ახლად არჩეული ევროპარლამენტის შემადგენლობაში ვერ მოხვდნენ კლერ დეილი და მიკ ვოლასი, რომლებიც პრორუსული პოზიციებით გამოირჩეოდნენ და „ქართულ ოცნებასაც“ უჭერდნენ მხარს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
მემარცხენე ირლანდიელ პოლიტიკოსებს გამოცემა Politico ევროკავშირის პარლამენტში რუსეთის „საუკეთესო მეგობრებს“ შორის ასახელებდა. მათ ხმა მისცეს ევროპარლამენტის იმ რეზოლუციის წინააღმდეგ, რომელიც ტრიბუნალის შექმნას და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის გამო, რუსეთის ხელმძღვანელი პირების დასჯას ითხოვდა. 2022 წელს გამოცემა Irish Times-ის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ აჩვენა, რომ აღნიშნული ევროპარლამენტარები ფართოდ შუქდებოდნენ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად მედიაში რუსეთში, ჩინეთში და სხვაგან, როგორც ამ მთავრობების პოლიტიკის მხარდამჭერები. გამოცემა Irish Examiner-ი წერს, რომ რუსული მედია დეილსა და ვოლასს წარმოაჩენდა, როგორც ევროპის სინდისს. „როგორც ჩანს, მათ არ ჰქონდათ პრობლემა გამოყენებული ყოფილიყვნენ ტოტალიტარულ რეჟიმებში სახელმწიფო მედიის პროპაგანდის იარაღებად“, - ვკითხულობთ Irish Examiner-ში გამოქვეყნებულ მოსაზრებაში.
მაისში, როდესაც ევროპარლამენტმა საქართველოში ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონის მიღების გამო დებატები გამართა, მიკ ვოლასმა „უკიდურესი ფარისევლობა“ უწოდა ევროკავშირის და სხვების მხრიდან ამ კანონის დაგმობას.
„როდის შეწყვეტენ შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები საქართველოს მსგავს სუვერენული სახელმწიფოების შიდა საქმეებში ჩარევას? რეჟიმის შეცვლის მიზნით არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება მათი გეოპოლიტიკური ინტერესების დასაკმაყოფილებლად საქართველოს დესტაბილიზაციაა“, - წერდა 5 მაისს მიკ ვოლასი.
კლერ დეილი კი აცხადებდა, რომ ევროპარლამენტი არსებობენ ლობისტები, რომლებიც ამ ორგანოს იყენებენ „რათა მოახდინონ ხელისუფლების ცვლილება საქართველოში“. ქართულ პროსამთავრობო ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში ის ამბობდა, რომ ევროპარლამენტში „ეს ძალები მუშაობენ იმისთვის, რომ საქართველო ჩართონ რუსეთთან პოლიტიკურ ბრძოლაში, რაც გააკეთეს უკრაინაში“.
კლერ დეილი და მიკ ვოლასი უკრაინის მიმართ ევროკავშირისა და ნატოს პოლიტიკის ხმამაღალი კრიტიკოსები იყვნენ. ომის დაწყებამდე უკრაინის საზღვარზე რუსული ჯარის მობილიზებას კლერ დეილიმ თავდაცვა უწოდა, ხოლო უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ სანქციების წინააღმდეგ გამოვიდა. Irish Times-ის ინფორმაციით, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კლერ დეილი შეიყვანა იმ საჯარო პირთა სიაში, რომლებიც რუსულ პროპაგანდას უწყობენ ხელს. დეილის ედავებიან ორი ნარატივის გავრცელებას - „რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უდანაშაულო ადამიანებს ტანჯავს“, უკრაინის კონფლიქტი „ნატოსა და რუსეთს შორის მარიონეტული ომია“.
ევროპარლამენტის არჩევნებში ევროკავშირის 27 წევრ ქვეყანაში 6-9 ივნისს მიმდინარეობდა. ოფიციალური შედეგების მიხედვით, 720 საპარლამენტო მანდატიდან ყველაზე მეტი, 190, ევროპის სახალხო პარტიას (EPP) ერგო. დანარჩენი ადგილები ასე გადანაწილდა: „სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი“ (S&D) – 136; „განაახლე ევროპა“ (Renew Europe) – 80; „ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები“ (ECR) - 76, „იდენტობა და დემოკრატია“ (ID) – 58; „მწვანეები“/EFA – 52; „მემარცხენე“ (Left) – 39. 44 და 45 მანდატი განაწილდება წევრებზე, რომლებიც არცერთ ზემოთ ჩამოთვლილ პოლიტიკურ ჯგუფში არ შედიან და ახალარჩეულ წევრებზე, რომლებიც არ მიეკუთვნებიან 2019-2024 წელს პარლამენტში შექმნილ არცერთ პოლიტიკურ ჯგუფს.