„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აჭარის მტავრობის ყოფილი თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, რომელმაც გამოძიების ვერსიით, თვითმკვლელობა სცადა, თბილისის პირველ საუნივერისტეტო კლინიკაში, სამკურნალოდ თურქეთში გადაყვანამდე, მოინახულა. კობახიძემ მედიასთან კომენტარი გააკეთა და მომხდარში ირიბად ტელეკომპანიები დაადანაშაულა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
შეკითხვაზე, ვინ აბრალებდა რიჟვაძეს კორუფციას და ბარიგების მფარველობას, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ არ იცის. თუმცა, მან იქვე აღნიშნა, რომ „კონკრეტული ტელევიზიებიც იყვნენ, რომლებიც ამას აკეთებდნენ“.
„ზოგადად, სტრესულია იმ ადამიანის ცხოვრება, რომელიც პოლიტიკით არის დაკავებული, მათ შორის იმ დროსაც, როდესაც აღარ უკავია თანამდებობა. თქვენ იცით, ეს ყველაფერი რამხელა სტრესთან არის დაკავშირებული. უამრავი ტყუილი ვრცელდება, არის უამრავი შეურაცხყოფა, უამრავი ცილისწამება. კონკრეტული ტელევიზიები შემიძლია დაგისახელოთ, რომლებიც ამას აკეთებდნენ - მაგალითად, ეს არის „ტვ პირველი“, ეს არის „ფორმულა“.
მე გეუბნებით, რომ ზოგადად გარემო პოლიტიკოსისთვის არის სტრესული. [..] სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება გამომდინარე იქიდან, რომ მას აბრალებენ ათას ტყუილს ძალიან ხშირად, შეურაცხყოფას აყენებენ. ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, დათესოს სიძულვილი. ეს არის ერთ-ერთი ეროვნული პრობლემა და გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვის - სიძულვილის მუდმივად დათესვა. ეს ხდება ძირითადად ტყუილების გავრცელებით, ცილისწამებით, შეურაცხყოფით. ამიტომ არავის უნდა გვიკვირდეს, როდესაც ადამიანი განიცდის ცილისწამებას და შეურაცხყოფას მის მიმართ“, - განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტებმა მას ასევე ჰკითხეს, დაინტერესდა თუ არა, ვინ ახდენდა ზეწოლას აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეზე.
„რა თქმა უნდა, არამარტო მე, პირველ რიგში გამოძიება დაინტერესდა ამ საკითხით. ბუნებრივია, მეც გავაკონტროლებ გამოძიების პროცესს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. შესაბამისად, იმედი მაქვს, რომ გამოძიება დაადგენს ყველა დეტალს“, - უპასუხა „ქართული ოცნების“ პრემიერმა.
7 ივლისს ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე საგარეჯოში, კლინიკა „ჯეოჰოსპიტალში“ გულმკერდის არეში მიყენებული ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს. ქირურგიული ოპერაციის შემდეგ რიჟვაძე თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს. მას ფილტვი აქვს დაზიანებული.
საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის კვალიფიკაციით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვას ბრალდებით დააკავა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი. 8 ივლისს სასამართლომ ის გირაოთი გაათავისუფლა.
პროკურატურის განცხადებით, 6 ივლისს თორნიკე რიჟვაძე საგარეჯოში ესტუმრა ალექსი ახვლედიანს, შუაღამის დადგომის შემდეგ, 01:00 საათიდან 01:30 საათამდე კი მასპინძლისგან მალულად აიღო ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ახვლედიანს „დაუდევრად ჰქონდა დატოვებული“ თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში. ოფიციალური ვერსიით, რიჟვაძემ იარაღი მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით, ისროლა გულმკერდის არეში.
სამთავრობო პროპაგანდისტულმა მედიასაშუალებებმა მალევე გაავრცელეს წერილი, რომელიც, თითქოს, თორნიკე რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე დაწერა და რომელშიც გამოთქვამდა იმედს, რომ ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი კობახიძე მის ოჯახს დაიცავდნენ. ამასთან, სამთავრობო მედიის თანახმად, რიჟვაძე წერდა, რომ მას კორუფციას და ბარიგების მფარველობას აბრალებენ. პროკურორმა ნუგზარ ჭიტაძემ წერილის არსებობა დაადასტურა.
36 წლის თორნიკე რიჟვაძე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობას თითქმის 7 წელი იკავებდა. 2025 წლის აპრილში, მან თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.
