თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე არჩილ კოჭლამაზაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ წინააღმდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის, დავით ფაცაციას სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. ტელეკომპანიას ფაცაციასთვის, მორალური ზიანის ანაზღაურების სახით, 15 000 ლარის გადახდა და მის შესახებ გავრცელებული ცნობების უარყოფა დაეკისრა. დავით ფაცაცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დის ქმარია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ფაცაციამ სასამართლოს „პირველის“ ეთერში გაჟღერებული იმ განცხადებების გამო მიმართა, რომელიც უკავშირდებოდა მის სამინისტროში გამოვლენილ დარღვევებსა და დევნილთა ჩასახლების ობიექტებში სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების ჩატარებისას თანხების არამიზნობრივ ხარჯვაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს. განცხადებების თანახმად, „არამიზნობრივად დახარჯული თანხების კვალი სამინისტროს ხელმძღვანელამდე“ მიდის. სასამართლოში ტელეკომპანია მიუთითებდა, რომ განცხადებები შეფასებები იყო და აუდიტის დასკვნას ეყრდნობოდა.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ (GDI), რომელიც ტელეკომპანიის ინტერესებს იცავს, აცხადებს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით დაკისრებული თანხის ოდენობა საგანგაშოა და არაგონივრულად უნდა შეფასდეს იმ ზიანთან მიმართებით, რომელიც შესაძლოა დავით ფაცაციას განეცადა.
დავით ფაცაცია თავდაპირველად, კომპენსაციის სახით ტელეკომპანიისგან ერთ ლარს ითხოვდა, შემდეგ კი მოთხოვნა 30 000 ლარამდე გაზარდა. GDI-ის ინფორმაციით, სასამართლო პროცესზე დასმულ კითხვაზე, რატომ გადაწყვიტა მოთხოვნის გაზრდა, ფაცაციამ განაცხადა, რომ ამით სურდა მედია და ჟურნალისტები დაესაჯა.
„მსგავსი ცილისწამების საქმეზე 15 000 ლარის დაკისრება მედიისთვის, მაშინ როდესაც მეორე მხარეს მაღალი პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირი დგას და გავრცელებული ინფორმაცია ეხება საჯარო ფუნქციების შესრულებას, არ შეესაბამება აქამდე ეროვნულ თუ ევროპულ დონეზე დადგენილ პრაქტიკას. ამასთან, იგი მეტად უწყობს ხელს „მსუსხავი ეფექტის“ და შესაბამისად შიშის გაძლიერებას საზოგადოებაში, რომ ხელისუფლების ნებისმიერი კრიტიკა შეიძლება დაექვემდებაროს პასუხისმგებლობას“, - აცხადებენ უფლებადამცველ ორგანიზაციაში.
„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“ აღნიშნავს, რომ ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან უსაფუძვლო სარჩელების შეტანის ტენდენციის გათვალისწინებით, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება განსაკუთრებით საშიშ პრეცედენტს ქმნის: „არსებობს იმის მოლოდინი, რომ საჯარო პირების მხრიდან გაიზრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მართლმსაჯულების ობიექტად ქცევის შემთხვევები, რაც არსებითად შეუშლის ხელს მედიის წარმომადგენლების საქმიანობას და შექმნის „მსუსხავ ეფექტს“ სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებისათვის“.
2022 წლის ნოემბერში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა ტელეკომპანია „პირველს“ და ჟურნალისტ მაია მამულაშვილს თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის სასარგებლოდ 15 000 ლარის ოდენობით მორალური ზიანის ანაზღაურება და ცილისწამების უარყოფა დააკისრა. GDI ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ სწორედ კალაძის სარჩელის დაკმაყოფილება უძღოდა წინ ირაკლი კობახიძის სიძის მიერ კომპენსაციის სახით მოთხოვნილი თანხის ერთი ლარიდან 30 000 ლარამდე გაზრდას.
იმავე წლის სექტემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე თინა ვაშაყმაძემ ტელეკომპანია „პირველის“ წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის დედის, თამარ ზაალიშვილის სარჩელი დააკმაყოფილა. კობახიძის დედაც ტელევიზიას ცილისწამებას ედავებოდა. ტვ „პირველს“ 5555 ლარის, გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ჟურნალისტს, მაკა ჩიხლაძეს და პროდიუსერს, ნოდარ მელაძეს კი 5-5 ლარის გადახდა დაეკისრათ.