კინოცენტრიდან გაათავისუფლეს პროტესტის მონაწილე თანამშრომლები

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

დავით დავითიანი

კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის, კობა ხუბუნაიას ბრძანებით სამსახურიდან გაათავისუფლეს ის თანამშრომლები, რომლებიც ბოლო თვის განმავლობაში კინოცენტრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებდნენ. გათავისუფლების ბრძანება დავით დავითიანმა და ლევან აბდუშელიშვილმა დღეს მიიღეს. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლად მითითებულია „მართვის ოპტიმიზაციის მიზნით“ გამოცხადებული რეორგანიზაცია, რომელიც „აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას“.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

დავით დავითიანი და ლევან აბდუშელიშვილი მიიჩნევენ, რომ ბრძანების რეალური საფუძველი პროტესტში მათი მონაწილეობა გახდა.

„დირექტორმა შექმნა რაღაც კომისია, რომელიც ბუნდოვანი, არასაჯაროა, არ ვიცით, რა კომისია იყო და მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ ჩემი შრომითი ხელშეკრულება გაუქმდა. მე არავინ გამსაუბრებია. ის ადამიანები, ვინც ხმას არ იღებდნენ, დატოვეს. რა თქმა უნდა, ეს არის შერჩევითი სამართალი და რა თქმა უნდა, ხელშეკრულებები გაუქმდა იმის მიხედვით, თუ ვინ იყო ლოიალური და ვინ არა. სასაცილოა, რაც ხდება“, - განაცხადა აბდუშელიშვილმა.

დავითიანი ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლება მისთვის „აბსოლუტურად მოსალოდნელი“ იყო, რადგან კულტურის სამინისტროსთვის მიუღებელი არიან ის კადრები, ვინც პროტესტში მონაწილეობენ.

ჯერ კიდევ რეორგანიზაციის გამოცხადებამდე და კინოცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად კობა ხუბუნაიას დანიშვნამდე, ლევან აბდუშელიშვილმა და დავით დავითიანმა საჯაროდ გამოუცხადეს მხარდაჭერა ცენტრის ყოფილ დირექტორს გაგა ჩხაიძეს. ისინი კინოცენტრის სახელით 2 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებას გაემიჯნნენ.

კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრში რეორგანიზაცია 10 ივნისს გამოცხადდა და დღეს, 12 ივლისს დასრულდა. ამ პროცესში დირექტორის მოადგილეების თანმდებობები გაუქმდა, რის შედეგადაც სამსახურიდან გაუშვეს მაკო ჭილაშვილი და ნინო კუხალაშვილიც. კობა ხუბუნაია ნინო კუხალაშვილის გათავისუფლების მიზეზად მიუთითებს ფინანსური რესურსების ოპტიმიზაციას, რაციონალიზაციას და მმართველობითი პროცესების გამარტივების მიზნით განხორციელებულ ორგანიზაციულ ცვლილებებს, „რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას“.

რეორგანიზაციის პერიოდში კინოწარმოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ მმართველი პარტიის პროპაგანდისტული ტელეარხის POS TV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია დაინიშნა. კინოცენტრის თანამშრომლების ინფორმაციით, მანამდე ეს თანამდებობა არ არსებობდა.

კინოცენტრის თანამშრომელთა ნაწილი რეორგანიზაციის შეჩერებასა და კინოცენტრის დირექტორის კონკურსის წესით შერჩევას ითხოვდნენ. ისინი მიიჩნევენ, რომ კულტურის სამინისტრო ამ დრომდე დამოუკიდებელი კინოცენტრის დამორჩილებას და კინოში ცენზურის შემოღებას ცდილობს. როგორც კულტურის სამინისტროში ირწმუნებიან, ცენზურის შესახებ განცხადება არასერიოზული, უსაფუძვლო და პოლიტიკურად ანგაჟირებული პროცესის ნაწილია.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.