საქართველოს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს საგადასახადო კოდექსში ცვლილებას, რომლის მიღების შემთხვევაში, ე.წ. ოფშორულ ზონებში რეგისტრირებული ბიზნესის საქართველოში გადმოტანა გამარტივდება. დეპუტატი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ ცვლილებები „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილზეა მორგებული და მილიარდერს საშუალებას მისცემს, „ოფშორებში გადამალული“ ქონება საქართველოში დაუბეგრავად შემოიტანოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
„ბიძინა ივანიშვილის ოფშორებში გადამალული ფული უნდა გათეთრდეს შავი ფულის გათეთრების წინააღმდეგ მოქმედი საერთაშორისო ნორმების, საქართველოს კანონმდებლობის გვერდის ავლით. ივანიშვილს აძლევენ უფლებას, შემოიტანოს მისი ქონება, თვითმფინავები, აქციები, წილები, ფული დაუბეგრავად.
ეს იმას ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილს მსოფლიოს არცერთ წერტილში არ დაედგომება. მას არ დაედგომება ევროკავშირსა და აშშ-ში, მაგრამ ოფშორებშიაც კი საკუთარ ქონებას დაუცველად მიიჩნევს და გადაწყვიტა, გამოიქცეს, საქართველო გადააქციოს მის პირად ციხე-სიმაგრედ.
ივანიშვილი არ იცნობს ქართველ ხალხს. მას არავინ აპატიებს ქვეყნის უზურპირებას“, - განაცხადა რომან გოცირიძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ივანიშვილი სანქციების მოლოდინშია.
ექსპერტ გია ხუხაშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ კანონპროექტი „რუხ ზონებში“ განთავსებული საეჭვო აქტივების „შეღავათიან ფასებში“ გათეთრების დაკანონებაა. ის მიიჩნევს, რომ „საქმე ბევრად უფრო მძიმედ“ არის, ვიდრე მხოლოდ ივანიშვილის აქტივების საქართველოში „მუქთა ტრანსფერია“.
„სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში. ბუნებრივია, ეს საბოლოოდ ჩახერგავს დასავლეთისკენ მიმავალ გზას, რადგან ისინი იძულებული გახდებიან სანქციების ქვეშ მოახვედრონ მთელი ჩვენი საფინანსო-საბანკო სისტემა. შესაბამისად, ბუნებრივად ვხდებით რუსეთის იმპერიის ნაწილი“, - ამბობს ხუხაშვილი.
ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ „აგენტების“ კანონის აგრესიული ფორმით მიღებით ვიღაც ცდილობს პუტინს აჩვენოს, რომ ყველაფერს აკონტროლებს და მისი აქტივები საქართველოში საიმედოდ იქნება დაცული.
„ქართულმა ოცნებამ“ საგადასახადო კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით, 82 ხმით, დღეს მიიღო. კენჭისყრა ე.წ. აგენტების შესახებ რუსული კანონის მხარდაჭერის შემდეგ შედგა.
კანონპროექტით განისაზღვრება, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე (მათ შორის, წილზე/აქციაზე) საკუთრების უფლების, 2028 წლის 1 იანვრამდე საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის შემთხვევაში:
- ამ ოპერაციის ფარგლებში, შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავალი/სარგებელი გათავისუფლებულია მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან;
- აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელისგან.
- საქართველოს საწარმო ამ ოპერაციის ფარგლებში მიღებულ აქტივთან დაკავშირებით გათავისუფლებულია ქონების გადასახადისგან, 2030 წლის 1 იანვრამდე.
აღნიშნული გამოიყენება: 1. თუ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100%-ს ფლობს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი). 2. მხოლოდ იმ აქტივის გადაცემის შემთხვევაში, რომელიც შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს საკუთრებაშია.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საქართველოში ინვესტიციის დაბანდება ხშირად ხორციელდება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში [ოფშორში] რეგისტრირებული უცხოური საწარმოების მიერ, რომლებიც საქართველოში საქმიანობენ შვილობილი საწარმოების მეშვეობით, რაც მოიცავს გადასახადისგან თავის არიდების რისკს და ხელს უშლის ეფექტურ საგადასახადო ადმინისტრირებას. კანონპროექტის ავტორები აღნიშნავენ, რომ გადასახადისგან თავის არიდების პრევენციის, საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის და გადასახადის ადმინისტრირების გამარტივებისთვის მნიშვნელოვანია ხელი შეეწყოს შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული კომპანიებიდან აქტივების საქართველოში გადმოტანის პროცესს.
საკანონმდებლო ცვლილების ინციატორები არიან „ქართული ოცნების“ დეპუტატები - პაატა კვიჟინაძე, ანტონ ობოლაშვილი, ბეჟან წაქაძე, ზაალ მიქელაძე, ირაკლი ზარქუა, გოგი მეშველიანი.