„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა უმრავლესობა, 61.7%, საქართველოს არასწორი მიმართულებით სვლაზე მიუთითებს. 82.1% ქვეყანაში დღესდღეობით შექმნილ მდგომარეობას პოლიტიკურ კრიზისად მიიჩნევს, ხოლო 78%-მდე - პოლიტიკურ კრიზისზე ძირითად პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ აკისრებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქციის გამო შსს-მ 9 ადამიანს სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა
- 2 ვინ არის ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილი
- 3 მოსკოვი მზადაა, რუსეთ-საქართველოს „ურთიერთობების ნორმალიზაცია“ გააგრძელოს
- 4 ბაკურციხე-თბილისის გზაზე ავტოავარიის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა
- 5 „შერატონის“ მენეჯერის თქმით, ქორიძესა და გახარიაზე თავდასხმის ჩანაწერები შსს-ს ჯერ არ ამოუღია
- 6 „ბო*იშვილი ვიყო, სისხლით დავიჭერ“ - ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მზია ამაღლობელზე
პოლიტიკური კრიზისის ინდიკატორებად გამოიკვეთა 3 ფაქტორი: ერთპარტიული პარლამენტის არსებობა, მასობრივი საპროტესტო გამოსვლები ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით და პროტესტის მონაწილეთა ფიზიკური ანგარიშსწორება და უკანონო დაპატიმრებები.
ქვეყნის წინაშე მდგარ, ყველაზე უფრო მწვავე პრობლემებად გამოკითხულები მაღალ ფასებსა და უმუშევრობას ასახელებენ. გარდა ამისა, მწვავე პრობლემათა რიგშია: ქართველების ემიგრაცია, ნარკოტიკების გავრცელება/გამოყენება, სიღარიბე, უსამართლოდ ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები, კრიმინალი და დაუცველობა და სხვ.
67.1%-ს მიუღებლად მიაჩნია „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის მიერ, 2024 წლის 28 ნოემბერს, ევროინტეგრაციის 2028 წლამდე შეჩერების შესახებ გაკეთებული განცხადება.
უმრავლესობა, 55%-მდე, თვლის, რომ „ქართული ოცნების“ საგარეო პოლიტიკა რუსეთის/რუსეთთან დაახლოებული ქვეყნების (ჩინეთი, ირანი და სხვ.) ინტერესების გატარებას ემსახურება. ამასთან, 30.1%-ის აზრით, „ქართული ოცნება“ ეწევა დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკას და კონკრეტულად არც ერთი ქვეყნის ინტერესებს არ ატარებს. მხოლოდ 7%-ია დარწმუნებული იმაში, რომ „ქართული ოცნება დგას“ დასავლეთთან (ევროპა, აშშ) და დასავლურ სტრუქტურებთან (ევროკავშირი, ნატო) ინტეგრაციის გზაზე.
რესპონდენტთა უმრავლესობა (67%-მდე) აშშ-თან სტრატეგიული ურთიერთობის გაწყვეტას უარყოფითად აფასებს. ევროკავშირში საქართველოს გაწევრებას მხარს უჭერს დიდი უმრავლესობა - 86.3%, ხოლო ნატოში გაწევრებას - 74.2%.
ამის მიუხედავად, რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (53%-მდე) მომხრეა იმის, რომ საქართველო არცერთ პოლიტიკურ/სამხედრო საერთაშორისო სტრუქტურაში არ გაერთიანდეს და ჰქონდეს ნეიტრალიტეტი.
მოსახლეობის უმრავლესობას (54.2%) „დიფ-სთეითის“ და „გლობალური ომის პარტიის“ ანტიქართული გავლენების შესახებ „ქართული ოცნების“ განცხადებები არადამაჯერებლად მიაჩნია, ხოლო მეოთხედს (25.3%) უჭირს ამ განცხადებების სანდოობაზე პოზიციის გამოხატვა.
რესპონდენტთა 60%-მდე ემხრობა საქართველოში მიმდინარე პროტესტს, რესპონდენტთა 45% პროტესტის აქტიური მხარდამჭერია.
2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები რესპონდენტთა დაახლოებით 43%-ის აზრით, ჩატარდა უსამართლოდ, ხოლო, დამატებით 16%-ის მიხედვით - თანაბრად სამართლიანად და უსამართლოდ („50/50“-ზე).
გამოკითხულთა ნახევარზე მეტი (51.3%) აცხადებს, რომ არჩევნებში ხმა ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალას მისცა, ხოლო დაახლოებით მესამედი (32%) - ადასტურებს „ქართული ოცნებისთვის“ ხმის მიცემას. საკუთარ არჩევანს არ ამჟღავნებს 17%-მდე.
„ქართული ოცნების“ ყოფნას ხელისუფლებაში უკანონოდ/არალეგიტიმურად მიიჩნევს 48%-მდე, ხოლო კანონიერად/ლეგიტიმურად - 39.2%.
უმრავლესობა ეთანხმება მიმდინარე პროტესტი ძირითად მოთხოვნებს. კერძოდ, 62% მხარს უჭერს ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას, ხოლო 76.3% - პატიმრების განთავისუფლებას.
ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის შემთხვევაში, დიდ უმრავლესობას (80%-ის ფარგლებში), აქვს მონაწილეობის მაღალი მზაობა, ხოლო იმათ შორის, ვინც ახალ არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს, „ქართული ოცნების“ მხარდაჭერა (ალოკაციით) შეადგენს 31.5%-ს.
რესპონდენტთა უმრავლესობა, 55%-მდე, არ იზიარებს მოსაზრებას, რომ თუ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში არ დარჩება, გაიზრდება საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვის საფრთხე. ასეთ საფრთხეს მეტ-ნაკლებად ხედავს რესპონდენტთა 35.5%. თუმცა, ამაში მხოლოდ 15.3%-ია დარწმუნებული.
ბოლო თვეებში სხვადასხვა აქტორის საქმიანობის/მოვლენის შეფასებისას, ყველაზე დადებითი დამოკიდებულება ვლინდება სალომე ზურაბიშვილის საქმიანობის მიმართ (49%).
ბოლო თვეებში არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის დადებითად შემფასებელთა წილი (36%-მდე) აჭარბებს უარყოფითად შემფასებელთა წილს (30%-მდე).
26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების საქმიანობის უარყოფითად შემფასებელები (38%-მდე) აჭარბებენ დადებითად შემფასებლებს (33.2%); ხოლო „ქართული ოცნების“ საქმიანობას, 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, უარყოფითად აფასებს ნახევარზე მეტი (53.2%). ნეგატიური შეფასება ხვდა წილად მიხეილ ყაველაშვილის არჩევას საქართველოს პრეზიდენტად (57.2%).
გამოკითხულთა 52%-მდე სამართლიანად მიიჩნევს აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის მიმართ, ხოლო თითქმის ამდენივე - შსს მაღალჩინოსნების მიმართ.
რესპონდენტები ინფორმაციას ქვეყანაში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ ძირითადად იღებენ საქართველოს სატელევიზიო არხებითა და სოციალური მედიით.
სატელევიზიო არხებს შორის, არცთუ დიდი დისტანციით, ლიდერობენ „იმედი“ (42%-მდე), „მთავარი არხი“ (38%-მდე) და „ტვ პირველი“ (33.4%). სოციალურ მედიებს შორის კი უპირობო ლიდერია „ფეისბუქი“.
„სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ (ISSA) მიერ 2025 წლის 18-30 იანვარს ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევა განხორციელდა ქვეყნის მაშტაბით, გამოიკითხა 2000 რესპონდენტი, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით. რესპონდენტები შეირჩნენ ოჯახებში შემთხვევითი წესით. კვლევის შედეგები უზრუნველყოფს ±2.2% შერჩევის ცდომილებას მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით.
![საქართველოს ამბები](/images/a2.png#joomlaImage://local-images/a2.png?width=80&height=80)