ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია საქართველოს წინაშე დანაპირები. გასაკვირი იყო, რომ ხელისუფლება ასე თბილად მიესალმა პუტინის ამ ჟესტს. პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით უფრო მეტად შემაშფოთებელია ის, რომ იგი რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში გასასვლელს აძლევს. რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გაიგონ, რომ ისინი იზოლირებულები არიან, რადგან მათმა მთავრობამ ომის დაწყება აირჩია. კიდევ ერთი გზავნილი, რომლითაც სანქციების კოორდინატორები ჩამოვიდნენ, არის ის, რომ საჭიროა მუდმივი სიფხიზლე, რადგან რუსეთი ყოველთვის ცდილობს იპოვოს ახალი გზები ნაწილების, კერძოდ კი, იმ კომპონენტების მისაღებად, რომლებიც საბოლოო ჯამში იმ იარაღში აღმოჩნდება, რასაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის, საცხოვრებელი სახლების დაბომბვისთვის, შიშისა და ნგრევისთვის იყენებს. ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება“ - აცხადებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი „საქართველოს ამბებთან“ ინტერვიუში.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

- ქალბატონო ელჩო, მინდა გკითხოთ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასა და პუტინის ბრძანებაზე, რომლითაც 23 წლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. საქართველოს ხელისუფლება ამ ქმედებებს მიესალმა. რატომ იღებს რუსეთი ასეთ გადაწყვეტილებებს ახლა?

- არ მინდა სპეკულირება იმაზე, თუ რატომ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები, რომ

ახლა არ არის დრო, რომელიმე ქვეყანა დაუახლოვდეს რუსეთს, მითუმეტეს, ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20% რუსეთს აქვს ოკუპირებული. ვფიქრობ, გასაკვირი იყო, რომ ხელისუფლება ასე თბილად მიესალმა პუტინის ამ ჟესტს. ეს ხდება ყველა იმ დარღვეული პირობის, მთელი იმ აგრესიის შემდეგ, რაც საქართველომ განიცადა პუტინის, კრემლის და რუსეთის მხრიდან.

რა თქმა უნდა, მთავრობები ცდილობენ თავიანთი ხალხის დახმარებას, მაგრამ 130 ათას ადამიანს, ძირითადად, რუსეთისა და საქართველოს ორმაგ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, უკვე ჰქონდათ გზები საქართველოში მიმოსვლისთვის. მათ დიდი წვალების გარეშე შეეძლოთ ამის გაკეთება ერევნის ან მინსკის გავლით. ჩვენ უკვე ვხედავთ ზეწოლას, მაგრამ ასევე წახალისებებს რუსეთის, პუტინის და კრემლის მხრიდან, რათა სცადონ საქართველოს უკან შეტყუება.

რუსეთს ახლა არც თუ ისე ბევრი მეგობარი ჰყავს და ამას აქვს თავისი მიზეზი - რუსეთი სასტიკად ესხმის თავს უკრაინაში მშვიდობიან მოქალაქეებს, ბავშვებსა და მოხუცებს, ცდილობს რა, რომ რუსეთის იმპერია აღადგინოს. ეს არის ძალაუფლებისა და ტერიტორიის შემაძრწუნებელი მიტაცება და თუ რომელიმე ქვეყანას შეუძლია გაიგოს, რა არის უკრაინის ინტერესი მისი კულტურული იდენტობის, ისევე როგორც სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებისა და დაცვის თვალსაზრისით, ეს არის საქართველო. ისევ და ისევ, ჩვენ ვფიქრობთ, რომ

სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია საქართველოს წინაშე დანაპირები.

როგორც საელჩოს, ასევე ვაშინგტონის განცხადებებიდან ნათელია, რომ ამას ჩვენ გარკვეული შეშფოთებით ვუყურებთ.

- არის თუ არა რუსეთისთვის საჰაერო სივრცის გახსნა აგრესორი ქვეყნის დახმარება და რამდენად საფუძვლიანია ეჭვები, რომ საქართველო რუსეთს დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარება? ცოტა ხნის წინ, რუსეთის საბაჟო სამსახურის უფროსმა თქვა, რომ ევროპის ქვეყნების მიერ დაწესებული ეკონომიკის ბლოკადა საქართველო-რუსეთის საზღვარზე, „ზემო ლარსის“ გამშვებ პუნქტზე ირღვევა.

- მე არასოდეს ვენდობოდი რუსეთის თანამდებობის პირის ნათქვამს. ვიცით, რომ ისინი პროპაგანდის დიდოსტატები არიან და მათი პროპაგანდის მიზანია არა მხოლოდ საქართველოს დაყოფა, არამედ საქართველოს დაშორება მისი სტრატეგიული პარტნიორებისგან: შეერთებული შტატებისგან, ევროკავშირისა და  გაერთიანებული სამეფოსგან; მათგან, ვისაც სწამს თავისუფლების და ვინც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდამჭერია. ნათელია, რომ რუსეთი სწორედ ამის შესუსტებას და ძირის გამოთხრას ცდილობს.

ახლახან გვქონდა აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოსა და ევროკავშირის სანქციების კოორდინატორების ვიზიტი. ეს იმავდროულად იყო მადლობის თქმაც საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების მიმართ, რომელიც ყველაფერს აკეთებს, რომ გააკონტროლოს რა შემოდის და გადის საქართველოდან. საბაჟოს და სასაზღვრო პოლიციას დიდი ხნის პარტნიორობა აკავშირებთ შეერთებულ შტატებთან - ეს არის სწავლება, ჩვენ მათ მივეცით აღჭურვილობა და რაც ვნახეთ არის ის, რომ ისინი აკეთებენ ყველაფერს, რაც შეუძლიათ. უზარმაზარი ამოცანაა, გააკონტროლო იმ საქონლის ნაკადი, რომელიც შემოდის და გადის საქართველოდან, ნაწილობრივ იმის გამოც, რომ ომის დაწყების შემდეგ მისი მოცულობა ძალიან გაიზარდა.

ჩვენ ვიხილეთ ძალიან კარგი ძალისხმევა სანქციების, კერძოდ, ფინანსური სანქციების დასანერგად და შესასრულებლად. ვფიქრობ, ეროვნულმა ბანკმა ძალიან კარგი სამუშაო გასწია.

კიდევ ერთი გზავნილი, რომლითაც სანქციების კოორდინატორები ჩამოვიდნენ, არის ის, რომ საჭიროა მუდმივი სიფხიზლე, რადგან რუსეთი ყოველთვის ცდილობს იპოვოს ახალი გზები ნაწილების, კერძოდ კი, იმ კომპონენტების მისაღებად, რომლებიც საბოლოო ჯამში იმ იარაღში აღმოჩნდება, რასაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმისთვის, საცხოვრებელი სახლების დაბომბვისთვის, შიშისა და ნგრევისთვის იყენებს. ასე რომ, ახლა ეს ძალიან კონკრეტული სიაა, მაგრამ რადგან რუსეთს უწევს ადაპტირება და ახალი გზების პოვნა, ისინი ყოველთვის ეძებენ შესაძლებლობებს.

შესაბამისად, ამ გზავნილის ნაწილი იყო ის, თუ კიდევ რისი გაკეთება შეგვიძლია ერთად, რათა დავეხმაროთ საქართველოს თავიდან აიცილოს რუსეთის მცდელობები, საქართველოს გავლით გადაიტანოს რაღაცები. ეს აუცილებლად მთავრობას არ ეხება და შეიძლება არსებობდნენ კომპანიები, რომლებიც დაკავშირებულნი არიან რუსეთთან ან რუსეთი იხდის დიდძალ თანხას, რის გამოც მათ რუსეთისთვის დახმარება უღირთ.

ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება. ვიდრე რუსეთს აქვს წვდომა ამ ნაწილებზე, აღჭურვილობაზე, ის გააგრძელებს უკრაინის დაბომბვას, გააგრძელებს ამ ომს.

ამიტომაც არის სანქციები მნიშვნელოვანი, რომ ეს ომი, რაც შეძლება სწრაფად დავასრულოთ.

ჩვენ უნდა ვნახოთ, რეალურად რა ოდენობის ტვირთი მოჰყვება ამ პირდაპირ რეისებს.

პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით უფრო მეტად შემაშფოთებელია ის, რომ იგი რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში გასასვლელს აძლევს, რადგან ევროპამ საკუთარი საჰაერო სივრცე რუსეთის მოქალაქეებისთვის ჩაკეტა და პირდაპირი ფრენები მათ უკანა კარს უხსნის ევროპისკენ. ისევ და ისევ, მნიშვნელოვანია, რუსეთის მოქალაქეებმა გაიგონ, რომ ისინი იზოლირებულები არიან, რადგან მათმა მთავრობამ ომის დაწყება აირჩია.

მთელ ამ ევროპულ რეგიონში, 75 წლის განმავლობაში, შედარებით მშვიდობა და სტაბილურობა გვქონდა, ვიდრე რუსეთი კვლავ არ დაიწყებდა ომს. 2008 წელს აქ დაიწყეს ომი, 2014 წელს უკრაინაში შეიჭრნენ და ახლა ისევ დამანგრეველი მცდელობაა, გაანადგუროს უკრაინა, როგორც ერი, უბრალოდ რუსეთის იმპერიის აღდგენის ხარბი სურვილის გამო. ვფიქრობ, ბევრი შიშობს, რომ თუ ერთად და ძლიერად არ დავდგებით, პუტინი ვერ მიიღებს გზავნილს, რომ ასე ვეღარ გააგრძელებს, რომ ეს უნდა შეწყდეს. ასე რომ, თბილისამდე პირდაპირი ფრენების, შემდეგ კი საფრანგეთში თუ გერმანიაში გამგზავრების საშუალების მიცემა რუსეთის მოქალაქეებს აფიქრებინებს, რომ ყველაფერი ნორმალურადაა. ეს არ არის ნორმალური. სწორედ მათმა მთავრობამ დაარღვია მშვიდობა და სტაბილურობა, რომლის ასაშენებლად ჩვენ ყველამ ამდენი გავაკეთეთ ბოლო 75 წლის განმავლობაში.

- მოსკოვში უკვე საუბრობენ შემდეგ ნაბიჯებზე - აფხაზეთის გავლით რკინიგზაზე თუ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე. თქვენი აზრით, რატომ აქტიურდება ეს თემები და რამდენად რეალურია, რომ რუსეთი ამ მიმართულებითაც წარმატებას მიაღწევს?

- მიხარია, რომ ბოლო დღეების განმავლობაში მოვისმინე ხელისუფლების რამდენიმე წარმომადგენლის განცხადება, რომლებმაც ძალიან კატეგორიულად და მკაფიოდ თქვეს - არ იქნება რკინიგზა, არ მოხდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა. ასე რომ, ხელისუფლება ოფიციალურად აცხადებს, რომ ეს არ მოხდება.

რატომ აკეთებს რუსეთი ამას? ვფიქრობ, ეს არის იმ ზეწოლის ნაწილი, რომელსაც კრემლი ახორციელებს საქართველოზე, რათა აქ არეულობა შემოიტანოს, შექმნას დაბნეულობა, შიში და სამწუხაროდ, ეს მუშაობს. ვგულისხმობ იმას, რომ თქვენ ხედავთ განხეთქილებას საქართველოში, რომელიც გამოწვეულია ამ პრორუსული დეზინფორმაციით და ეს არ ხდება მხოლოდ გასული წლის შემდეგ. ეს მიმდინარეობს იმ 3.5 წლის განმავლობაში, რაც აქ ვარ, ახლა უფრო გამძაფრებულია და ხდება ქართველებისთვის ძალიან ემოციურ საკითხებთან დაკავშირებით.

როგორ წარმოუდგენია რომელიმე ქართველს რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზება, როცა რუსეთს ჯერ კიდევ ოკუპირებული აქვს თქვენი ტერიტორიის 20%, ხელს უშლის ოჯახებს გაერთიანებაში, ხალხს საკუთარ ბაღებში მუშაობაში რაღაც ხელოვნური საზღვრის გამო, სადაც პატრულირებას პრორუსული ძალები ახორციელებენ?

შეასრულოს რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები, გავიდეს ოკუპირებული ტერიტორიებიდან და უკან წაიღოს აღიარება, რათა საქართველომ შეძლოს მშვიდობიანი გზით გადაჭრას უთანხმოება აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან - ეს არის ქართველების პრიორიტეტი, რის შესახებაც მე ყოველთვის მესმოდა მას შემდეგ, რაც აქ ვარ. რუსეთის ინტერესებში არაა ამის დაშვება. ამიტომ ჩვენ ვხედავთ, რომ ის მუდმივად ცდილობს დაყოფას, განცალკევებას და დაბნევას, რაც მოსახლეობაში შიშს ქმნის.

- მაისში საქართველოში იმყოფებოდნენ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ოჯახის სანქცირებული წევრები. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება და ამაში პერსონალური სანქციებიც იგულისხმება. გარდა ამისა, მან თქვა, რომ ოჯახის წევრის სანქცირება უხეშად ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებების სტანდარტებს. რაზე მეტყველებს დასავლური სანქციების მიმართ საქართველოს ხელისუფლების ასეთი მიდგომა? თქვენ, როგორც იურისტი, როგორ ფიქრობთ, იღვევა თუ არა ადამიანის უფლებები მაშინ, როდესაც ლავროვის მსგავსი პირების ოჯახის წევრები სანქციების ქვეშ ხვდებიან?

- რამდენადაც ვიცი, არასოდეს ყოფილა სასამართლოს გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ ეს ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაა. ასე რომ, ალბათ ეს მისი [ირაკლი კობახიძის] პირადი აზრია. ვიცი, ისიც თქვა, თუ ვინმე უკანონოდ შევიდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაშინ მას საქართველოში არ მიიღებენ. ჩვენ ვიცით, რომ საგარეო საქმეთა მინისტრმა ლავროვმა ეს გააკეთა. არ ვიცი, გააკეთეს თუ არა იგივე მისმა სიძემ და ქალიშვილმა, მაგრამ ასევე ცხადია, რომ ისინი დაახლოებულნი არიან პრეზიდენტ პუტინთან და კრემლში გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან, რომლებიც მონაწილეობდნენ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყებაში. ვფიქრობ, ქართველმა ხალხმა ნათლად განაცხადა, რომ მაშინ, როცა რუსეთს ქვეყნის 20% აქვს ოკუპირებული, ამ მაღალი დონის ხელმძღვანელობას და კრემლის ელიტას აქ არ მიესალმებიან. ჩემი აქ ყოფნის პერიოდში იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც საქართველოს მოქალაქეებმა ნათლად თქვეს, რომ ეს არ მოსწონთ და არ მიესალმებიან  და საამისოდ კარგი მიზეზი აქვთ - ეს ადამიანები წარმოადგენენ კრემლის ელიტის ნაწილს, რომელიც თქვენი ქვეყნის ოკუპაციას აგრძელებს. არამგონია გასაკვირი ყოფილიყო, რომ ხალხი ამას გააპროტესტებდა.

- რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლისა და რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო შეზღუდვების საკითხზე საუბრისას ირაკლი კობახიძემ თქვა - აშშ-ის ელჩი რომ იყოს, იზრუნებდა აშშ-ს საქართველოსთან პირდაპირი ფრენები, მისი მოქალაქეებისთვის კი უვიზო რეჟიმი დაეწესებინა. მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეებს სავიზო განაცხადების მხოლოდ 37% უკმაყოფილდებათ. განიხილება თუ არა საქართველოსა და ამერიკას შორის პირდაპირი ფრენებისა და სავიზო რეგულაციების გამარტივების საკითხები?

- კარგი წინადადებაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, მრავალი წელია ვმუშაობთ პირდაპირი ფრენების დამყარებაზე და კოვიდამდე კარგი პროგრესიც იყო. კომერციული ასპექტი კვლავ განიხილება. ვიმედოვნებთ, რომ გარკვეული პროგრესი ამ მხრივ იქნება. ამის გაკეთებას აზრი უნდა ჰქონდეს ბიზნესის თვალსაზრისით. შეერთებული შტატები შორს არის საქართველოდან. ჩვენ ადვოკატირებას ვუწევთ კომერციული ავიაკომპანიის არსებობას, რომელსაც შეუძლია ამისთვის რესურსების გამოყოფა და ვაფასებთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას. თუმცა, საბოლოო ჯამში, პირდაპირი ფრენების დაწყება იქნება ავიაკომპანიის კომერციული, საქმიანი გადაწყვეტილება. გასულ კვირას ჯორჯიის შტატის გუბერნატორის და მისი დელეგაციის ძალიან პოზიტიური ვიზიტი შედგა. ისინი აღფრთოვანებულნი არიან იმ შესაძლებლობებით, რაც აქ, საქართველოშია ერთად მეტი საქმის გასაკეთებლად. იმდენად აღფრთოვანებულნი არიან, რომ მათი განათლების მინისტრი დაბრუნდება საქართველოში აქაურ სამინისტროსთან სამუშაოდ და ასევე, შტატის ეკონომიკის მინისტრს სურს დაბრუნდეს, შეხედოს შესაძლებლობებს. ასე რომ, ამერიკელი ოფიციალური პირების, ისევე როგორც ბიზნესის მხრიდან დიდია დაინტერესება იმით, თუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად, როგორც პარტნიორებმა. რა თქმა უნდა, მთავრობის მხარდაჭერა ეროვნულ, რეგიონულ და მუნიციპალურ დონეზე აქ, საქართველოში ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამისთვის.

ჩვენ ყოველწლიურად ათასობით ქართველს მივესალმებით შეერთებულ შტატებში, როგორც ტურისტებს, სტუდენტებს და ბიზნესმენებს, ყველა სექტორის წარმომადგენლებს. მოხარული ვართ, რომ ამდენ ქართველს უნდა ჩამოსვლა. ფაქტობრივად, ვნახეთ, რომ შეერთებულ შტატებში ჩასვლის მსურველი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა მნიშვნელოვანად გაიზარდა. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ მათ, ვისაც ამის გაკეთება ლეგალური გზით სურთ და ვინც აპლიკაციას ავსებს. ვიცი, რომ ეს საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია და არც ისეთი ადვილია, როგორსაც ვისურვებდი, მაგრამ ჩვენ მივესალმებით მათ, ვისაც ლეგალურად უნდათ ჩამოსვლა. ჩვენ ასევე ვნახეთ, რომ გაიზარდა საქართველოს იმ მოქალაქეთა რაოდენობაც, რომლებიც არალეგალურად ცდილობენ შეერთებულ შტატებში შემოსვლას. ეს პრობლემაა, რომლის მოგვარებასაც საქართველოს მთავრობასთან მუშაობით ვცდილობთ.

- რაიმე მონაცემები გაქვთ ამასთან დაკავშირებით?

- ახლა არ მაქვს, მაგრამ შესამჩნევი ზრდა დაფიქსირდა, განსაკუთრებით მექსიკის გავლით, რაც ძალიან, ძალიან სახიფათოა და არავის ვურჩევდი ამის გაკეთებას. ეს არა მხოლოდ სახიფათო და ძვირია, არამედ თუ უკანონოდ შემოსვლის შემდეგ დაგიჭერენ, ვეღარასოდეს შეძლებ შეერთებულ შტატებში დაბრუნებას.

ვიცი, რომ ლეგალურად განაცხადის შეტანა ხანგრძლივი პროცესია და ჩვენ არ შეგვიძლია შემოვუშვათ ყველა ქართველი, ვისაც შემოსვლა სურს, მაგრამ მნიშვნელოვანია სამართლებრივი ეტაპების გავლა. ასე რომ, კიდევ ერთხელ, ჩვენ ვმასპინძლობთ ათასობით ქართველს ყოველწლიურად, რადგან გვიყვარს ქართველები, გვინდა მეტი ქართველი ამერიკაში და გვინდა, უფრო მეტი ამერიკელი ჩამოვიდეს საქართველოში.

- ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი მედიის სამუშაო გარემო სულ უფრო უარესდება, წნეხი იზრდება. რეგიონებში მოდარაჯე მედია ქრება. რა ხედვა და გეგმები აქვს საელჩოს ამ ვითარებაში მედიას რეალურად რომ დაეხმაროს?

- ძალიან ვწუხვარ, რომ მესმის ამ მდგომარეობის შესახებ, რადგან მედიის თავისუფლება, ძლიერი, დამოუკიდებელი მედია, ჯანსაღი დემოკრატიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ნაწილია. გეთანხმებით იმაში, რომ საქართველოში დამოუკიდებელი მედიისთვის სივრცე დროთა განმავლობაში ვიწროვდება და ეს, რა თქმა უნდა, არ შედის საქართველოს მოქალაქეების ინტერესებში.

საელჩო წლებია ცდილობს ჩაუტაროს ტრენინგები, მიაწოდოს აღჭურვილობა და აღმოუჩინოს მხარდაჭერა განსაკუთრებით რეგიონულ მედიასაშუალებებს, რადგან ვხედავთ, რომ ჟურნალისტური საქმიანობის ზოგიერთი საუკეთესო მაგალითი რეგიონებშია, საქართველოშიც და ბევრ სხვა ქვეყანაშიც.

რეგიონული მედიასაშუალებები უშუალოდ უნდა იყვნენ დაკავშირებული თემთან, აშუქებდნენ იმ საკითხებს, რაც თემს აწუხებს. ვფიქრობ, ეს ადამიანებს ეხმარება გააცნობიერონ, რატომ არის მნიშვნელოვანი თავისუფალი, ძლიერი და დამოუკიდებელი მედია. თუ ის პოლიტიზებულია და მე ვხედავ, რომ საქართველოში მედია ძალიან პოლიტიზებული გახდა, ასეა ჩემს ქვეყანაშიც, ეს ნამდვილად აზიანებს მთელ საზოგადოებას. თუმცა, ეს არ არის იშვიათი მოვლენა. ის, რის გაკეთებასაც ჩვენ ვცდილობთ, არის მხარდაჭერა არა მხოლოდ ტრენინგებითა და აღჭურვილობით, არამედ თავისუფალი მედიის მხარდაჭერა, ჩვენი ძალისხმევა, რომ დავეხმაროთ ხალხს იმის გაგებაში, თუ რატომ არის ეს ასე მნიშვნელოვანი.

ზოგჯერ ჩვენ ვეხმარებით მთავრობას იმის გაგებაში, რომ კრიტიკული მედია ასევე არის საშუალება, გაარკვიო, როგორ უნდა იმუშაო უკეთესად როგორც მთავრობამ. ეს არის მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის საშუალება. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ კრიტიკა მთავრობის მიმართ, არამედ კრიტიკა, რომელიც აიძულებს მთავრობას უკეთესად გააკეთოს საქმე იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს ყოველთვის კარგად არის გაგებული აქ და ბევრ ქვეყანაში, არამხოლოდ საქართველოში. ჩვენ გავაგრძელებთ იმას, რისი გაკეთებაც შეგვიძლია საქართველოში ძლიერი, დამოუკიდებელი მედიის მხარდასაჭერად - განსაკუთრებული აქცენტით რეგიონებზე, რადგან ნამდვილად ვფიქრობთ, რომ საუკეთესო ჟურნალისტიკა აქ, რეგიონებში კეთდება.

- 2024 წელს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. მედიის შესახებ გარკვეულწილად უკვე ვისაუბრეთ, მაგრამ მინდა ამ საკითხს კიდევ დავუბრუნდეთ. ვხედავთ, როგორც ცდილობს ხელისუფლება მისდამი კრიტიკულად განწყობილი მედიის თუ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების შეზღუდვას, დისკრედიტაციასა და დაშინებას. ახლახან ტელეკომპანია „ფორმულას“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, მიშა მშვილდაძეზე მომხდარი თავდასხმა, უფლებადამცველებისა და სამოქალაქო აქტივისტების დაკავება პარლამენტის წინ მშვიდობიან აქციაზე ცარიელი ფურცლით დგომის გამო და ცილისწამების სარჩელების კასკადი ჟურნალისტების წინააღმდეგ, რის გამოც სასამართლო ოპოზიციურ ტელეარხებს აჯარიმებს - ეს მაგალითები აჩვენებს რამდენად მძიმეა ვითარება. თქვენ როგორ ხედავთ მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების დღევანდელ მდგომარეობას, ასევე, მოვლენების მოსალოდნელ განვითარებას წინასაარჩევნო პერიოდში?

- როგორც ვისაუბრეთ, ძლიერი დამოუკიდებელი მედია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვის, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოება. სამოქალაქო საზოგადოება მოიცავს ბევრ განსხვავებულ ასპექტს - ეს შეიძლება იყოს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს კლიმატის ცვლილებაზე ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისთვის, მაგრამ ყველა მათგანი არის ხალხის ხმა. სამოქალაქო საზოგადოებაც და მედიაც არის მოქალაქეების ხმა. ისინი ცდილობენ მთავრობას ანგარიშვალდებულად აგრძნობინონ თავი და დაეხმარონ უკეთესად იმუშაოს მისთვის საზოგადოების პრიორიტეტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით. მთავრობას შეუძლია მათ მადლობა უთხრას ამ ინფორმაციისთვის და ის საქმის უკეთესად გასაკეთებლად გამოიყენოს, ან ამას შეხედოს როგორც მხოლოდ კრიტიკას და თავდაცვის რეჟიმში გადავიდეს. რა თქმა უნდა, ეს იმედის გამაცრუებელია. გრძელვადიან პერსპექტივაში, ყველა მთავრობა უნდა რეაგირებდეს საზოგადოების პრიორიტეტებზე.

რადგან არჩევნები ახლოვდება, ვიტყოდი, რომ თუ შენ, როგორც მთავრობა, კარგად მუშაობდი, პასუხობდი მოქალაქეების წუხილებს, მაშინ არ გაქვს სანერვიულო თუ რას ამბობს მედია ან სამოქალაქო საზოგადოება. შენ მას ისევ უნდა მოუსმინო და არ მიიღო როგორც კრიტიკა, რადგან ამომრჩეველმა იცის, რომ საქმეს აკეთებ და მათ პრიორიტეტებს ასრულებ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მედია იყოს პასუხისმგებლიანი და გააცნობიეროს ზუსტი, დაბალანსებული გაშუქების მნიშვნელობა ამ ძალიან პოლარიზებულ გარემოში, რაც ზოგჯერ რთულია. ვფიქრობ, სამწუხაროა, რომ ზოგიერთმა ეროვნულმა მედიასაშუალებამ ზოგიერთ შემთხვევაში დაკარგა ეს დაბალანსებული გაშუქება. შეიძლება იმის გაგება, თუ რატომ, მაგრამ საზოგადოებას კარგად არ წაადგება ის, რომ არ არსებობს სივრცე, ვიტყოდი, ზოგიერთი რეგიონული და პატარა საინფორმაციო საშუალებების გარდა, სადაც საქართველოს მოქალაქეებმა შეიძლება დაბალანსებული, ზუსტი გაშუქება ნახონ.

ჩემთვის ძალიან კარგი ნიშანი იყო, რომ პრეზიდენტმა შეიწყალა ბატონი გვარამია, რადგან ამას [პატიმრობას] წვლილი შეჰქონდა პოლარიზაციაში, ხლეჩდა ხალხს. როგორც პრეზიდენტმა ახსნა, მისი მიზანი პოლარიზაციის შემცირება იყო. იმის გამო, რომ ის არის ყველაზე დიდი დამოუკიდებელი, ოპოზიციური მედიის დამფუძნებელი, ვფიქრობ, ხალხი შეშფოთებული იყო, რომ ამას მსუსხავი ეფექტი ექნებოდა სხვა მედიასაშუალებებზე და ზოგადად, ჟურნალისტებზე ამ ისედაც ძალიან რთული კლიმატის პირობებში.

ამიტომ, მე მივესალმები პრეზიდენტის გადაწყვეტილებას, რაც შეიძლება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყოს პოლარიზაციის შესამცირებლად.

- ესე იგი, თქვენ იზიარებთ მოსაზრებას, რომ ეს შეამცირებს პოლარიზაციას?

- იმედია. ადამიანები, რომლებიც ყველაზე ბევრს საუბრობენ ძალადობასა და არასტაბილურობაზე, არიან ისინი, ვინც ძალადობას და არასტაბილურობას ქმნიან. ვინც სიძულვილის ენის შესახებ საუბრობენ, სწორედ ისინი იყენებენ სიძულვილის ენას და ხელს უწყობენ მის გავრცელებას. ასე რომ, ეს არის ის, რასაც ვგულისხმობ პრორუსულ დეზინფორმაციულ კამპანიაში, რომელსაც პრორუსული ძალები აწარმოებენ და ცდილობენ საზოგადოების გაყოფასა და დასუსტებას დაბნეულობისა და შიშის დანერგვის გზით. ბევრი ტყუილი და ჭორი, რომელიც საზოგადოებაში ვრცელდება პოლარიზაციის გასაღრმავებლად და ადამიანებს შიშის ან სიძულვილისკენ უბიძგებს, ეფუძნება მხოლოდ ჭორებსა და სრულიად მოგონილ ამბებს. როდესაც ადამიანები ავრცელებენ მოსაზრებებს ისე, რომ არ ჰყოფნით გამბედაობა, დაასაბუთონ ის რაიმე ფაქტით ან მტკიცებულებით, უბრალოდ, ბრალდებების სახით ისვრიან, ვფიქრობ, ეს სიმხდალეა. ეს ასევე ქმნის ერთგვარ დაბნეულობას, რაც ამ ქვეყანას არ სჭირდება და ერთადერთი, ვინც ამით სარგებელს იღებს, არის რუსეთი.

ეს არის დრო, როგორც ადრე ხშირად გვითქვამს და ბევრმა თქვა, რომ საქართველო გაერთიანდეს და დარჩეს ერთიანი და ძლიერი ორივე ფრონტზე - პირველი, იმიტომ, რომ კრემლმა დაიწყო ეს ომი უკრაინის წინააღმდეგ, ისევე, როგორც მან დაიწყო 2008 წელს, და ასევე იმიტომ, რომ თქვენ გაქვთ ეს წარმოუდგენელი შესაძლებლობა, მიიღოთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. თუ რამე უნდა აერთიანებდეს ამ ქვეყანას, ეს არის შემდეგი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, რაც ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანია.

- ევროკავშირის 12 რეკომენდაციის შესრულების მხრივ, სად ხედავთ ყველაზე დიდ გამოწვევას?

- გასულ კვირაში ევროკომისიის ზეპირმა მოხსენებამ ნათელი გახადა, რომ საქართველომ 12-დან 3 რეკომენდაცია შეასრულა. ეს მნიშვნელოვანია და ამ პროცესში პროგრესის მაჩვენებელია. დანარჩენი რეკომენდაციების შესასრულებლად დრო კიდევ არის, თუ მთავრობა და დაინტერესებული მხარეები შეძლებენ ერთად მუშაობას. კომისიამ ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ეს არის პროცესი, რომელიც ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შედეგი. ეს უნდა იყოს ინკლუზიური პროცესი.

ერთპარტიული ძალისხმევა არ ნიშნავს 12 რეკომენდაციის შესრულებას, რადგან ეს უნდა იყოს ინკლუზიური. ეს ნიშნავს, რომ ჩართული უნდა იყოს სამოქალაქო საზოგადოება, ეს ნიშნავს, რომ საჭიროა კონსულტაციები შესაბამის არასამთავრობო ორგანიზაციებთან და დაინტერესებულ მხარეებთან.

იყო ბევრი კარგი წინადადება არასამთავრობოებისა და მედიის მხრიდან რამდენიმე რეკომენდაციასთან დაკავშირებით, თუმცა რამდენადაც ვიცი, არცერთი არ იქნა გათვალისწინებული. ეს ძალიან ცუდია, რადგან ზოგიერთი ნამდვილად კარგი იყო და სწორედ ამას აფასებს ევროკომისია, შეძლებს თუ არა საქართველო გაერთიანებას და ერთად მუშაობას როგორც გაერთიანებული საზოგადოება, განსხვავებული მოსაზრებებით, მაგრამ კონსენსუსის და კომპრომისის მიღწევით ამ უმნიშვნელოვანეს შემდეგ ნაბიჯზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია კონსენსუსზე დამყარებული ისეთი ორგანიზაციების წევრობისთვის, როგორებიცაა ევროკავშირი და NATO. ეს ორგანიზაციები ძლიერები არიან, რადგან წევრები თანხმდებიან კომპრომისულ მიდგომაზე, რომლის მხარდაჭერასაც ყველა შეძლებს. ეს რთული პროცესია, მაგრამ მთავარია ევროკავშირისა და NATO-ს სიძლიერისთვის. ამიტომ არის, რომ ეს ორგანიზაციები ძალიან ყურადღებით ეკიდებიან იმას, შეუძლია თუ არა ახალ წევრს, როგორც ქვეყანას, ამის გაკეთება - კომპრომისების მიღწევა, კონსენსუსზე შეთანხმება.

ჩვენ ამას ვერ ვხედავთ აქ, საქართველოში. ამ პროცესმა არანაირად არ აჩვენა, რომ საქართველოში დაინტერესებულ მხარეებს და მთავრობას შეუძლიათ ერთად იმუშაონ და მიაღწიონ კომპრომისს, მიაღწიონ კონსენსუსს. ეს აკლია დარჩენილი პრიორიტეტების შესრულებას. ალბათ ამიტომაა, რომ ევროკავშირი ხაზს უსვამს დეპოლარიზაციის არსებით მნიშვნელობას, რაც ერთ-ერთი რეკომენდაციაა. ეს უკიდურესად რთულია, მაგრამ ყოველი ნაბიჯი, კრიტიკის ნაცვლად, უნდა იყოს აღიარებული და მიღებული, როგორც ნაბიჯი პოლარიზაციის შემცირებისკენ.

- მალე საქართველოში აშშ-ის ელჩის რანგში თქვენი უფლებამოსილების ვადა იწურება. რა არის მთავარი გამოწვევა, რაც ახალ ელჩს შეხვდება ჩვენს ქვეყანაში? უნდა აღინიშნოს, რომ მმართველი პარტიის თავმჯდომარემ თქვენც დაგადანაშაულათ საქართველოში პოლარიზაციის მხარდაჭერასა და დაფინანსებაშიც კი. მან თქვა, რომ იმედი აქვს ახალი ელჩი „სხვანაირად მოიქცევა“.

- ვინაიდან აქ ყოფნის 3.5 წლის დიდი ნაწილი გავატარე პოლიტიკური პარტიების გაერთიანების მცდელობაში, ვფიქრობ, რომ წვლილი მაქვს შეტანილი საზოგადოების დეპოლარიზაციის მცდელობაში. ჩვენ ვნახეთ, რომ პარტიები შეიკრიბნენ და შეთანხმდნენ 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებაზე, რაც ძალიან პოზიტიური იყო საარჩევნო რეფორმების კუთხით და ეს გაკეთდა შეერთებული შტატების, ევროკავშირის, ასევე, გერმანიის ხელშეწყობითა და მხარდაჭერით. 6 თვე ვცდილობდი დავხმარებოდი პოლიტიკურ პარტიებს, მათ შორის „ქართულ ოცნებას“, მათივე მოთხოვნით. „ქართულმა ოცნებამ“ სთხოვა შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, შეეკრიბათ პარტიები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ და დახმარებოდნენ მოლაპარაკებაში, რაც გაკეთდა კიდეც შარლ მიშელის 19 აპრილის შეთანხმების სახით, რომელიც ძალიან კარგი საგზაო რუკაა. ეს არის იგივე რეფორმები, რაც ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაშია, იგივეა, რაც ახლა 12 რეკომენდაციის ფორმით არის მოცემული. ეს საგაზაო რუკა საკმაოდ ნათელია საქართველოს წინსვლისთვის და ეს არის ის, რის შექმნაში „ქართული ოცნებაც“ იყო ჩართული.

ჩემი რჩევა მომავალი ელჩისადმი იქნება, იმოგზაუროს და ეწვიოს საქართველოს რეგიონებს რაც შეიძლება მალე. თბილისი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, იქ ყოველთვის ბევრი რამ ხდება, მაგრამ ამ ქვეყნის ნამდვილი გული და სული რეგიონებშია. იქ გრძნობ მრავალფეროვნებას, საქართველოს ისტორიის სიმდიდრეს, სირთულეს. ასევე, შესაძლებლობა გაქვს შეხვდე ამდენ მშვენიერ, კეთილ, თბილ ქართველს, წარმოუდგენლად გულუხვს არამხოლოდ სტუმართმოყვარეობაში, არამედ მეგობრობაში, მეგობრობაში ამერიკელი ხალხის მიმართ და მე ეს გამომიცდია. ეს ისეთი ძლიერი კავშირია, ჩვენ იმდენი გავაკეთეთ ერთად ბოლო 30 წლის განმავლობაში ოჯახების, თემების, რეგიონებისა და რეალურად მთელი ქვეყნის ცხოვრების გასაუმჯობესებლად. ქართველები მუშაობენ იმისთვის, რომ მათი ქვეყანა უფრო აყვავებული, უფრო სტაბილური და უსაფრთხო და საბოლოო ჯამში, ძლიერი და მოქმედი დემოკრატია გახდეს.

ეს არის მიზეზი იმისა, რომ შეერთებული შტატები აქ, საქართველოშია. ამიტომაც ვართ აქ 30 წელი. ყველაფერს, რასაც აქ ვაკეთებთ, ვაკეთებთ მთავრობასთან პარტნიორობით ეროვნულ, რეგიონულ, ადგილობრივ დონეზე; არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ერთად, რათა დავეხმაროთ საქართველოს გახდეს უფრო უსაფრთხო. ვმუშაობთ საქართველოს თავდაცვის ძალებთან, სანაპირო დაცვასთან, სასაზღვრო პოლიციასთან, საბაჟოებთან, შემოსავლების სამსახურთან. ვეხმარებით საქართველოს ეკონომიკას ზრდასა და დივერსიფიკაციაში, რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებაში, რათა რუსეთმა ვერ გამოიყენოს ეკონომიკური მიზეზები საქართველოს მძევლად აყვანის ბერკეტად, როგორც ეს 2019 და 2006 წლებში და მანამდეც ბევრჯერ გააკეთა. ფუნდამენტურად, ჩვენ ვეხმარებით საქართველოს ააშენოს თავისი დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტები. ამერიკაში და სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში ვნახეთ, რომ ძლიერი დემოკრატიის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი, ის, რაც დემოკრატიას ყველაზე მეტ სტაბილურობასა და უსაფრთხოებას ანიჭებს, არის ძლიერი, დამოუკიდებელი ინსტიტუტები. ამიტომაც არის, რომ ამას ვუთმობდით ამხელა ყურადღებას წარსულში და ასე გავაგრძელებთ მომავალშიც.

ეთერ ფანგანი | საქართველოს ამბების რედაქტორი

 

ნახეთ წინა ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

ეს არ არის ის ქვეყანა, რომელშიც ქართველებს სურთ ცხოვრება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.