„ახლა, როდესაც საქართველოს აქვს წარმოუდგენელი შესაძლებლობა გახდეს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, პრორუსული ძალები ძლიერდებიან და ისინი შეეცდებიან, ჩამოაშორონ საქართველო მის ბედისწერას, რომელიც ჩემი აზრით, ევროპაა. საქართველომ მტკიცედ და მკაფიოდ უნდა აჩვენოს მისწრაფება იმ მიმართულებისკენ, რომლისკენაც საუკუნეების მანძილზე მიდიოდა. მათ, ვინც დეზინფორმაციით ცდილობს საქართველოს ამ გზიდან გადახვევას და დაბნევას, უკან უნდა დაიხიონ“, - აცხადებს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი „საქართველოს ამბებთან“ ინტერვიუში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
- საქართველო არ შეუერთდა რუსეთისთვის უკრაინაში ომის გამო დაწესებულ სანქციებს. მთავრობის მეთაურმა თქვა, რომ ეს „ეროვნულ ინტერესებს“ დააზიანებს და რუსეთის სანქცირების შემთხვევაში, ფული, რომელიც საქართველოში შემოდის, „ხალხს მოაკლდება“. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა საჯაროდ მოუწონა საქართველოს მთავრობას ეს „სიმამაცე“. 2022 წელს უპრეცედენტოდ გაიზარდა საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება, რაც მხოლოდ ეკონომიკური საკითხი არ არის. როგორ ხვდება დასავლეთი პარტნიორი ქვეყნის უსაფრთხოებისა და ეკონომიკისთვის ამ მნიშვნელოვან გამოწვევებს?
- პირველ რიგში, მოხარული ვარ, რომ ვიმყოფები თქვენთან, რათა ვისაუბრო სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე. ახლა გამოწვევებით სავსე დროა რეგიონისთვის, მსოფლიოსთვის, ევროპისთვის და სწორედ ასეთ დროს ხანგრძლივი პარტნიორობა, ძლიერი პარტნიორობა, რომელიც საქართველოს ჰქონდა შეერთებულ შტატებთან გასული ოცდაათი წლის განმავლობაში და უფრო მეტიც, დიდი მნიშვნელობისაა. ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი რამ გავაკეთეთ ერთად, რათა საქართველო უფრო უსაფრთხო, სტაბილური, აყვავებული და, რა თქმა უნდა, უფრო დემოკრატიულიც გამხდარიყო. შეერთებულ შტატებს მტკიცედ სჯერა, რომ საქართველოს დემოკრატია დაცვის საუკეთესო საშუალება იქნება, რადგან ეს არის ის, რაც ქართველ ხალხს სურს.
საქართველოს ისტორია სავსეა რუსეთის მიერ ღალატისა და დაპირებების დარღვევის მაგალითებით - ენაზე, რელიგიაზე თავდასხმით, თქვენს კულტურაზე თავდასხმებით. ეს ის ისტორიაა, რომელიც ქართველებმა კარგად იციან. ვფიქრობ, რომ ქართველები ასე აღიქვამენ დაპირებებს და შეთავაზებებს ისეთი პირებისგან, როგორიც ლავროვი, პუტინი ან ზოგადად რუსები არიან.
ის, რაც აშშ-ს სურს გააგრძელოს საქართველოსთან, არის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვა, რაც ასევე ჩვენი ურთიერთობის, საქართველოს უსაფრთხოების საფუძველია. თუმცა აქ იგულისხმება არა მხოლოდ ტერიტორიული მთლიანობა, არამედ კულტურული, რამაც საქართველო ასეთი უნიკალური გახადა.
მიუხედავად მრავალი საუკუნის მანძილზე რუსული თავდასხმებისა და თქვენი ენის, ეკლესიისა და კულტურის განადგურების მცდელობისა, საქართველო მაინც მტკიცედ დგას. ვფიქრობ, ეს არის ნამდვილი მტკიცებულება იმისა, თუ რამდენად მტკიცე/მყარი არის საქართველოს მოწოდება უნიკალური იდენტობის შენარჩუნებაში. სწორედ ამიტომ იყო საქართველო საუკუნეების მანძილზე ევროპისკენ ორიენტირებული - თავისუფლების საერთო ხედვა, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის საერთო ერთგულება. სწორედ ეს აკავშირებს საქართველოს ევროპასთან, შეერთებულ შტატებთან. ჩვენ გვინდა გავაგრძელოთ საქართველოს მხარდაჭერა ევროატლანტიკური მომავლისკენ ამ მიზნის მიღწევად.
- უკრაინაში ომის დაწყებიდან ორ თვეში, საქართველოს მთავრობამ ბიზნესმენ დავით ხიდაშელს, რომელიც სანქცირებული რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის ბიზნესპარტნიორია, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში დაახლოებით 105 ათასი ჰექტარი ტყე გადასცა. ხიდაშელისთვის გადაცემული ეს ტერიტორია ძალიან ახლოს არის რუსეთის მიერ ოკუპირებულ ქართულ ტერიტორიებთან და გადაცემულია 49 წლის ვადით, იქ ბიზნესის გაკეთების საბაბით. ეს არის მაგალითი საქართველოში რუსეთის კიდევ ერთი ინტერესის შესახებ. თვალს ადევნებთ ასეთ შემთხვევებს ჩვენს ქვეყანაში?
- ჩვენ არ ვართ ჩართული ამ კონკრეტულ საქმეში. ბუნებრივია, მსგავსი რამ შემაშფოთებელია და საქართველოში არიან ადამიანები, რომლებიც მოვლენათა განვითარებას მიჰყვებიან საზოგადოების ინფორმირებისთვის. აქ მედიისა და ზოგიერთი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის მნიშვნელობა იკვეთება, რომ დაეხმაროს საზოგადოებას, ჰქონდეს ინფორმაცია მსგავსი ტრანზაქციების შესახებ, რომლებიც საქართველოსთვის მნიშვნელოვანია და ეს უნდა გაკეთდეს გამჭვირვალე ფორმით.
ქართველების ისტორიული გამოცდილება რუსეთთან დაკავშირებით ფრთხილად ყოფნის საფუძველია. ისინი ბევრ დაპირებას იძლეოდნენ, მაგრამ ძალიან ცოტა პირობა სრულდებოდა. რუსეთის მიერ თქვენი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაცია მუდმივი შეხსენებაა, რომ რუსეთს არ უნდა ენდოთ.
მათ არ შეასრულეს 2008 წლის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, ისევე როგორც, არ შეასრულეს მრავალი სხვა დაპირება საუკუნეების განმავლობაში. რაც უკიდურესად მნიშვნელოვანია, არის საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ამ ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენა, საერთაშორისო ფორუმის მეშვეობით. სწორედ ამისთვის არსებობს საერთაშორისო დისკუსიები.
- თქვენ ახსენეთ საზოგადოების ინფორმირების მნიშვნელობა, რაც მთავარი საკითხი იყო ტყის გადაცემის საქმეში. ჩვენ ვცდილობდით გარკვეული დოკუმენტების მოპოვებას, მაგრამ სამწუხაროდ მთავრობას ამ დრომდე არ სურს ყველა მათგანის გასაჯაროება. საქართველოში საჯარო ინფორმაციის მიღება ბოლო წლებში ძალიან გართულდა. ეს ეხება საჯარო ინფორმაციის მოპოვებას როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ორგანოებიდან. გასულ წელს მხოლოდ ჩვენს ორგანიზაციას დასჭირდა 80-მდე ადმინისტრაციული საჩივრის გამოყენება და 13 სარჩელის წარდგენა სასამართლოში. სასამართლო, იშვიათი მოსამართლეების გარდა, ამ სარჩელებს თვეებისა და წლების განმავლობაში არ იხილავს. ეს დაბრკოლებას წარმოდგენს მედიისთვის, მისი სათანადო მუშაობისთვის. რისი გაკეთებაა შესაძლებელი ამ პრობლემასთან გასამკლავებლად?
- ეს სერიოზული პრობლემაა და მე მსმენია სხვა მედიასაშუალებების მხრიდანაც, თუ რამდენად რთულია საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა, უბრალოდ იმიტომ, რომ თავად სისტემა არ არის ეფექტური ან შექმნილი ამისთვის. აშშ-ში გვაქვს ინფორმაციის თავისუფლების აქტი, რომელიც არის მექანიზმი არა მხოლოდ მედიასაშუალებებისთვის, არამედ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოიყენოს საჯარო ინფორმაციის მისაღებად. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით, რადგან მიგვაჩნია, რომ მოქალაქის უფლება ჰქონდეს ინფორმაციაზე წვდომა, მაგალითად, იმ მიწის შესახებ, რომელიც ყველას ან სახელმწიფოს ეკუთვნის, უნდა იყოს გამჭვირვალე და შეუზღუდავი.
თუ გსურთ გქონდეთ ძლიერი მედია, რომელიც შეასრულებს ხალხის ინფორმირების როლს და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ფუნქციას, ამ ტიპის კანონმდებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. კარგი იქნებოდა, თუკი ინფორმაციაზე წვდომის დაშვებისთვის არ მოგიწევდათ ინორმაციის თავისუფლების აქტის მიღება, მაგრამ მისი შემუშავება ან თუკი გაქვთ მსგავსი რამ კანონში, აღსრულება მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, თუ რომელიმე ტრანზაქციაში დასამალი არაფერია, მაშინ არანაირი ინფორმაცია არ უნდა იყოს მიუწვდომელი და არ უნდა შეგქონდეთ 13 სარჩელი, რათა საზოგადოებას მიაწოდოთ ამბავი. ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, იყოს ანგარიშვალდებული მოქალაქეების წინაშე და რა თქმა უნდა მედიის მნიშვნელოვანი როლია, რომ მთავრობას ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულება აგრძნობინოს.
- მედიის მდგომარეობაზე საუბრით რომ გავაგრძელოთ - 2021 წლის სექტემბერში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა ფაილებმა, რამაც დაადასტურა ჟურნალისტების, დიპლომატების, პოლიტიკოსების, მაღალი იერარქიის სასულიერო პირების მიმართ მასობრივი და ხანგრძლივი უკანონო ფარული მიყურადება. ეს საქმეები დღემდე არ არის გამოძიებული. პროკურატურამ დაზარალებულად გვცნო ჟურნალისტები და ამის იქით გამოძიება აღარ წასულა. შემდეგ კვლავ გავრცელდა ოპოზიციური პარტიების მასობრივი თვალთვალის მასალების გავრცელება. ეფექტიანი გამოძიების ნაცვლად, მთავრობამ მოახდინა კანონში ცვლილებების ინიცირება და შესაძლებელი გახადა უვადო მოსმენა და სხვა სახის მეთვალყურეობა ცალკეულ პირებზე, მათთვის შეტყობინების გარეშე, 77 დანაშაულთან დაკავშირებით. დაპატიმრებულია ოპოზიციური ტელეკომპანიის, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორი. 2021 წლის 5 ივლისს ჟურნალისტებზე მასობრივად ძალადობის ფაქტებზე დაკავებული არ არის არცერთი ორგანიზატორი. მიგაჩნიათ, თუ არა, რომ საქართველოში მედიის და ზოგადად, ადამიანის უფლებათა მდგომარეობა გაუარესებულია და ხელისუფლების ანგარიშვალდებულება თავისი მოქალაქეების წინაშე, ასევე, საერთაშორისო პარტნიორების მიმართ გამქრალი თუ არა, მნიშვნელოვნად შემცირებული.
საქართველოს მდიდარი მედიაგარემო ჰქონდა. ვფიქრობ, ეს არის ინდიკატორი იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობას ანიჭებდა ქართველი ხალხი მას ინფორმაციაზე წვდომისა და ინფორმირების პროცესში. ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ მსოფლიოში იმ როლს, რომელსაც მედია ასრულებს, ზოგჯერ საკუთარი უსაფრთხოების რისკის ფასად. ჩვენ ვნახეთ ამ მედიის დიაპაზონის შევიწროება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და, რა თქმა უნდა, მოვისმინეთ სხვებისგან, რომ ამით დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ ეროვნულ და რეგიონულ მედიასაშუალებებს, რომ უზრუნველყონ ზუსტი, დაბალანსებული გაშუქება.
საზოგადოება ძალიან პოლარიზებულია. პოლარიზებული გახდა მედიაც. მე დავინახე, რომ უმეტესად ინფორმაციის მიუკერძოებელი, დაბალანსებული გაშუქება რეგიონული მედიასაშუალებების მხრიდან ხდება, რადგან ადგილობრივ თემებთან უფრო მჭიდრო კავშირი აქვთ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
არსებობს კითხვები მეთვალყურეობის შესახებ კანონთან დაკავშირებით, რადგან არსებული კანონი სისხლის სამართლის საქმეებისთვის საჭირო დაცვას ისედაც უზრუნველყოფს. მისი გაფართოება/შემოღება არ იყო აუცილებელი და რეალურად არის უკან გადადგმული ნაბიჯი უსაფრთხოებისა და დაცვის კუთხით, რომელიც ადამიანებს სჭირდებათ მსგავსი თვალთვალისა და არაავტორიზებული მეთვალყურეობისგან.
ეს არ არის ის ქვეყანა, რომელშიც ქართველებს სურთ ცხოვრება. ბევრ ქართველს ახსოვს, როგორი იყო საბჭოთა პერიოდში ცხოვრება, სადაც ასეთი რამ მუდმივად ხდებოდა, როცა ადამიანებმა იცოდნენ , რომ მათ საუბრებს უსმენდნენ და თვალყურს ადევნებდნენ ჩვეულებრივ მოქალაქეებს.
ქართველების უმეტესობა, ალბათ, ფიქრობს, რომ ეს იყო უკან გადადგმული ნაბიჯი.
იმ დროს, როდესაც საქართველო ცდილობს გახდეს უფრო ევროპული ქვეყანა, აჩვენოს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, თუ რამდენი საერთო რამ აქვთ ევროპასა და საქართველოს და ვფიქრობ, მათ ბევრი საერთო აქვთ, ეს არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯია.
პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გააკეთონ ყველაფერი, რაც შეუძლიათ, რათა უზრუნველყონ ის რეფორმები, რომლებიც დემოკრატიისა და თავისუფლებისადმი საქართველოს ერთგულების დემონსტრირებისთვის არის საჭირო, იქნება ეს მისი მედიის თავისუფლება თუ გამოხატვის თავისუფლება. სწორედ ეს უნდა იყოს პრიორიტეტი. სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი ახლა.
- საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, რეგიონებში, ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ბევრს აშფოთებს. ჩვენ ვიცით, რომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვების პირობაა ევროკომისიის მიერ რვა თვის წინ განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულება. სრულად მხოლოდ ერთი რეკომენდაციაა შესრულებული. ნაწილობრივ ან სრულად შეუსრულებელი რჩება ისეთი მნიშვნელოვანი რეკომენდაციები, როგორიცაა დეოლიგარქიზაცია, პოლიტიკური პოლარიზაციის გადაჭრა, სახალხო დამცველად დამოუკიდებელი კანდიდატის არჩევა, ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და მოწყვლადი ჯგუფების ადამიანის უფლებების დაცვა. როგორ ფიქრობთ, ამ ძალიან პოლარიზებულ გარემოში, შესაძლებელი იქნება კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება?
აშშ დიდი ხანია საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანების დიდი მხარდამჭერია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის ბუნებრივი გზა იმ ქვეყნისთვის, რომელიც საუკუნეების მანძილზე ევროპაზე იყო ორიენტირებული. არსებობს საერთო ღირებულებები, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ერთგულება და ადამიანის უფლებების პატივისცემა, ეს ყველაფერი ქართული კულტურის ნაწილია. ვფიქრობ, საქართველო დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ღრმა პატივისცემის თვალსაზრისით მრავალი ქვეყნისთვის მაგალითია.
12 პრიორიტეტი შესანიშნავი შესაძლებლობაა საქართველოსთვის. ეს არ ნიშნავს მხოლოდ შესრულებული პირობებისთვის გრაფების მონიშვნას, ეს ეხება უფრო ფართო პრინციპებს, რომლებიც დგას თითოეული ამ თორმეტი პრიორიტეტის უკან. იდეა, რომ თქვენ გექნებათ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი დემოკრატიული ინსტიტუტი, როგორიცაა სახალხო დამცველი ან სასამართლო სისტემა; რომ თქვენ შეძლებთ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას.
სწორედ ეს დგას ამ 12 პრიორიტეტის უკან. ეს არის ის, რასაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები შეაფასებენ ალბათ მიმდინარე წლის დეკემბერში - არის თუ არა საქართველო იმავე პრინციპების ერთგული. ვართ თუ არა მართლა იმ ოჯახის წევრი, რომელიც გვგონია?
საქართველოსთვის ევროკავშირთან დაახლოებით გარკვეული სარგებლის მიღება უზარმაზარი შესაძლებლობაა. აქ მოიაზრება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების დაფინანსება, რომლებიც უზრუნველყოფენ უკეთეს გზებს, უკეთეს ინფრასტრუქტურას, უკეთეს ინტერნეტს, უკეთეს სკოლებსა და ჯანდაცვას, ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას. ეს არის ყველა სახის კონკრეტული სარგებელი, რომელიც პირდაპირ გააუმჯობესებს ქართველი ოჯახებისა და ქართველი ბავშვების ცხოვრებას. ეს მართლაც წარმოუდგენელი შესაძლებლობაა საქართველოსთვის.
აშშ დარწმუნებულია, რომ საქართველო ამ მიზნამდე მიაღწევს. ახლა ჩვენ უნდა დავინახოთ, არიან თუ არა საქართველოს პოლიტიკური ლიდერები საკმარისად ძლიერები იმისთვის, რომ გააერთიანონ ეს ქვეყანა და გაატარონ ის რეფორმები, რომლებიც აუცილებელია საქართველოს ევროატლანტიკური მომავლისადმი ერთგულების დემონსტრირებისთვის.
ეს არ უნდა კეთდებოდეს ევროკავშირისთვის ან ნატოსთვის, უნდა გაკეთდეს საქართველოსთვის. ეს საქართველოს უფრო ძლიერს, უფრო სტაბილურს, უფრო აყვავებულს გახდის. უკეთესი სამუშაო ხალხისთვის, უკეთესი განათლება მათი შვილებისთვის - სწორედ მათ შეეხებათ ეს რეფორმები. თუ ამ პროცესში საქართველო ევროკავშირთან დაახლოვდება, ეს ძალიან კარგია.
- ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პრიორიტეტები და რეკომენდაციები შესრულდება.
- დარწმუნებული ვარ!
- თქვენ ახსენეთ ილია ჭავჭავაძე და მინდა, გკითხოთ, ქართველ ფილოლოგსა და „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელზე, ლევან ბერძენიშვილზე თავდასხმის შესახებ ყვარელში, როდესაც ის ახალგაზრდებთან ილია ჭავჭავაძის შესახებ ლექციის ჩატარებას ცდილობდა. პრორუსულმა ძალადობრივმა ჯგუფებმა ხელი შეუშალეს დახურულ სივრცეში ლექციის ჩატარებაში. ბოლო რამდენიმე წელში, განსაკუთრებით კი უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ჩვენ ქვეყანაში პრორუსული ძალების გააქტიურება აშკარაა. ისინი არა მხოლოდ ღია სივრცეში ესხმიან თავს ადამიანებს და ხელს უშლიან მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებით სარგებლობას, არამედ, თავს ესხმიან იმ ადამიანებს, ვისაც განსხვავებული შეხედულება აქვთ. ბატონ ბერძენიშვილს განსხვავებული მოსაზრება აქვს 1783 წელს რუსეთთან დადებული გეორგიევსკის ტრაქტატის შესახებ. პოლიციამ, რომელიც თავდასხმას შეესწრო, კანონდარღვევაზე რეაგირება არ მოახდინა. მომხდარი არ დაგმეს ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. ახალისებს თუ არა ეს ძალადობას განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანების მიმართ? რა რეაგირება უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლიან ხელისუფლებას?
- ვფიქრობ, ყველა გაოცებული იყო თავდასხმით იმ ადამიანზე, რომელიც საკუთარ შეხედულებას აფიქსირებდა. ის ძალიან განათლებული ადამიანია. ეს არ არის საქართველო, რომელიც ქვეყნის მასშტაბით მოგზაურობისას მინახავს და ეს არ არიან ქართველები, რომლებიც შემხვედრიან. ჩვენ დიდ პატივს ვცემთ განათლებას და მეცნიერებს. ისინი შეიძლება ყოველთვის არ ეთანხმებოდნენ გარკვეულ პოზიციებს, მაგრამ განათლებას პატივს ვცემთ.
ქართველებმა იციან, რომ ეს პრორუსული დეზინფორმაცია დიდი ხანია გრძელდება. ბოლო დროს კი გაიზარდა და უფრო აგრესიული გახდა. მიზანი, რომლის შესახებაც მგონი ქართველებმაც იციან, ქართველების დაყოფაა. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რამაც ქვეყანა ასეთი პოლარიზებული გახადა - დეზინფორმაციის მუდმივი ტალღა, რომელიც პრორუსული ძალების მიერ არის ორგანიზებული, რომელიც ცდილობს საზოგადოების დაბნევას, რათა ხალხმა ვერ გაიგოს, რა არის სწორი ან არასწორი.
მაგრამ ქართველებმა იციან რა არის სიმართლე და ვფიქრობ, მათ იციან, რომ ქართველების კულტურა გამოხატვის თავისუფლების პატივისცემაზე, ტოლერანტობაზე არის დაფუძნებული. მათ, ვინც დეზინფორმაციით ცდილობს საქართველოს ამ გზიდან გადახვევას და დაბნევას, უკან უნდა დაიხიონ.
ახლა, როდესაც საქართველოს აქვს წარმოუდგენელი შესაძლებლობა, მსგავსი ძალები ძლიერდებიან და ისინი შეეცდებიან, ჩამოაშორონ საქართველო მის ბედისწერას, რომელიც ჩემი აზრით, ევროპაა. საქართველომ მტკიცედ და მკაფიოდ უნდა აჩვენოს მისწრაფება იმ მიმართულებისკენ, რომლისკენაც საუკუნეების მანძილზე მიდიოდა.
საქართველოს კულტურები ეფუძნება ამ საერთო ღირებულებებს - თავისუფლებას და დამოუკიდებლობას, ადამიანის უფლებების და ასევე, ერთმანეთის პატივისცემას. იმედი მაქვს, რომ ქართველები დაიბრუნებენ წონასწორობას პრორუსული ძალების ამ ძალიან აგრესიული მცდელობის ფონზე.
- ბოლო შეკითხვა ეხება მიგრაციას, რომელიც ძალიან მწვავე პრობლემაა განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის რეგიონებში. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წელს საქართველო დატოვა 80 ათასზე მეტმა მოქალაქემ, ქვეყანაში ნახევარზე ნაკლები დაბრუნდა. 2022 წლის მონაცემები ჯერ ცნობილი არ არის, მაგრამ სავარაუდოდ, მაჩვენებელი უფრო მაღალი იქნება. ირგვლივ, თითქმის ყველა, ქვეყნიდან წასვლას ცდილობს. ძირითადად, ახალგაზრდები არიან ისინი, ვისაც სურთ ევროპასა და ამერიკაში წასვლა სამუშაოს და პერსპექტივის საძიებლად. ადამიანები, ვინც ჩვენ გვესაუბრებიან, მიგრაციის ძირითად მიზეზად, ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ მდგომარეობას, უპერსპექტივობას და უსამართლობას ასახელებენ. თქვენ ხშირად მართავთ რეგიონებში შეხვედრებს. გესაუბრებიან თუ არა ამ საკითხზე? რა ზომების მიღება შეიძლება იმისთვის, რომ მიგრაცია შეჩერდეს, საქართველოში გაჩნდეს სათანადო პირობები ახალგაზრდა ადამიანების დარჩენისა და განვითარებისთვის, განსაკუთრებით რეგიონებში. რას აკეთებს ამ მიმართულებით აშშ-ის საელჩო.
- ჩვენ გვიყვარს, როდესაც ქართველები ამერიკაში ჩამოდიან. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ქართველები დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში. მე ვხედავ, რომ ქართველებს აქვთ ღრმა კავშირი თავიანთ ქვეყანასთან, მათ სურთ იყვნენ აქ, საქართველოში.
ახლა საქართველოს ახალგაზრდები სჭირდება ისე, როგორც არასდროს, რათა გაგრძელდეს ის პროექტი, რომელზეც ქვეყანა მუშაობდა ძლიერი დემოკრატიის ასაშენებლად. ვფიქრობ, ევროპაში, აშშ-ში ვიზიტი და ამ გამოცდილების დაბრუნება საქართველოს გამდიდრებასაც შეუწყობს ხელს.
ჩვენ გვაქვს შესანიშნავი გაცვლითი პროგრამები. მე ვიყავი აქ რაიონულ სასამართლოში, რომლის მოსამართლეებიც აშშ-ში იყვნენ და ამერიკელ მოსამართლეებს გაესაუბრნენ. ჩვენ მათგან ვსწავლობთ და ისინი ჩვენგან. იგივეა სტუდენტების შემთხვევაშიც. მაგრამ ახალგაზრდები უნდა დაბრუნდნენ და წვლილი შეიტანონ ამ ქვეყნის მშენებლობაში, ეკონომიკაში, ზოგიერთი ტექნოლოგიის მოდერნიზებაში.
მე ვიმოგზაურე მთელი ქვეყნის მასშტაბით და შევხვდი უამრავ წარმოუდგენლად შემოქმედებით მეწარმეს, ქალებს, რომლებმაც დაიწყეს მცირე ბიზნესი და ეხმარებიან არა მხოლოდ ოჯახს, არამედ მთელ საზოგადოებას. აი, სად არის საქართველოს რეალური მომავალი.
ხალხის აქ შესანარჩუნებლად, ცხადია, უნდა იყოს სტიმული დარჩენისთვის. ჩვენ გვაქვს პროგრამების ფართო სპექტრი შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის პროგრამისგან, რომელიც მუშაობს ფერმერებთან, რათა დაეხმაროს მათ პროდუქციის ხარისხის გაუმჯობესებაში. ჩვენ გვაქვს USAID-ის შესანიშნავი პროგრამა თხილის ფერმერების ან მოცვისა და ჟოლოს ფერმერების დასახმარებლად.
ასე რომ, ვფიქრობ, როდესაც ადამიანები ხედავენ, არსებობს შესაძლებლობა, გააფართოვონ თავიანთი ბიზნესი, ჩართონ თავიანთი ოჯახები და თემები, შექმნან შესანიშნავი სამუშაო ადგილები, სწორედ ამ გზით მივცემთ მათ მომავლის იმედს, რომ მათ შეუძლიათ საქართველოში დარჩენა და კარგად ცხოვრება. გვაქვს დიდი საგანმანათლებლო პროგრამებიც. ქართველ ახალგაზრდებს უნდა მივცეთ მომავლის ხედვა და დავანახოთ, თუ როგორ შეუძლიათ წვლილი შეიტანონ თავიანთი ქვეყნის ძლიერი, თანამედროვე და ევროპის ნაწილის ქვეყნის შექმნაში. ეს ერთ დღეში არ მიიღწევა, მაგრამ მთავარია, ხალხს აჩვენო იმედი და ის, თუ როგორი მომავალი შეიძლება იყოს საქართველოში, რომელიც შესაძლოა, ძალიან წარმატებული იყოს.
ავტორი - ეთერი ფანგანი