საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ პარლამენტში შეიტანს კანონპროექტს „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანი საქართველოში რუსეთის ფარული გავლენების გამოაშკარავებაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
როგორც პარლამენტში დღეს გამართულ ბრიფინგზე დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, ე.წ. „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტით „ქართული ოცნება“ სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებსა და მეგობრებს.
„საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის ნათელია, რომ ოკუპანტი არის რუსეთი, რომელიც იყენებს ქვეყნის უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის საწინააღმდეგო პროპაგანდას და ღია თუ ფარული საშუალებებით აზიანებს ქვეყნის ევროპული განვითარების გზას. ჩვენ, საქართველოს მოქალაქეებს ეს მტერი ისტორიამ განგვისაზღვრა, ხოლო მეგობრები თავად ავირჩიეთ. ეს არჩევანი გულისხმობს დემოკრატიულ და თავისუფალ განვითარებას, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ქვეყნის ინტეგრაციის კონსტიტუციით განსაზღვრულ მიზანს. ყველა სახელისუფლებო ორგანოს, მათ შორის, პარლამენტის ვალდებულებაა ყველაფერი გააკეთოს ამ მიზნის მიღწევისთვის.
ხელისუფლება მოქმედებს ამის საპირისპიროდ. „აგენტების“ კანონის სამიზნედ აქცევს არა ოკუპანტ ქვეყანას, არამედ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და მეგობრებს; ამ ინიციატივით ხელისუფლება ცდილობს დასვას ტოლობის ნიშანი მეგობრებსა და მტერს შორის. ეს არის ეროვნული, კონსტიტუციური მიზნის შეცვლა, საგარეო ორიენტაციის არევა, რისი უფლებაც არცერთ ხელისუფლებას არ აქვს და არ ექნება.
ამიტომ, პარტია „საქართველოსთვის“ საპარლამენტო გუნდი ჩვენი გეგმის შესაბამისად, ვაინიცირებთ კანონის პროექტს „ოკუპანტი ქვეყნის - რუსეთის ფედერაციის გავლენისგან დაცვის შესახებ“, რომლის მიზანია ამ ქვეყანაში გამოაშკარავდეს რუსეთის ფარული გავლენების წყაროები, ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებები და მათი განმახორციელებელი პირები“, - აღნიშნა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, პარტიის „საქართველოსთვის“ კანონპროექტი ყველაფერს თავის სახელს არქმევს:
„ერთადერთი სწორი მიზანი, რომელიც შესაძლოა მსგავს კანონმდებლობას ამ ქვეყანაში გააჩნდეს - მტერს დაარქვას მტერი. „ქართული ოცნება“ ცდილობს, რომ ქვეყანაში კანონის სახელით შეწყვიტოს დემოკრატიული განვითარება, დავკარგოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი და არჩევნები გააყალბოს. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება საქართველოსთვის ნიშნავს მშვიდობასა და დემოკრატიულ განვითარებას და ნიშნავს არაფორმალური მმართველობის დასასრულს“.
პარტია „საქართველოსთვის“ კონსულტაციებს გამართავს ოპოზიციონერ დეპუტატებთან, რათა კანონპროექტმა მათი მხარდაჭერაც მიიღოს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სოზარ სუბარმა, მიხეილ ყაველაშვილმა, დიმიტრი ხუნდაძემ, გურამ მაჭარაშვილმა, ვიქტორ ჯაფარიძემ, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ, ეკა სეფაშვილმა, დავით კაჭარავამ და ზაალ მიქელაძემ პარლამენტში წარადგინეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი, რომელსაც „ქართული ოცნებაც“ უჭერს მხარს. მისი მიღების შემთხვევაში საქართველოში „უცხოური გავლენის აგენტების“ რეესტრში დაარეგისტრირებენ იმ ქართულ არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებს, რომლებიც დაფინანსებას საერთაშორისო ფონდებიდან იღებენ. კანონპროექტის ავტორები აცხადებენ, რომ მათ მიერ მომზადებული დოკუმენტი ამერიკის შეერთებულ შტატებში 1938 წელს მიღებულ „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ აქტს“ (Foreign Agent Registration Act - FARA) ეყრდნობა, თუმცა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, ნედ პრაისმა თქვა, რომ იგი ეფუძნება მსგავს რუსულ და უნგრულ კანონმდებლობას და არა რომელიმე ამერიკულ კანონს. ამის შემდეგ, „ხალხის ძალის“ წევრებმა კიდევ ერთი კანონპროექტი წარადგინეს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“, რომელიც მათივე მტკიცებით, FARA-ს პირდაპირი თარგმანია. საპარლამენტო უმრავლესობა ამ ორი კანონპროექტიდან ერთ-ერთის მიღებას ივნისის ბოლომდე აპირებს.
საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის შეფასებით, „ეს კანონპროექტები ცალსახად შეესაბამება რუსულ კანონს, რომლის მიზანიც სამოქალაქო საზოგადოების გარიყვაა, მისი მიზანი განსხვავებული ხმის ჩახშობაა“.
ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმედოვნებს, რომ „ხალხის ძალის“ საკანონმდებლო ინიციატივა კანონად არ იქცევა, რადგან ის წინააღმდეგობაში მოდის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის განსაზღვრული 12 პრიორიტეტიდან სულ მცირე ორთან - სამოქალაქო საზოგადოების და მედიის თავისუფლების შესახებ პრიორიტეტებთან.
ე.წ. უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტი გააკრიტიკა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმაც, რომელიც ამბობს, რომ მისი მიღება შეუთავსებელი იქნება ევროკავშირის ნორმებთან და ღირებულებებთან.
გაერთიანებული ერების ორგანიზაცია (გაერო) აცხადებს, რომ ასეთი კანონის მიღება საფრთხეს უქმნის სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობას, მათ არსებით წვლილს ქვეყანაში დემოკრატიის მშენებლობაში. გარდა ამისა, გაეროს განცხადებაში ნათქვამია, რომ კანონის მიღებამ შესაძლოა შეაფერხოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საქმიანობა საქართველოში.