„ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ! - რუსი პროპაგანდისტი სიმონიანი საქართველოს არჩევნებზე

კრემლის პროპაგანდისტი მარგარიტა სიმონიანი საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს გამოეხმაურა. „ქართველებმა გაიმარჯვეს. ყოჩაღ!“ - დაწერა მან „ტელეგრამში“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

მანამდე, ჯერ კიდევ წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე, „ქართულ ოცნებას“ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს „უდიდესი უპირატესობით გამარჯვება“ უნგრეთის პრემიერმა, ვიქტორ ორბანმა მიულოცა. „საქართველოში ხალხმა იცის, რა არის მათი ქვეყნისთვის საუკეთესო და დღეს მათი ხმა გაისმა!“, - დაწერა ორბანმა X-ზე.

26 ოქტომბრის, 23:20 საათის მოცემულობით, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 3111 საარჩევნო უბნიდან 2239-ის, ანუ თითქმის 72% დაითვალა. წინასწარი შედეგების მიხედვით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმათა 53% აიღო, რაც იმას ნიშნავს, რომ პარლამენტში მანდატების უმრავლესობის მოპოვებას და მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას შეძლებს.

საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები ასეთია:

  • „ქართული ოცნება“ – 951 037 ხმა (53.028%)
  • „კოალიცია ცვლილებისთვის“ – 200 604 ხმა (11.185%)
  • „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ – 176 700 ხმა (9.852%)
  • „ძლიერი საქართველო“ – 161 603 ხმა (9.011%)
  • „გახარია საქართველოსთვის“ – 147 487 ხმა (8.224%)

წინასწარი შედეგების მიხედვით, 5%-იან საარჩევნო ბარიერს ვერ ლახავენ საპარლამენტო პარტია „გირჩი“, რომელმაც 57 769 ხმა (3.22%) მიიღო, ასევე, „პატრიოტთა ალიანსი“ (2.52%) და „ლეიბორისტული პარტია“ (0.75%).

ამომრჩეველთა აქტივობამ, 20:00 საათისთვის, 58.94% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ საარჩევნო უბნებზე 2 060 412 ამომრჩეველი მივიდა. შედარებისთვის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე აქტივობა 56.11% იყო, 2016 წელს - 51.63%, ხოლო 2012 წელს - 60.8%.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.