უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის ჩატარების პირობით მიანიჭა. უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გადაწყვეტილებას არ ეთანხება და მის გასაჩივრებას აპირებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვაა“ - პრეზიდენტმა ამნისტიის კანონს ხელი მოაწერა
- 2 ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით მიანიჭეს
- 3 მოვუწოდებთ საერთაშორისო მისიებს, 26 ორგანიზაციის ინფორმაცია არ გაითვალისწინონ - მიქანაძე
- 4 „ოკუპაციაზე ხომ ვისაუბრე?!“ - კობახიძე კითხვაზე, რატომ არ ახსენა გაეროში რუსეთი
- 5 სასამართლომ გორში დაკავებული ბიზნესმენი იოსებ ბაბაევი სამართალდამრღვევად ცნო
- 6 სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა
ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2024 წლის ივნისში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი შეაფასა ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფმა, რომელიც ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შედგება. მათი დასკვნით, უნივერსიტეტმა უკლებლივ ყველა სტანდარტის მიხედვით უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა.
„გუშინ ჩატარდა ავტორიზაციის საბჭოს სხდომა, რომელმაც ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტებების გარეშე შეცვალა ავტორიზაციის ექსპერტთა უმაღლესი შეფასებები, და ამის საფუძველზე უნივერსიტეტს მიანიჭა ავტორიზაცია ერთი წლის თავზე მონიტორინგის პირობით.
ჩვენ პრინციპულად არ ვეთანხმებით საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და, რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ სააპელაციო კომისიაში, როგორც კი ოფიციალურად გამოგვიგზავნიან საბჭოს ოქმს და გადაწყვეტილებას“, - აცხადებს ადმინისტრაცია.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს ოქმისა და გადაწყვეტილების ოფიციალურად წარდგენისთვის 10 სამუშაო დღე აქვს.
ამ საკითხზე ისაუბრა განათლების მკვლევარმა, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრმა სიმონ ჯანაშიამ, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელიც არის. როგორც ის განმარტავს, უნივერსიტეტმა ე.წ. პირობითი ავტორიზაცია მიიღო.
„მიუხედავად იმისა, რომ ილიას უნივერსიტეტს ჰქონდა ყველა მიმართულებით დადებითი დასკვნა, ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტი სრულად ვერ აკმაყოფილებს ავტორიზაციის მოთხოვნებს. დამსწრე საზოგადოებას უთხრეს, რომ უნივერსიტეტი მიიღებს პირობით ავტორიზაციას, ასე შეიძლება დავარქვათ, ერთი წლის შემდეგ გაივლის შემოწმებას, რის შემდეგაც გაირკვევა, ექნება თუ არა ავტორიზაცია ამ უნივერსიტეტს. როცა სთხოვეს, რომ განემარტათ მიზეზები, საბჭოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ზურაბ ორჯონიკიძემ თქვა, რომ უნდა გასულიყო. სავარაუდოდ, იქ ვიღაცას მოეთათბირა და არსებობს ასეთი მოსაზრება თუ ინფორმაცია, რომ დილითაც დაურეკეს მას. შემდეგ ბრუნდება ის ავტორიზაციის საბჭოზე და აცხადებს, რომ არ არის ვალდებული განუმარტოს საზოგადოებას, რატომ იქცევა ისე, როგორც იქცევა. ძალიან სამწუხაროა ისიც, რომ ავტორიზაციის საბჭოს წევრებიდან მხოლოდ ერთმა მისცა ხმა წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტები ამბობენ, რომ ყველაფერი წესრიგშია“, - ამბობს ჯანაშია.
მკვლევარი ფიქრობს, რომ მიღებული გადაწყვეტილება 2023 და 2024 წლებში რუსული კანონის წინააღმდეგ ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების აქტიურობას და მათდამი პროფესორების მხარდაჭერას უკავშირდება.
„ჩვენ აქ ვხედავთ პოლიტიკურ პრობლემას, როდესაც ხელისუფლება არა მხოლოდ ავტონომიის შელახვას ცდილობს, არამედ ცდილობს საზოგადოების დაშინებას იმისთვის, რომ მერე არჩევნები მოიგოს“, - აღნიშნა სიმონ ჯანაშიამ
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთ-ერთი იყო უნივერსიტეტთა იმ მცირე ჩამონათვალში, რომლებმაც მიმდინარე წლის მაისში, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების პარალელურად მიღებულ ერთობლივ განცხადებას ხელი არ მოაწერეს. მაშინ 38 უნივერსიტეტის რექტორები სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლების პროტესტს გაემიჯნენ. საზოგადოების და აკადემიური პერსონალის კრიტიკის შემდეგ რამდენიმე უნივერსიტეტმა ხელმოწერა უკან წაიღო.