გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა გერმანული ინვესტიციების ტენდენციასთან დაკავშირებული კითხვის პასუხად განაცხადა, რომ საქართველო ისეთმა მსხვილმა ინვესტორმა დატოვა, როგორიც „ჰაიდელბერგ ცემენტი“ იყო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „რეპრესიები რეორგანიზაციის სახელით“ - თელავის უნივერსიტეტიდან 5 პროფესორი გაათავისუფლეს
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 6 სტიკერის გაკვრაზე მზია ამაღლობელი მეორედ გაასამართლეს და 1000 ლარით დააჯარიმეს
„უახლესი მონაცემების შესახებ ინფორმაციას არ ვფლობ. ვივარაუდებ, რომ ტენდენცია იკლებს და ჩემი პროგნოზით, შემცირდება, თუ საქართველო ევროკავშირს კიდევ უფრო დაშორდება. ეს, უბრალოდ, არ არის ძალიან საინტერესო გერმანელი ინვესტორებისთვის. ეს არის პატარა ბაზარი, რომელიც არ არის ინტეგრირებული სხვა დიდ ბაზარზე. საქართველო ჩვენი დიდი ქალაქების ზომაა, ხომ ასეა? და ამჟამად, ინვესტიციაც კი არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენ გვყავს რამდენიმე კომპანია, რომლებიც აქ ინვესტიციას არც თუ ისე დიდი თანხებით და არც თუ ისე მაღალი დამატებითი ღირებულების აქტივობით ახორციელებენ.
ისეთი კომპანიაც კი, როგორიც „ჰაიდელბერგ ცემენტია“, გავიდა ქართული ბაზრიდან. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ინვესტიცია. მან თავისი წილი გაყიდა. ასე რომ, ტენდენცია კარგი არ არის“, - განაცხადა ფიშერმა „ბიზნეს მედიასთან“ ინტერვიუში.
ელჩის თქმით, როდესაც საქართველომ ევროინტეგრაციის გზაზე სვლა შეაჩერა, ბევრმა ევროპულმა ბიზნესმა გადახედა გეგმებს და თქვა, რომ შესაძლოა, ახლა არ ღირს ინვესტიციის განხორციელება.
ამასთან, პიტერ ფიშერის შეფასებით,საქართველოში დაფიქსირებული ეკონომიკური ზრდა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან მიღებული მოულოდნელი მოგებაა, რაც არ გაგრძელდება.
„შევამჩნიე, რომ საქართველოში ამბობენ: „ჩვენ გვაქვს ასეთი მაღალი [ეკონომიკური] ზრდის ტემპები, უფრო მაღალი, ვიდრე საძაგელ ევროპელებს, გერმანელებს საერთოდ არ აქვთ ეკონომიკური ზრდა, ქართველებს კი 10%-იანი ზრდა გვაქვს“. ეს არის მოულოდნელი მოგება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან. ასეთი ტიპის მოგება არ გრძელდება.
ვხედავ უამრავ სტრუქტურულ პრობლემას. ვხედავ გამოწვევას ლარის ღირებულებასთან დაკავშირებით. ვხედავ საფონდო ბირჟებზე განთავსებული ქართული კომპანიების აქციების ფასების რყევას. ვფიქრობ, თქვენი სახელმწიფოს ვალის შედარებით მაღალი წილი შეღავათიან სესხებშია. რაც უფრო შორდებით ევროკავშირს, მით უფრო ნაკლებ შეღავათიან სესხებს მოგცემთ. ეს ბუნების კანონია, ასე რომ თქვენ თავად მოგიწევთ ამის რეფინანსირება“, - აღნიშნა ფიშერმა.
გერმანიის ელჩმა საქართველოს ეკონომიკისთვის „დიდ პრობლემად“ ახალგაზრდების ემიგრაცია დაასახელა. მისი თქმით, ბევრი ახალგაზრდისგან ესმის, რომ საქართველო ევროკავშირს უფრო დაშორდება, მაშინ ისინიც დატოვებენ აქაურობას.
ფიშერმა ისაუბრა საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პერსპექტივაზე და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ პროცესი შეჩერებულია.
„მე თუ მკითხავთ, ვერ ვხედავ, რომ საქართველო უახლოეს მომავალში დაუბრუნდება ევროინტეგრაციის გზას. ამის პოზიტიურ ნიშნებს საერთოდ ვერ ვხედავ.
საქართველოს მთავრობის რიტორიკა გრძელდება. საქართველოს კანონმდებლობა მიღებულია. საქართველო, დაახლოების ნაცვლად, შორდება ევროკავშირს. გარდა ამისა, არჩევნების ჩატარების წესი არ შეესაბამება იმას, რასაც ჩვენ კანდიდატი ქვეყნისგან ველით“, - აღნიშნა პიტერ ფიშერმა.
