საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა განცხადება გაავრცელა მას შემდეგ, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სიცილით თქვა, რომ მან „ფსიქიკური პრობლემები“ ვერ დაძლია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 2 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 3 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 4 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
- 5 „ყველა სცემდა, ვინც მოვიდა“ - გორში პოლიციელებმა მოქალაქეები სასტიკად სცემეს
- 6 „პოლიციელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა“ – შს მინისტრის მოადგილე გორში ძალადობაზე
11 ნოემბერს, ბაქოში მყოფ ირაკლი კობახიძეს პროსამთავრობო ტელეარხების წარმომადგენლებმა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე ჰკითხეს. ერთ-ერთი შეკითხვა არჩევნების შემდეგ ნიკა გვარამიას მიერ გაკეთებულ პოლიტიკურ განცხადებებს ეხებოდა.
„ნუ, გვარამია აცხადებდა, რომ მას ჰქონდა ფსიქიკური პრობლემები, თუმცა, იმკურნალა და დაძლია ეს მდგომარეობა. თუმცა, ირკვევა, რომ ...“, - აქ პრემიერ-მინისტრმა სიცილი დაიწყო და წინადადების დასრულება ვერ შეძლო, შემდეგ კი განაგრძო - „ოღონდ მე აბსოლუტურად სერიოზულად ვგულისხმობ. რეალურად გაირკვა, რომ არავითარი პრობლემები არ მოუგვარებია“.
სახალხო დამცველის განცხადებით, ბოლო პერიოდში გახშირებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე პირთა დამამცირებლად მოხსენიებისა და სტიგმის შემცველი დამოკიდებულების გამოხატვის შემთხვევები, მათ შორის, სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირ(ებ)ის მხრიდან.
„სამწუხაროდ, განსაკუთრებით მომრავლდა სხვადასხვა ფორმატით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების მიმართ სტერეოტიპების ხელშემწყობი განცხადებები, რაც არღვევს ადამიანის ღირსების დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს და ხელს უწყობს დისკრიმინაციის წახალისებას.
ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა მიმართ სტერეოტიპული დამოკიდებულება და სტიგმა კვლავ ძლიერია ქვეყანაში და ისინი ყველაზე ხშირად ხდებიან უთანასწორო მოპყრობის სამიზნე, ხოლო საჯარო პირების მხრიდან გამოვლენილი სტერეოტიპული დამოკიდებულება აფერხებს მათი საზოგადოებაში ინტეგრაციის ყველა მცდელობას“, - აცხადებს სახალხო დამცველი და აღნიშნავს, რომ არსებული სტიგმის შემცირება და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვის ხელშეწყობა პოლიტიკოსებისა და საჯარო პირების პირდაპირი მოვალეობაა.
სახალხო დამცველი მათ მოუწოდებს, არ დაუშვან ფსიქიკური ჯანმრთელობის ნიშნით პირთა არათანასწორ პირობებში ჩაყენება და თავი შეიკავონ სტიგმის გამაძლიერებელი განცხადებებისგან.
