მცდარი და აბსურდულია. მილერის თქმით, ირონიულია, რომ რუსეთი, რომელსაც უკანოდ აქვს ოკუპირებული საქართველოს 20%, ამ აბსურდულ ბრალდებებს სხვა ქვეყანას უყენებს.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს რუსული დაზვერვის განცხადებებთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ. ამასთან, პარლამენტში „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუა თქვა, რომ „გარკვეული გავლენიანი ჯგუფები, რომელთაც გავლენა, მათ შორის, ელჩებზეც აქვთ, ცდილობენ არჩევნებზე რევოლუცია მოაწყონ“.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.