თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის მოადგილე გოგა მემანიშვილმა ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ოპერატორის, სერგი ბარამიძის ძალის გამოყენებით დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მედიის წარმომადგენლებს აქციაზე დაკავებისგან იმუნიტეტი არ იცავთ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
„არ განხორციელებულა ძალადობა. იმუნიტეტი იცავს ოპერატორს ან ჟურნალისტს? კანონს რომ არღვევს და არ ემორჩილება, არ უნდა დააკავო? დაკავებულს განემარტა, რაც დაარღვია. არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას. მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. სასამართლოში მივიყვანთ და თავისი უდანაშაულობა იქ დაამტკიცოს“, - უთხრა ტელეკომპანია „ფორმულას“ მემანიშვილმა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა სერგი ბარამიძე იმ დროს დააკავეს, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და მელიქიშვილის გამზირზე მომიტინგეთა დაკავებას იღებდა. პოლიციელებმა მას კამერა დაუმტვრიეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის გზატკეცილზე მდებარე შენობაში გადაიყვანეს, საიდანაც დაახლოებით ერთ საათში, ხელწერილით გაათავისუფლეს.
ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ტელეარხის ოპერატორს სახეზე ძალადობის კვალი აღენიშნება.
„მითხრეს, თქვენ წესს არღვევდით, ხელს გვიშლიდითო, ანუ სავალ ნაწილზე იყავით გადმოსულიო. ოპერატორს რამდენად მომეთხოვება, არ ვიცი. აქტივისტი ხომ არ ვარ, არა? მე ვარ ოპერატორი და ჩვეულებრივად ვიღებდი ამ ამბებს. რატომ გადაწყვიტეს ჩემი დაკავება, წარმოუდგენელია. თვალი მაქვს ჩალურჯებული. დანარჩენი ფიზიკურად არ მეტყობა, მაგრამ კარგად მირტყეს. ტანზე სულ გახდილი ვიყავი, რომ მაკავებდნენ ქურთუკიც გამხადეს და ყველაფერი. ისე მოხდა, რომ კამერა აღარ აღმოჩნდა ჩემთან ერთად“, - განაცხადა გათავისუფლების შემდეგ სერგი ბარამიძემ.
აქციაზე პოლიციის თანამშრომლებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გამოცემა „პუბლიკას“ ჟურნალისტ მინდია გაბაძეს, პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელი შეუშალეს OC Media-ს ჟურნალისტს, მარიამ ნიკურაძესა და „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტს, გივი ავალიანსაც.
ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლა, მათ შორის ძალადობის მუქარით ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლით დასჯადი ქმედებაა.
„სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აქციის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ მუშაობის პროცესში, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყონ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში“, - აცხადებს უფლებადამცველი ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და აღნიშნავს, რომ ჟურნალისტებისთვის თავიანთი სამუშაოს შესრულებაში ხელის შეშლა არღვევს საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-10 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.
„დაუშვებელია ჟურნალისტის და მედიის სხვა წარმომადგენლების აღჭურვილობის, მათ შორის, გადაღებული კადრების მიზანმიმართულად ჩამორთმევა ან/და დაზიანება. მსგავსი ტიპის ქმედებები წარმოადგენს საერთაშორისო სტანდარტებით აკრძალულ პრაქტიკას და, შესაძლოა, აღქმული იყოს, როგორც მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ცენზურა“, - ნათქვამია საიას განცხადებაში.
ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, აქციაზე მყოფ მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალოს პროფესიული მოვალეობის შესრულებაში, ხოლო სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს, დროულად გამოიძიოს სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ძალადობისა და ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტები.