HRW-ის ანგარიში: 2024 წელს საქართველოს მთავრობამ უფლებების კრიზისი შექმნა

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ადამიანის უფლებათა დამცველმა საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციამ, Human Rights Watch-მა ანგარიშში გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ 2024 წელს საქართველიოს მთავრობამ ქვეყანა ადამიანის უფლებათა კრიზისში შეიყვანა. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მთავრობამ მიიღო ახალი რეპრესიული კანონები, გამოიყენა პოლიციის სასტიკი ძალადობა ძირითადად მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ და უკან დაიხია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მთავრობას დაჟინებულად შეჰყავს ქვეყანა რეპრესიულ ეპოქაში, რაც უცნობია საქართველოსთვის, მაგრამ ძალიან ნაცნობია ავტორიტარულ სახელმწიფოებში.

მაგრამ არასდროს არის გვიანი კურსის შეცვლა, რეპრესიული კანონების გაუქმება, შეკრების თავისუფლების დაშვება, მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობის შეწყვეტა და პოლიციისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება“, - განაცხადა ჰიუ უილიამსონმა, Human Rights Watch-ის ევროპისა და ცენტრალური აზიის დირექტორმა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში მთავრობამ უარი თქვა საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს მიზანად განსაზღვრავს ევროკავშირში სრულ ინტეგრაციას და ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 80 პროცენტს ევროკავშირში გაწევრიანება სურს.

Human Rights Watch-ი აცხადებს, რომ 2024 წელს პრო-ევროპულ საპროტესტო აქციებს სამართალდამცავმა ორგანოებმა ძალადობით უპასუხეს, იყენებდნენ ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს, რეზინის ტყვიებსა და მიმართავდნენ ფიზიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმას.

„სპეცრაზმმა და ხელისუფლებასთან დაკავშირებულმა არაფორმალურმა ძალადობრივმა ჯგუფებმა სცემეს ოპოზიციას, დამოუკიდებელ ჟურნალისტებს და დაუსჯელად ერეოდნენ მათ მუშაობაში“, - აღნიშნავს უფლeბადამცველი ორგანიზაცია.

ანგარიშში ნათქვამია, რომ 2024 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო „უცხოური აგენტების კანონი, რომელიც აწესებს ანგარიშგების მძიმე, შეურაცხმყოფელ და დუბლირებად მოთხოვნებს, უფლებას აძლევს ხელისუფლებას მოითხოვოს მგრძნობიარე პერსონალური მონაცემები ორგანიზაციებისა და პირებისგან და ითვალისწინებს დამაზიანებელ ჯარიმებს მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის.

„კანონის საბოლოო მიღებამდე რამდენიმე კვირით ადრე, სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივისტები გახდნენ შევიწროებისა და დაშინების აშკარად კოორდინირებული კამპანიის სამიზნე. ასობით აქტივისტმა და მათი ოჯახის წევრებმა, მათ შორის ბავშვებმა, მიიღეს განმეორებითი, ანონიმური მუქარის სატელეფონო ზარები. რამდენიმე ქალაქში წარმოებული დისკრედიტაციის კამპანიის ფარგლებში გაკრულ პოსტერებზე გამოსახულები იყვნენ არასამთავრობო ჯგუფის ლიდერები და კრიტიკოსი ჟურნალისტები, რომლებსაც მოღალატეებსა და მტრებს უწოდებდნენ.

აპრილის ბოლოდან ივნისის ჩათვლით, დაუდგენელი თავდამსხმელები ძალადობრივად თავს დაესხნენ ათზე მეტ აქტივისტს, რასაც, ხშირ შემთხვევაში, თავის და სხვა დაზიანებები მოჰყვა, რაც ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა. თავდასხმების უმეტესობა განხორციელდა თავდამსხმელთა მცირე ჯგუფების მიერ საჯარო ადგილებში, სადაც იყვნენ მოწმეები და იყო ვიდეო მეთვალყურეობა. მიუხედავად იმისა, რომ პოლიციამ დაიწყო გამოძიება, დადგენილი ან დაკავებული არ არის არცერთი ეჭვმიტანილი, რაც გამოძიების შესახებ შეშფოთებას იწვევს“, - ვკითხულობთ ანგარიშში.

Human Rights Watch-ი აღნიშნავს, რომ სექტემბერში საქართველოს პარლამენტმა მიიღო ჰომოფობიური კანონი, რომელიც დისკრიმინაციულ შეზღუდვებს აწესებს, როგორც განათლების, ჯანმრთელობის, ისე გამოხატვის თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების უფლებებზე. კანონი კრძალავს ლგბტ ადამიანების პოზიტიურად ხსენიებას ლიტერატურაში, კინოში, მედიაში, ასევე სკოლებსა და საჯარო შეკრებებზე.

უფლებადამცველი ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა მოითხოვონ დამოუკიდებელი გამოძიება ხელისუფლების მიერ ძირითადად მშვიდობიანი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობის შესახებ და განიხილონ მიზანმიმართული, ინდივიდუალური სანქციების დაწესება იმ ოფიციალური პირების მიმართ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივ შეურაცხყოფაზე.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.