გიგი უგულავა და აქციის კიდევ 7 მონაწილე გზის ბლოკირების მცდელობის ბრალდებით დააკავეს

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

2 თებერვალს, „თბილისი მოლთან“ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაკავებული 31 პირიდან 8-ს სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენას ედავებიან. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ისინი სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ჯგუფურად ბლოკირების მცდელობის ბრალდებით არიან დაკავებულები. ბრალდებულთა შორისაა ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დაკავებულები არიან:

  • 1991 წელს დაბადებული ირაკლი წიგნაძე;
  • 1982 წელს დაბადებული ირაკლი ტაბატაძე;
  • 2004 წელს დაბადებული ნიკოლოზ კუტიბიძე;
  • 1992 წელს დაბადებული ვასილ ელიავა;
  • 1978 წელს დაბადებული ნიკოლოზ ქუმსიშვილი;
  • 1994 წელს დაბადებული ალექსანდრე გოგოლაძე;
  • 1992 წელს დაბადებული დიმიტრი ბიძინაშვილი;
  • 1975 წელს დაბადებული გიგი უგულავა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები, მიმდინარე წლის 2 თებერვალს, თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის ტერიტორიაზე გამართული აქციისას, სამართალდამცველების არაერთგზის მოწოდების მიუხედავად, ჯგუფურად, უკანონოდ შეეცადნენ საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზის ბლოკირებას“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

დაკავებულებს 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. შსს-ში ამბობენ, რომ საავტომობილო გზის ბლოკირებაში მონაწილე სხვა პირების დადგენისა და პასუხისგებაში მიცემის მიზნით გამოძიება გრძელდება.

2 თებერვალს, ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და უკანონოდ დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით მორიგი აქცია თბილისის გასასვლელში, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლთან“ გაიმართა. პოლიციამ მშვიდობიან დემონსტრანტებს აღმაშენებლის ხეივნის გადაკეტვის საშუალება არ მისცა.

პოლიტიკოსები და აქციის რიგითი მონაწილეები ძალადობის გამოყენებით დააკავეს, რასაც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი ზვიად ხარაზიშვილი, იგივე „ხარება“ ხელმძღვანელობდა.

აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევებისთვის დასანქცირებულმა „ხარებამ“ ერთ-ერთ დაკავებულს სახეში წიხლი თავადაც ამოარტყა მას შემდეგ, რაც ის სპეცრაზმელებმა ხელებშეკრული მიუყვანეს.

აქციაზე სულ 31 პირი დააკავეს. მათი უმრავლესობა პოლიციის მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში დროებითი მოთავსების იზოლატორებიდან - თავისა და სახის ტრავმებით - ხუთი მოქალაქე გადაიყვანეს. როგორც გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა, ანა დალაქიშვილმა განაცხადა, ოთხ პაციენტს თავის ტვინის შერყევა აქვს.

საავადმყოფოში ტვინის შერყევით მოხვდა ტელეკომპანია „პირველის“ ოპერატორი ნიკო კოკაიაც. ის პროფესიული საქმიანიბის შესრულების დროს დაეცა და გონება დაკარგა იმ დროს, როდესაც პოლიციამ მოქალაქეებზე მიწოლა და მათი დაკავება დაიწყო.

„თბილისი მოლთან“ აქციის დაანონსების შემდეგ, 31 იანვარს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ დაჩქარებულად მიიღო ახალი რეგულაცია, რომლითაც, საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები - როგორიც თბილისის შემოსასვლელი/გასასვლელია - სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ნუსხას დაემატა. ეს იმას ნიშნავს, რომ მისი ჯგუფურად ბლოკირება 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით დაისჯება.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.