„ქართული ოცნება“ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში „სამშობლოს ღალატის“ მუხლს დაამატებს. ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 17 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 პოლიციის აკადემიის რექტორად სავარაუდო კორუფციაში მხილებული ლელა ჩიქოვანი დაინიშნა
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
„ჩვენი გადაწყვეტილებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს დაემატება და უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვით, სისხლის სამართლის კოდექსში აღდგება სამშობლოს ღალატის მუხლი, რომელიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ამოიღო. რაც უნდა ვინმეს გაუკვირდეს, თუ არ გაუკვირდეს ან სიმბოლური იყოს, ეს მოხდა აგვისტოს ომამდე, ეს გააკეთეს აგვისტოს ომამდე, 2007 წლის აპრილის თვეში“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
არალეგიტიმურ პარლამენტში კანონპროექტის დაინიცირება მიმდინარე კვირაში, ხოლო მიღება თვე-ნახევარში იგეგმება.
სისხლის სამართლის კოდექსში 2007 წლის 7 მაისამდე მოქმედებდა 307-ე მუხლი - „სახელმწიფოს ღალატი“, რომელიც შემდეგნაირად იყო ჩამოყალიბებული:
„სახელმწიფოს ღალატად ითვლება საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევა (მუხ. 308-ე), ანტიკონსტიტუციური ხელშეკრულების დადება ან მოლაპარაკების წარმოება (მუხ. 309-ე), საქართველოს საგარეო უშიშროების ხელყოფა (მუხ. 310-ე), უცხოეთის სადაზვერვო სამსახურში შესვლა (მუხ. 311-ე), საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ხელყოფა (მუხ. 312-ე), სახელმწიფო საიდუმლოების გაცემა (მუხ. 313-ე), ჯაშუშობა (მუხ. 314-ე), შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად (მუხ. 315-ე), საბოტაჟი (მუხ. 318-ე), უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება (მუხ. 319-ე), თუ ეს ქმედება ჩაიდინა საქართველოს მოქალაქემ ან საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა მოქალაქეობის არმქონე პირმა“.
307-ე, ძალადაკარგულად ცნობილ მუხლში ჩამოთვლილი დანაშაულები კვლავ სისხლის სამართლის წესით დასჯადია.
2020 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე, იმ პერიოდში, როცა პროკურატურამ ე.წ. კარტოგრაფების საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საკითხზე მომუშავე სახელმწიფო კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა, მამუკა მდინარაძე გამოთქვამდა ვარაუდს, რომ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელმწიფოს ღალატის მუხლი სწორედ კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით ამოიღო. „გააუქმეს საერთოდ ასეთი ტერმინი და ეს ემთხვეოდა იმ პერიოდს, როდესაც კომისიის დონეზე, საექსპერტო დონეზე მიდიოდა შეთანხმებები საქართველოს საუარესოდ“, - ამბობდა მდინარაძე.
მაშინ, ნიკა გვარამიამ, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა, მდინარაძეს არაკვალიფიციური იურისტი უწოდა და განმარტა, რატომ გაუქმდა აღნიშნული მუხლი: „სამშობლოს ღალატის ყოფილი მუხლი, 307-ე იყო ბლანკეტური ნორმა, რომელიც მიუთითებდა რომელი მუხლები ითვლება სამშობლოს ღალატად, ანუ მას დამოუკიდებელი შინაარსი არ ჰქონდა. რაც შეეხება, რატომ მოიხსნა სათაურადაც კი „სამშობლოს ღალატი“, გეტყვით მარტივად: ეს იყო საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და შუამდგომლობა, რომ ირაკლი ბათიაშვილი, რომელიც ამ ნორმით იყო დაკავებული, სამშობლოს მოღალატედ არ ჩაითვალოსო. ესე გვთხოვეს, რონ სამშობლოს ღალატი, ეს მძიმე კლიშე რომ მოეხსნას, იქნებ ამ ნორმას შეუცვალოთ სათაურიო. ზოგადადაც, ამ ბლანკეტური ნორმის საჭიროება არც იყო, ამას ანგარიში გაეწია და მოხდა ეს ცვლილება. ნორმები, შემადგენლობები, რომლებიც მითითებული იყო დარჩა ყველა“.
