პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო განიხილება, სახალხო დამცველმა ხელისუფლებას მოუწოდა, 28 მაისს, პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ვეტო არ დაძლიოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 4 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
ლევან იოსელიანის განცხადებით, ის სიტუაცია და დაძაბულობა რაც ქვეყანაშია, მეტი პასუხისმგებლობის გამოჩენას საჭიროებს.
„მიზანი, რომელიც ამ კანონს გააჩნია, რომ იყოს უფრო მაღალი სტანდარტი უცხო ქვეყნიდან შემოსული თანხების გამჭვირვალობასთან დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ არის აბსოლუტურად ლეგიტიმური. თუმცა, ამ მიზნის მისაღწევად შესაძლებელი იყო და დღესაც არის, ჩემი აზრით, არსებულ კანონმდებლობაში შევიდეს ცვლილებები, რომელიც უზრუნველყოფს ამ მიზნის მიღწევას.
ამ ფორმით ამ კანონის მიღებამ, ჩემი აზრით, უკვე მნიშვნელოვანი ზიანი მოუტანა მთლიანად ამ პროცესს და დღეს შესაძლებელი არის, რომ პარლამენტმა ხვალინდელ სესიაზე უარი თქვას ვეტოს დაძლევაზე და გადაავადოს ვეტოს დაძლევა, გაჩნდეს სივრცე, სადაც შეიძლება ვიფიქროთ სხვა საკანონმდებლო აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანაზე, რაც, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უზრუნველყოფს იმ მიზნის მიღწევას, რაც ამ კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
ამ კანონს ჰყავს როგორც მომხრეები, ისე ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე, მაგრამ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ყოველთვის ეკისრება ხელისუფლებას და ხშირად უკან დახევა, ჩემი აზრით, არა სისუსტის, არამედ სიძლიერის ნიშანი შეიძლება იყოს. მოგიწოდებთ ყველას, მხედველობაში მიიღოთ ეს მოსაზრებები და ხვალინდელ სხდომაზე არ დაძლიოთ ვეტო, რომელიც პრეზიდენტმა დაადო ამ კანონს“, - თქვა იოსელიანმა.
სახალხო დამცველმა, „ქართული ოცნების“ წევრების მსგავსად, განაცხადა, რომ პრეზიდენტს უნდა წარმოედგინა მოტივირებული შენიშვნების ისეთი პროექტი, რაც დისკუსიის სივრცეს გააჩენდა. „სამწუხაროდ, ის რაც არის წარმოდგენილი, ამ სივრცეს არ იძლევა და სწორედ ამიტომაც, ჩემი აქ მოსვლის ერთ-ერთი მიზანია, გავიაზროთ ეს მოცემულობა და პარლამენტმა თავისი მოქმედებით, ვეტოს არ დაძლევით შეძლოს ამ სადისკუსიო სივრცის გაჩენა“, - აღნიშნა ლევან იოსელიანმა.
საქართველოს პარლამენტმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი 14 მაისის პლენარულ სხდომაზე მესამე, საბოლოო მოსმენით მიიღო. მას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, 30 კი წინააღმდეგი იყო. 18 მაისს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კანონს ვეტო დაადო და განმარტა, რომ ის „არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას“. ვეტოს დასაძლევად 76 დეპუტატის ხმაა საჭირო, რაც „ქართული ოცნებას“ აქვს.
