„ხელისუფლება ცდილობს გამაჩუმოს, რომ აღარ ვილაპარაკო შოვში მომხდარ ტრაგედიაზე და სხვა საფრთხეებზე. ასე იყო 2021 წელს, ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის დროსაც. მაშინაც ააგორეს კამპანია ჩემს წინააღმდეგ. ცხადია, ეს ყველაფერი უკავშირდება შოვის, ჭიათურის და ზოგადად მშენებლობების თემებთან მიმართებაში ჩემს მიერ გაკეთებულ განცხადებებსა და პოზიციას. ჩემი შანტაჟი პირადი ცხოვრებით არ გამოგივათ. არ გავჩუმდები! ნუ ცდილობთ ჩემს გაშავებას და ყურადღების გადმოტანას ჩემზე. უპასუხეთ ხალხს“, - ასე გამოეხმაურა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მეცნიერი თეა გოდოლაძე მის წინააღმდეგ პროსახელისუფლებო ტელევიზიის „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ოჯახურ ძალადობაშია ბრალდებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„ეს საკითხი ეხება ჩემს პირად ცხოვრებას და ძალიან მძიმეა ჩემთვის. 2022 წლის 7 აპრილს, ღამით, ყოფილი პარტნიორისაგან ადგილი ჰქონდა ჩემზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას, რის გამოც 2022 წლის აპრილის თვიდან გავდიოდი მკურნალობას. ამ ეტაპზე საქმე სასამართლოშია. „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია ეხება 2 წლის წინ მომხდარ შემთხვევაზე დაფუძნებულ შეთითხნილ ბრალდებას. ჩემმა ყოფლმა პარტიორმა თეიმურაზ შერგელაშვილმა, რომელიც ამჟამად ბრალდებულია ჩემს მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ფაქტთან დაკავშირებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივით, შეთითხნა ცრუ ბლადებები მტკიცებულებების გარეშე, პროვოკაციის მოწყობის მიზნით“, - აღნიშნა გოდოლაძემ.
თეა გოდოლაძის ინტერესებს ორგანიზაცია „საფარი“ უკვე ერთ წელზე მეტია იცავს. „საფარის“ განცხადებით, გოდოლაძე პარტნიორის მხრიდან ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი გახდა და აქვს დაზარალებულის სტატუსი. ბრალდებულ კაცს 15 000-ლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ამ საქმის განხილვას სასამართლო მალე დაასრულებს.
„შურისძიებისა და ზეწოლის მიზნით, მოძალადემ თავად დაადანაშაულა დაზარალებულ ქალი ძალადობაში, თუმცა, თეა გოდოლაძის წინააღმდეგ გამოცემული შემაკავებელი ორდერი სასამართლომ გააუქმა. ამის მიუხედავად, პროკურატურამ მას მაინც, სრულიად უსაფუძვლოდ, ბრალი წარუდგინა. აღსანიშნავია, რომ მოძალადეების მხრიდან მსხვერპლი ქალის დადანაშაულება, სამწუხაროდ, დამკვიდრებული პრაქტიკაა.
ამ საქმის გახმაურება არის საზოგადოების ყურადღების გადატანის მცდელობა თეა გოდოლაძის პროფესიული საქმიანობიდან მისი პირადი ცხოვრებისკენ.
აგორებული შავი კამპანიის მიზანია გააჩუმონ პროფესიონალი, რომელიც ყოველთვის ღიად და აქტიურად აფიქსირებს თავის კრიტიკულ მოსაზრებებს ეკოლოგიისა თუ განაშენიანების საკითხებზე.
ის აქამდეც არაერთხელ გამხდარა ვერბალური თავდასხმის ობიექტი, მათ შორის, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან“, - ნათქვამია „საფარის“ მიერ გავრცეებულ განცხადებაში.
თეა გოდოლაძემ 3 აგვისტოს შოვში მომხდარ სტიქიურ უბედურებასთან დაკავშირებით, პირველივე დღეებში თქვა, რომ შესაძლებელი იყო მსხვერპლის თავიდან არიდება, რასაც ხელისუფლება არ ეთანხმება. ამიტომ, ის მაშინვე გახდა პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების მხრიდან თავდასხმის ადრესატი.
უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წლის ივნისში, „რუსთავი 2“-მა გაავრცელა ინფორმაცია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ნინო დობორჯგინიძის ნასამართლობის შესახებ. საქმე ეხება 2010 წელს მომხდარ ავტოავარიას, რომელსაც ნინო დობორჯგინიძის ოჯახის წევრი ემსხვერპლა. მაშინ ნინო დობორჯგინიძემ თქვა, რომ ეს იყო მისი ფსიქოლოგიურად განადგურების მცდელობა და თავდასხმა უნივერსიტეტზე.