ხარაგაულში „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელები აღარ მივიდნენ სოფელ ფარცხნალში გამართულ შეხვედრაზე, სადაც ოპოზიციურად განწყობილი მოქალაქეებიც შეიკრიბნენ. კამპანიას მერი, მილიონერი ბიზნესმენი კობა ლურსმანაშვილი და მაჟორიტარი, პარლამენტში რუსული კანონის მხარდამჭერი პაატა კვიჟინაძე ატარებენ. კვიჟინაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრია და დეპუტატობას კიდევ ერთი ვადით აპირებს .
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
ფარცხნალის თემი 4 სოფელს აერთიანებს. 12 ოქტომბერს ჩანიშნული შეხვედრის შესახებ სოფლების ოპოზიციურად განწყობილმა მცხოვრებლებმა იმ სოციალურად დაუცველებისგან და საჯარო სამსახურის წარმადგენლებისგან შეიტყვეს, რომელთაც დასწრება დაევალათ.
„ლურსმანაშვილი და კვიჟინაძე შეხვედრებს ჩუმად ატარებენ იმ წრეში, სადაც კრიტიკულ მოსაზრებებს ვერ მოისმენენ. ხვდებიან საკუთარ აქტივს, მხარდამჭერებად მოაზრებულ სოციალურად დაუცველ და საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულ ადამიანებს.
ჩვენ გავიგეთ შემთხვევით და გადავწყვიტეთ მისვლა. პროვოკაციას რომ არ ჰქონოდა ადგილი, შევატყობინეთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, მე დავურეკე ეუთოს წარმომადგენლებს და მოვიდნენ თარჯიმნებით. როგორც ჩანს, ლურსმანაშვილმა და კვიჟინაძემ ჩვენი მობილიზების შესახებ გაიგეს და არ გამოცხადდნენ. მათ ნაცვლად შეხვედრა ჩაატარეს ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარემ მანანა ბარბაქაძემ და მისმა მოადგილემ პაატა გოგოლაძემ“, - უთხრა „საქართველოს ამბებს“ ხარაგაულის საკრებულოს წევრმა და „ლელოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ინგა მაღრაძემ.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მხარდამჭრებიც უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ.
„თავი მოტყუებულად იგრძნეს, მოვიდნენ ლურსმანაშვილის მოსასმენად და თავად არ გამოცხადდა. ბაქრაძემ და მისმა მოადგილემ ტრადიციულად გააკეთეს განცხადებები მშვიდობის თემაზე, ევროკავშირზე, ოჯახურ ღირებულებებზე, რა აშენდა, რა გაკეთდა...
ჩვენ კრიტიკული კითხვები დავსვით, რომ რა დროს ანტი ლგბტ პროპაგანდაა, როცა ახალგაზრდებისგან იცლება რაიონი, სოფლებში ხალხი აღარ დარჩა, ოჯახები გაიყო, დედები შვილებს ტოვებენ და ემიგრაციაში მიდიან, არსებობა რომ შეძლონ. მეორე საკითხი რუსულ კანონს ეხებოდა - ადგილობრივი გაზეთის, „ჩემი ხარაგაულის“ წარმომადგენელიც იქ იყო, რომელმაც იკითხა, არის თუ არა აგენტი. მწვავე დისკუსია გაიმართა ამ საკითხზე“, - აღნიშნა მაღრაძემ.
მისი ინფორმაციით, ერთადერთი სოფელი, სადაც ფარცხნალის მსგავსად კრიტიკული კითხვა დაისვა, სოფელი ხიდარი იყო. სოფლის მკვიდრმა, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომელმა რუსეთისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ და ადგილობრივებისთვის ტყით სარგებლობაზე კითხვებით კობა ლურსმანაშვილს მიმართა.
„დასაჯეს და გაათავისუფლეს სამსახურიდან. მის გასათავისუფლებლად ეროვნული სატყეო სააგენტოს მაღალი თანამდებობების პირები ჩავიდნენ, შარი მოსდეს, თითქოს, მის უბანზე მოჭრილი ხეები არ ჰქონდა აღრიცხული“, - ამბობს ინგა მაღრაძე.
ფარცხნალის შეხვედრასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ ოფიციალურ განცხადებაში, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების დასწრება პროვოკაციადაა შეფასებული. პარტიაში აღნიშნავენ, რომ მცდელობის მიუხედავად, შეხვედრა არ ჩაიშალა და ყველა კითხვას ამომწურვად უპასუხეს.
შეხვედრის შემდეგ ეუთოს და ადამიანის უფლებების ოფისის (ოდირი) სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან და „ქართული ოცნების“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან, კობა ლურსმანაშვილთან თავად მივიდნენ. განხილვის თემა მოახლოებული საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში მომდინარე პოლიტიკური პროცესები იყო.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 18 ათასი ადამიანი ცხოვრობს, საიდანაც 7 ათასზე მეტი სოციალური შემწეობის მიმღებია.