„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს დაპირებული 30 მილიონი ლარი უკვე გადასცა. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ნაკრების ფეხბურთელებს შეახსენეს, რომ ასეთივე ჯილდოსთან არის დაკავშირებული შემდეგი თამაშის მოგებაც.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„რა თქმა უნდა, ზოგადად, ჩვენს ფეხბურთელებს არ სჭირდებათ დამატებითი მოტივაციის შექმნა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, ძალიან ღირებულია ის მხარდაჭერა, რომელიც გამოცხადდა ბატონი ბიძინა ივანიშვილის მხრიდან საფეხბურთო ნაკრების მიმართ. ეს ჯილდო დამატებით მოტივაციას შექმნის.
უკვე გადაეცა ნაკრებს პირველი 30 მილიონი, რომელიც იყო დაწესებული ჯგუფიდან გასვლისთვის და ჩვენ როცა შევხვდით ნაკრების მოთამაშეებს, შევახსენეთ, რომ შემდეგი თამაშიც არის დაკავშირებული ასეთ ჯილდოსთან.
ეს კიდევ უფრო მეტად შექმნის მოტივაციას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, დამატებითი მოტივაცია ფეხბურთელებს არ სჭირდებათ, ძალიან დიდია მათში ჟინი და მოგების სურვილი შემდეგ თამაშზეც“, - განაცხადა კობახიძემ ჟურნალისტებთან.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ესპანეთისთვის მოგება შესაძლებელია: „მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი არის ჩემპიონატის ერთ-ერთი ფავორიტი, ყველაფერი არის შესაძლებელი. ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეუძლიათ თამაში. პორტუგალია არ იყო ესპანეთზე ნაკლები. შესაბამისად, 30-ში ყველაფერი შესაძლებელია“.
ევროპის ჩემპიონატის დებიუტანტი საქართველოს ნაკრები F ჯგუფში თურქეთთან, ჩეხეთთან და პორტუგალიასთან ერთად ასპარეზობდა. გადამწყვეტ მესამე მატჩში, რომელიც 26 ივნისს, გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში გაიმართა, ხვიჩა კვარაცხელიამ და გიორგი მიქაუტაძემ პორტუგალიელების კარში ორი გოლი გაიტანეს. მატჩი ანგარიშით 2:0 დასრულდა. მანამდე, საქართველომ ჩეხეთთან ფრე ითამაშა და ჯამში დაგროვილი 4 ქულით ჯგუფიდან გავიდა. აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ნაკრებმა ჯგუფურ ეტაპზე 12.25 მილიონი ევრო გამოიმუშავა, რაც დაახლოებით 37 მილიონი ლარია.
30 ივნისს, მერვედფინალში, საქართველო ესპანეთს შეხვდება. თამაში ქალაქ კიოლნშია დაგეგმილი.
23 აპრილს, ისტორიული გამარჯვებისა და ევროპის ჩემპიონატის საგზურის მოპოვებიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ჯგუფიდან გასვლისთვის 30 მილიონ ლარს დაჰპირდა. ივანიშვილს ამავე ოდენობის ჯილდო აქვს დაწესებული ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის. დაპირებას წინ უსწრებდა ნაკრების ფეხბურთელების მიერ რუსული კანონის საწინააღმდეგო და საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებები.