მედიის ადვოკატირების კოალიცია და საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეხმიანებიან პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მხრიდან „მთის ამბების“ რედაქტორის, გელა მთივლიშვილის წინააღმდეგ განხორციელებულ მორიგ თავდასხმას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„გელა მთივლიშვილი და მისი გუნდი ავტორია არაერთი მნიშვნელოვანი ჟურნალისტური გამოძიებისა და მამხილებელი სტატიისა და საგანგაშოა, რომ მისი დისკრედიტაცია უკვე სისტემატურ ხასიათს იძენს. შესაბამისად, არჩეული თანამდებობის პირების, განსაკუთრებით, პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან გელა მთივლიშვილზე თავდასხმა, რომელიც, მრავალი სირთულის მიუხედავად, თანმიმდევრულად და გაბედულად აშუქებს საზოგადოებისთვის მაღალი ინტერესის საკითხებს, ქვეყნის წინაშე არსებული რეალური გამოწვევებისგან ყურადღების გადატანის მცდელობაა და მიზნად ისახავს საზოგადოების ნდობის შერყევას დამოუკიდებელი ჟურნალისტიკის მიმართ.
საზოგადოების ინფორმირებასთან ერთად, ჟურნალისტიკის როლი ხელისუფლების ქმედებების კონტროლია, რაც ამ პროფესიას დემოკრატიის შემანარჩუნებელი ინსტიტუტის ფუნქციას აკისრებს. მედიაზე მიზანმიმართული და გამუდმებული თავდასხმები და ნდობის შერყევის მცდელობა კი დემოკრატიის დასუსტების მცდელობაა.
კოალიცია მოუწოდებს პარლამენტის თავმჯდომარეს და მმართველ პარტიას, შეწყვიტონ თავდასხმები ჟურნალისტებზე და საკუთარი პასუხისმგებლობის ფარგლებში უზრუნველყონ მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტთა უსაფრთხოების დაცვა“, - ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აღნიშნავს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე, დღეს, თავისი კომენტარით ევროკავშირის პრიზზე, მისი ჟიურის წევრებსა და ნომინანტებზე, გასცდა ამ თანამდებობისთვის დემოკრატიულ ქვეყანაში განსაზღვრულ მანდატს, ცენზორის როლი მოირგო და თავს დაესხა მათ, ვინც ამ ჟურნალისტური კონკურსის ფარგლებში, ჟიურისგან, რომელიც პროფესიული თემის გამორჩეული წარმომადგენლებისგან შედგება, მაღალი შეფასება დაიმსახურეს.
„ქარტია მადლიერებას გამოთქვამს ყველა იმ დონორის და ორგანიზაციის მიმართ, ვინც ამგვარ ჟურნალისტურ კონკურსებს ატარებს და ხარისხიან ჟურნალისტიკას ახალისებს. მათი წვლილი ქართული ჟურნალისტიკის განვითარებაში ფასდაუდებელია.
დამოუკიდებელ ჟურნალისტებს, მათ შორის, გელა მთივლიშვილს, ქარტიის საბჭოს წევრს, რომელიც დღეს პარლამენტის თავმჯდომარის სამიზნე გახდა, ამგვარი თავდასხმები ვერ შეაჩერებენ. ისინი გააგრძელებენ მუშაობას, რათა საზოგადოებამდე დროულად მიიტანონ ყველა ის ინფორმაცია, რომლის საგულდაგულოდ დაფარვასაც მათგან სახელმწიფო მოხელეეები ცდილობენ.
ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, ამგვარი კომენტარების კეთების ნაცვლად, იზრუნონ, რომ ჟურნალისტებმა შეუფერხებლად და დაბრკოლებების გარეშე მიიღონ ის საჯარო ინფორმაცია, რაც მათ კანონით ეკუთვნით და რაც საქართველოში პრაქტიკულად მიუწვდომელია.
ხელისუფლების მაღალი რანგის წარმომადგენლები უნდა აცნობიერებდნენ იმას, თუ რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ჟურნალისტების უსაფრთხოებისთვის მათ საჯაროდ გამოთქმულ, დაუსაბუთებელ ბრალდებებს ჟურნალისტების მიმართ და შესაბამისი პასუხისმგებლობით იმოქმედონ“, - აღნიშნულია ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისგან განმარტებას ითხოვს, როგორ მოხვდა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით „მთის ამბების“ რედაქტორის გელა მთივლიშვილის სტატია, ევროკავშირის პრიზის ფინალში, საუკეთესო საგამოძიებო ნამუშევრების კატეგორიაში.
კურორტ შოვში 2023 წლის 3 აგვისტოს მომხდარ სტიქიურ უბედურებას 33 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის, ბავშვები. „მთის ამბები“ შოვის ტრაგედიას სტიქიური უბედურების პირველივე წუთებიდან აშუქებს. ხელისუფლების მხრიდან ხელშეშლის მიუხედავად, გამოცემამ ოქტომბერში გამოაქვეყნა ჟურნალისტური გამოძიება - დანაშაული შოვში.
შოვის ტრაგედიის სიღრმისეულად და კრიტიკულად გაშუქების გამო „მთის ამბები“ არაერთხელ გახდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის და ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მხრიდან თავდასხმის სამიზნე.