მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე და ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია „პირველს“ ცილისწამებაში ადანაშაულებს და სასამართლოში უჩივის. ღარიბაშვილი სადავოდ ხდის გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ 6 აპრილს გასულ სიუჟეტს, რომელიც პენსიონერი მამის მიერ, ერთ წელიწადში დაგროვილ მილიონიან ქონებას ეხება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ჩვენ სასამართლოს წარვუდგენთ სიცრუესა და ცილისწამებაზე დაფუძნებულ ათობით სიუჟეტს, რომლებიც წლების განმავლობაში მზადდებოდა „ნოდარ მელაძის შაბათის“ მიერ, ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახის წინააღმდეგ. ჩვენი მიზანია, სწორედ თავად „ტვ პირველმა“ და გადაცემამ „ნოდარ მელაძის შაბათი“, კანონის მოთხოვნათა დაცვით აღიაროს, რომ მის მიერ მომზადებული ეს სიუჟეტი და ზოგადად, სიუჟეტები, იყო ცილისმწამებლური და ემსახურებოდა ბატონი ირაკლი ღარიბაშვილის დისკრედიტაციის მცდელობას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა ამირან გიგუაშვილმა.
ტვ „პირველის“ რეპორტაჟის მიხედვით, ყოფილი პრემიერის 71 წლის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა 2023 წლის თებერვალში 200 ათას ლარად იყიდა დედოფლისწყაროში კომპანია „ქართული ფესვების“ 50%-იანი წილი. 2023 წლის სექტემბერში კი, ტარიელ ღარიბაშვილმა კომპანია შპს „ღარიბაშვილის მარანი“ დააფუძნა და „ქართული ფესვების“ საკუთრებაში არსებული ღვინის ქარხანაც 710 900 ლარად იყიდა. ჟურნალისტის თქმით, მათ მოიპოვეს ტარიელ ღარიბაშვილსა და საფრანგეთში რეგისტრირებულ კომპანია „ბრენდი ვილაჟს“ შორის 2024 წლის 28 მარტს გაფორმებული ხელშეკრულება, რომლითაც ღარიბაშვილმა ღვინის ქარხანა ფრანგულ კომპანიას 10 წლით, წელიწადში 720 000 ევროდ მიაქირავა.
„ირაკლი ღარიბაშვილის პენსიონერმა მამამ, რომელსაც 2023 წლის 1-ელი თებერვლის მდგომარეობით ბიზნესი არ ჰქონდა, 11 თვეში ჯერ მილიონი ლარი ქარხნის შესაძენად იშოვა, შემდეგ იპოვა ფრანგული კომპანია, რომელსაც ქარხანა წელიწადში ორ მილიონ ლარად მიაქირავა. თუ დამქირავებელს, „ბრენდი ვილაჟს“ ღარიბაშვილის ქარხნის ქირაობა აღარ მოუნდება, 10 წლის იჯარა მაინც უნდა დაუფაროს, რაც ჯამში 21 მილიონ ლარს აღწევს“, - რეპორტაჟის მიხედვით, კომპანია, რომელსაც ოფიცილურად ფრანგი მფლობელი ჰყავს, საგანგებოდ ამ გარიგებისთვის შეიქმნა. ჟურნალისტის თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ გახმაურებული კორუფციული სკანდალების ფონზე, პრემიერის მამამ შავი ფულის სავარაუდო გათეთრების გზას მიმართა.
აღსანიშნავია, რომ 2023 წელს, პენსიონერმა მამამ ირაკლი ღარიბაშვილს 150 000 ლარიც აჩუქა. გარდა ამისა, როგორც ქონებრივ დეკლარაციაშია მითითებული, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა 109 500 ლარი სამთავრობო თვითმფრინავის დასაქირავებლად, რომლითაც ამერიკაში სასწავლებლად მიმავალი შვილიშვილი მიუნხენამდე ჩაიყვანეს. ოპოზიციონერი დეპუტატები ირაკლი ღარიბაშვილის ქონებასთან დაკავშირებით პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნასაც ითხოვდნენ.
ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებმა და მათთან დაახლოებულმა პირებმა „ტვ პირველის“ და ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი სხვა არხების წინააღმდეგ სასამართლოში ათობით სარჩელი წარადგინეს.
- 2023 წლის მარტში, თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ტელეკომპანია „პირველის“ სარჩელი და პირველი ინსტანციის მიერ ე.წ. ცილისწამების საქმეზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის დედის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა. სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ (ოთარ სიჭინავა, გოჩა ჯეირანაშვილი, ლაშა თავართქილაძე) ტელეკომპანიას 5555 ლარის გადახდა დააკისრა და „ცრუ ინფორმაციის“ უარყოფა დაავალა.
- 2023 წლის მაისში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილმა „პირველის“ წინააღმდეგ ირაკლი კობახიძის დის ქმრის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის, დავით ფაცაციას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ტელეკომპანიას 15 000 ლარის გადახდა დაეკისრა.
- 2022 წლის ნოემბერში ტვ „პირველს“ დავა თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ მოუგო. მოსამართლე ზაალ მარუაშვილის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანიას 15 ათასი ლარის გადახდა დაეკისრა.