საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა მარკ კლეიტონმა ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მან შესაძლოა ბევრი კარგი საქმე მნიშნელოვნად დააზიანოს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
„ძალიან ბევრი კომენტარი კეთდება საქართველოს პარტნიორებისგან, რომლებსაც ძალიან ბევრი რამ აქვთ გაკეთებული საქართველოს მომავლისთვის ამ 30 წლის მანძილზე, რომელიც ეწინააღმდეგება ამ კანონის მიღებას და ამ ფორმით უცხოური გავლენის ცნების დაკანონობას. აქ შემიძლია ის გავიმეორო, რაც რამდენიმე დღის წინ ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ ამ კანონის პირობებში, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა დე ფაქტო გაყინულია. ამდენად, თუ საქართველოს სურს წინ წაწევა, კიდევ ერთხელ უნდა გადახედოს ამ კანონს და გადაწყვიტოს, რას აკეთებს იმისთვის, რომ წინ მართლაც წაიწიოს. ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ევროკავშირი საკმაოდ მკაფიოა. ეს კანონი არ არის თავსებადი ევროკავშირში წევრობის მოთხოვნებთან. ამაზე უფრო ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა ისაუბრონ.
ვიტყვი, რას ნიშნავს ეს კანონი ჩვენი საელჩოს საქმიანობის გადმოსახედიდან. შესაძლოა, ამ კანონმა მნიშნელოვნად დააზიანოს ბევრი კარგი საქმე, რასაც ჩვენ ვაკეთებთ საქართველოში. ერთ-ერთი დიდი ნაწილი, სადაც ჩვენ საქართველოს მხარს ვუჭერთ, ეს შერიგების პროცესია აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან.
ამ მხარდაჭერას სხვადასხვა სახე აქვს. საქმის ნაწილი ეუთოში მიმდინარეობს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვისთვის. გაერომ კიდევ ერთხელ დიდ ბრიტანეთთან ერთად უზრუნველჰყო რეზოლუცია დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით. პოლიტიკურად ჩვენი მხარდაჭერა და პოზიცია სრულიად ნათელია, მაგრამ ამასთან დაფინანსებას რაც შეეხება ვთანამშრომლობთ სათემო ორგანიზაციებთან, ამ კანონით მათ უცხო აგენტის იარლიყი უნდა მიეკრათ. მიმაჩნია, რომ ეს არ არის სწორი, ისინი საქართველოს მთავრობის შერიგების პოლიტიკის მხარდასაჭერად მუშაობენ. ამ კანონის რისკი ის არის, რომ მათი სტიგმატიზება შეიძლება მოხდეს და ეს სამუშაო გაჩერდეს“, - განაცხადა მარკ კლეიტონმა „ბიემჯისთან“ ინტერვიუში.
დიპლომატმა აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო სექტორი „ისედაც ძალიან გამჭვირვალეა“ და სახელმწიფოს აქვს დეტალური წვდომა მათი ფულადი ნაკადების მოძრაობასთან.
საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ბრიტანელი ინვესტორებიც უყურებენ. მარკ კლეიტონის თქმით, პერსპექტივას, რომ რუსული კანონის გამო ქართველები შეიძლება დასანქცირდნენ, მათზე გავლენა აქვს, მაგრამ სანქციებზე მეტად მათ „დაშინების ორკესტრირებული კამპანია“ ანერვიულებთ: „ისინი უყურებენ საერთაშორისო პრესას, „გარდიანს“, „ეკონომისტს“. დღეს საქართველო კარგად არ გამოიყურება საერთაშორისო მედიაში. ისინი კითხულობენ არასტაბილურობის, ძალადობის, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინების შესახებ. შედეგად, ისინი უფრთხილდებიან თავიანთ ინვესტიციებს“, - აღნიშნა ელჩმა.
მაისის ბოლო „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობამ, 83 დეპუტატის მხარდაჭერით, ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსული კანონი საბოლოოდ დაამტკიცა. მმართველმა პარტიამ არ გაითვალისწინა რუსული კანონის უკან გაწვევის შესახებ ვენეციის კომისიის მტკიცე რეკომენდაცია, არც საერთაშორისო პარტნიორების გაფრთხილებები, რომ ასეთი კანონმდებლობა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს დააზიანებს.
