პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პარტია „გირჩის“ კანონპროექტს, რომელიც საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანას და პარტიული საარჩევნო სიის შედგენისას გენდერული კვოტირების გაუქმებას ითვალისწინებს. საპარლამენტო უმრავლესობა ცვლილებებს მხარს დაუჭერს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ქართული ოცნების“ წევრის, ბექა დავითულიანის თქმით, ამ საკითხზე უმრავლესობის ლიდერს, მამუკა მდინარაძესა და კანონპროექტის ავტორს, იაგო ხვიჩიას შორის კომუნიკაცია შედგა.
„ცვლილებებთან დაკავშირებით პრინციპს უმრავლესობა ეთანხმება. ასევე, ეთანხმება დაჩქარებულ წესსაც. ასეთია ფრაქცია „ქართული ოცნების“ და უმრავლესობის პოზიცია. სამაგიეროდ, „გირჩის“ მხრიდან მიღებული გვაქვს თანხმობა, რომ რაც შეეხება ცესკოს თავმჯდომარის არჩევას, აქ ისინი იქნებიან მის კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმზე ორიენტირებულები და არ იქნება გამოყენებული გარკვეული პირადი პოლიტიკური თემების აქტუალიზაციისთვის“, - განაცხადა დავითულიანმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე.
იაგო ხვიჩიამ უმრავლესობის წევრებს მადლობა გადაუხადა, რადგან „პარლამენტში პირველად გახდა შესაძლებელი საქმეზე დალაპარაკება და რაღაც შეთანხმების მიღწევა“.
„მე მინდა ოპოზიციასაც ვთხოვო მხარდაჭერა იმისთვის, რომ ქართველ ხალხს მოვხსნათ ეს მძიმე მორალური ტვირთი, თითქოს საქართველოს პარლამენტს ჰგონია, რომ წარსულში ჩვენი წინაპრები ქალებს ჩაგრავდნენ. იმედია ბოლომდე მივა ეს საქმე“, - აღნიშნა ხვიჩიამ.
2020 წელს, მმართველი პარტიის მხარდაჭერით, საარჩევნო კოდექსში, შევიდა ცვლილება, რომლის თანახმადაც, პარტიები ვალდებულნი არიან, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ამ არჩევნების შემდგომი, 2028 წლამდე ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნებისათვის პარტიული სია შეადგინონ იმგვარად, რომ სიის ყოველ ოთხეულში ერთი პირი მაინც იყოს ქალი. „ქართული ოცნების“ ინიციატივით, 2023 წლის თებერვალში, გენდერული კვოტირების წესის მოქმედება 2032 წლის ჩათვლით გახანგრძლივდა. გენდერული კვოტირება ეხება მუნიციპალიტეტების საკრებულოებსაც. კერძოდ, 2032 წლის ჩათვლით ჩასატარებელი მუნიციპალიტეტის ორგანოთა საერთო არჩევნებისათვის პარტიულ სიაში ყოველი სამი კანდიდატიდან ერთი მაინც უნდა იყოს ქალი.
„მიუხედავად იმისა, როდის და როგორ განხორციელდება ეს ცვლილება, „ლელო“ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიულ სიას წარადგენს იმ მოდელით, რაც დღევანდელი საკანონმდებლო ბაზით არის დადგენილი არა იმიტომ, რომ ეს ჩვენ თავის დროზე მივიღეთ და მხარი დავუჭირეთ იმ მოსაზრებებიდან გამომდინარე, რაც აქ [ბიუროს სხდომაზე] გაისმა, არამედ იმიტომ, რომ ეს საჭიროდ და აუცილებლად მიგვაჩნია ამ ეტაპზე. გავა წლები და ეს აღარ იქნება საჭირო და აუცილებელი. დღეიდან ამ პროექტს მე ვერ ვუწოდებ „გირჩის“ პროექტს, ეს არის „ოცნების“ პროექტი იმიტომ, რომ „გირჩის“ იდეა იდეად დარჩებოდა რომ არ ყოფილიყო „ოცნების“ პოლიტიკური განზრახვა. დანარჩენს ხალხი განსჯის“, - განაცხადა „ლელოს“ წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა.
გენდრული კვოტირების გაუქმების წინააღმდეგია დამოუკიდებელი დეპუტატი ხატია დეკანოიძეც. როგორც ის ამბობს, „ქართულ ოცნებას“ თავის სიაში უფრო მეტი „ფულიანი ადამიანი“ სჭირდება, რის შევსებაც ქალების ხარჯზე სურს.
„კვოტა პოზიტიური დისკრიმინაციაა, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი თანასწორობის საკითხი რომ მოგვარდეს, გაცილებით მეტი ქალი რომ იყოს გადაწყვეტილების მიმღები. როგორც ჩანს, „ქართული ოცნებისთვის“ პარლამენტში ქალები არიან პრობლემა და ამიტომ გადაწყვიტეს, რომ რაც უფრო ნაკლები ქალი იქნება პარლამენტში, რაც უფრო მეტ ფულიან კაცს ჩასვამენ სიაში, მათთვის უფრო მომგებიანი იქნება. არაფერი საერთო ამას არ აქვს არც თანასწორობასთან და არც დისკრიმინაციის გაუქმებასთან“, - განაცხადა დეკანოიძემ.
კანონპროექტის განმარტებით ბარათში „გირჩის“ წევრები აღნიშნავენ, რომ სქესის ნიშნით კვოტირება კიდევ უფრო აღრმავებს ქალების მიმართ არსებულ სტერეოტიპებს, რის გამოც რთულია „ქალების სათანადო პოლიტიკურ მოთამაშეებად“ აღქმა.
დღეს საქართველოს პარლამენტის 139 დეპუტატს შორის 112 კაცი და 27 ქალია.