ონლაინგამოცემების „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა, მაიკლ ო'ფლაერტმა ციხეში მოინახულა. ამის შესახებ საქართველოში კომისრის ვიზიტის შემაჯამებელ განცხადებაშია ნათქვამი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 3 გომელაური, „ხარება“ და სხვა დასანქცირებული პოლიციელები ღირსების ორდენით დააჯილდოვეს
- 4 პატიმრის ადვოკატი: „სახის არცერთი ძვალი მთელი არ აქვს, ეს აღწერილი არაა და რატომ, გაუგებარია“
- 5 კომისარი ო’ფლაერტი: მზია ამაღლობელის პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელია
- 6 თბილისის მერია „რიყის დოქებთან“ 16 წლის ბიჭის დაღუპვაზე პასუხისმგებლობას ირიდებს
განცხადების მიხედვით, კომისარმა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას წამოჭრა მზია ამაღლობელის საკითხი, რომელიც 12 იანვარს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავების შემდეგ შიმშილობს.
„მის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდების საფუძველზე რაიმე სამომავლო გადაწყვეტილების წინასწარი შეფასების გარეშე, მჯერა, რომ მისი წინასწარი პატიმრობის გაგრძელება გაუმართლებელია. მე ძალიან შეშფოთებული ვარ მისი მდგომარეობის შესახებ“, - ამბობს კომისარი.
როგორც ირკვევა, 21-23 იანვარს, მაიკლ ო'ფლაერტი შეხვდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიას, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, იუსტიციის მინისტრის მოადგილეებს - ბექა ძამაშვილსა და ნიკო თათულაშვილს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროს კოკა კაციტაძეს, გენერალური პროკურორის პირველ მოადგილე გიორგი ბადაშვილის და სახალხო დამცველ ლევან იოსელიანს.
კომისარი მიესალმება სულ უფრო რთულ პირობებში მომუშავე სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების გამძლეობას, ითხოვს ზომების მიღებას ადამიანის უფლებების სერიოზული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.
კომისარი ო'ფლაერტი გამოთქვამს შეშფოთებას 2024 წლის აპრილში და 28 ნოემბრის შემდეგ აქციების დროს პოლიციისა და დაუდგენელი ნიღბიანი პირების („ტიტუშკების“) მიერ უკანონო დაპატიმრებებისა და ძალის გადამეტებული გამოყენების შესახებ ბრალდებებზე პასუხისმგებლობის ნაკლებობის გამო. ამასთან დაკავშირებით, ის აღნიშნავს, რომ მომიტინგეების წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია, მაგრამ არასათანადო მოპყრობის მრავალი სანდო ცნობის მიუხედავად, არცერთი პოლიციელი არ ყოფილა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული.
ამასთან, კომისარი ყურადღებას ამახვილებს მის წინა რეკომენდაციაზე, რომლის მიხედვითაც, საერთაშორისო კარგი პრაქტიკის შესაბამისად, პოლიციელების იდენტიფიცირება შესაძლებელი უნდა იყოს, რათა ხელი შეეწყოს გამოძიებას და დამნაშავეთა დასჯას.
მაიკლ ო'ფლაერტმა შეშფოთება გამოთქვა პროტესტზე დაწესებული ახალი შეზღუდვების გამოც, რაშიც იგულისხმება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში განხორციელებული ცვლილებები - მომიტინგეების მიერ სახის დაფარვის აბსოლუტური აკრძალვა, ადმინისტრაციული დაკავების, ჩხრეკისა და ამოღების საფუძვლების გაფართოება და ჯარიმებების გამკაცრება საჯარო პროტესტთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის.
„უმნიშვნელოვანესია იმის უზრუნველყოფა, რომ მშვიდობიანი შეკრების უფლება არ ირღვეოდეს ადმინისტრაციული ან საკანონმდებლო ზომებით“, - ამბობს ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი.
ის ეხმაურება „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებსაც, რის შედეგადაც სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში საჯარო მოხელეები უფრო დაუცველები გახდნენ და მწუხარებას გამოთქვამს, რომ კანონები „ნაჩქარევად, მნიშვნელოვანი საკონსულტაციო პროცესის გარეშე“ იქნა მიღებული.
კომისარმა შეშფოთება გამოთქვა ფართოდ გავრცელებული დეზინფორმაციისა და მასტიგმატიზებელი კანონმდებლობის მიღების შედეგად სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სივრცის შემცირების გამო.
„ხელისუფლების წარმომადგენლებთან საუბრისას აღვნიშნე ადამიანის უფლებებზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის გავლენზე ჩემი საჯაროდ გამოთქმული პოზიცია და ფაქტი, რომ ის არ უნდა ყოფილიყო მიღებული ამჟამინდელი ფორმით“, - ამბობს მაიკლ ო'ფლაერტი.
როგორც ის აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებას ჯერ არავინ დაუჯარიმებია ე.წ. აგენტების რეესტრში რეგისტრაციის მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, „ავტომატური და დაუსაბუთებელი პრეზუმფციის არსებობა წარმოადგენს გაერთიანების თავისუფლების არასაჭირო და არაპროპორციულ შეზღუდვას“.
ადამიანის უფლებათა კომისარი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას ე.წ. ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონთან დაკავშირებითაც, მიიჩნევს, რომ ის შეუთავსებელია ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან, დისკრიმინაციული და მასტიგმატიზებელია.
კომისარი აცხადებს, რომ ამ საკანონმდებლო ზომების ერთობლიობა, ადამიანის უფლებათა დარღვევებზე დაუყოვნებელი პასუხისმგებლობის უზრუნველყოფის ნაკლებობა და სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული ძლიერი აღქმა იმისა, რომ სასამართლოების მეშვეობით მართლმსაჯულების მიღწევა შეუძლებელია, ფაქტობრივად, უარყოფს მათ უფლებებს.
