ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ რუსულ ოპოზიციურ ტელეკომპანია „დოჟდს“ ლატვიის ტერიტორიაზე მაუწყებლობის ლიცენზია გაუუქმა. ამ გადაწყვეტილების მიღება საბჭოს თავმჯდომარე ივარს აბოლინშმა „ეროვნული უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის საფრთხეებით“ ახსნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
„დოჟდის“ მაუწყებლობის გაგრძელების შემთხვევაში, ლატვიის ხელისუფლება ვერ შეძლებს დაიცვას თავისი მოქალაქეები, ტელეკომპანიის მაყურებლები „მავნე კონტენტისგან, რომელიც საფრთხეს უქმნის ლატვიის და სხვა ქვეყნების უსაფრთხოებას და საზოგადოებრივ წესრიგს“. ტელეკომპანია მოუწოდებს იმ ქვეყნის მხარდაჭერისკენ, რომელიც აღიარებულია ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ როგორც ლატვიის, ისე ევროპის დონეზე“, - ნათქვამია გადაწყვეტილებაში, რომელიც ძალაში 8 დეკემბერს შევა. საბჭო ითხოვს, რომ ლატვიის ტერიტორიაზე „დოჟდის“ ტრანსლაცია YouTube-ზეც დაიბლოკოს.
„დოჟდის“ მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიადკო ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოს გადაწყვეტილებას აბსურდულს უწოდებს და ამბობს, რომ მას საღ აზრთან საერთო არაფერი აქვს. ძიადკომ ლატვიაში „დოჟდის“ დახურვა 2014 წელს რუსეთში საკაბელო ქსელებიდან არხის გათიშვას შეადარა.
„დღეს, რვაწლინახევრის შემდეგ, მე ისევ ამაზე ვსაუბრობ, მაგრამ უკვე ლატვიიდან, სადაც ჩვენი გუნდი იძულებული გახდა წამოსულიყო რუსეთის ფედერაციაში სამხედრო ცენზურის პირობებში მუშაობის შეუძლებლობის, ანტისაომარი პოზიციის და იმ ომის მიუღებლობის გამო, რომელსაც რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ აწარმოებს. როდესაც მოგონილი მიზეზით პირველად გთიშავენ ეთერიდან, ეს ტრაგედიად აღიქმება, როდესაც რვა წლის შემდეგ „ლატვიის ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს“ გიწოდებენ - ფარსად.
წამიკითხავს, რომ დასავლეთში მხარეთა შეჯიბრებითობა არსებობს, რომ ბრალდებულ მხარეს უფლება აქვს ბრალდებაზე თავისი არგუმენტები წარმოადგინოს. ჰქონდა ეს უფლება დღეს ტელეკომპანია „დოჟდს“? არა, არ ჰქონია. საბჭოს 30-წუთიან სხდომაზე „დოჟდის“ წარმომადგენელი არ მიუწვევიათ. შედეგად მიღებული იქნა 14-გვერდიანი გადაწყვეტილება. პატივცემული საბჭოს პატივცემული წევრების სწრაფი წერის უნარი მხოლოდ შესაშუარია“, - განაცხადა ძიადკომ და დაამატა, რომ „დოჟდი“ მუშაობის შესაძლებლობას იპოვის და არავის მისცემს 12 წლის განმავლობაში ნაშენები რეპუტაციის განადგურების საშუალებას.
„ტელეკომპანია „დოჟდი“ ყოველთვის გამოდიოდა, გამოდის და გამოვა ყირიმის უკანონო ანექსიის წინააღმდეგ, უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრის წინააღმდეგ. ყოველთვის ყველაფერს გააკეთებს, რომ ამის შესახებ სიმართლე რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწოდოს რუსეთსა და მის ფარგლებს გარეთ. დარწმუნებულები ვართ ამას აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა „დოჟდის“ მთავარმა რედაქტორმა.
ლიცენზიის ჩამორთმევამდე, 2 დეკემბერს, ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ „დოჟდი“ 10 ათასი ევროთი დააჯარიმა. საბჭოს განმარტებით, ტელეარხმა ეთერში აჩვენა რუკა, სადაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში იყო გამოსახული. გარდა ამისა, მარეგულირებელმა დარღვევად მიიჩნია გადაცემის წამყვანის მიერ რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით ეთერში ნათქვამი სიტყვები - „ჩვენი არმია“. იმავე დღეს, 2 დეკემბერს, ლატვიის უსაფრთხოების სამსახურმა შემოწმება დაიწყო ტელეწამყვან ალექსეი კოროსტელიოვის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც, სამსახურის თანახმად, აჩენს ეჭვს, რომ ტელეარხი „რუსეთის საოკუპაციო ძალების ჯარისკაცებს ეხმარება“. კოროსტელიოვმა, გადაცემის „აქ და ახლა“ წამყვანმა, მაყურებელს მოუწოდა, „დოჟდისთვის“ გაეგზავნათ ინფორმაცია რუსეთში მობილიზებულების შესახებ და გამოთქვა იმედი, რომ ტელეკომპანიამ რუსი სამხედროების დახმარება შეძლო. ამ განცხადების გამო ის სამსახურიდან გაათავისუფლეს.
„ალექსეი კოროსტელიოვის მიერ ეთერში გაკეთებული განცხადება არ ასახავს არხის პოზიციას, სიმართლეს არ შეესაბამება. ამ ფრაზის გამო მას დაეკისრა ერთადერთი შესაძლო პასუხისმგებლობა - არხთან თანამშრომლობის შეწყვეტა. თანამდებობიდან გათავისუფლება ადასტურებს, რომ ასეთი განცხადებები მიუღებელია. ელექტრონული მედიის საბჭოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ „დოჟდმა“ თავის ამინდის პროგნოზებში არაერთხელ გამოაქვეყნა რუსეთის რუკა, სადაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში იყო. პრობლემა ის არის, რომ ამინდის პროგნოზის პროგრამა „დოჟდზე“ ჯერ კიდევ 2014 წელს დაიხურა, თუ მეხსიერება არ მღალატობს, ჯერ კიდევ ყირიმის ანექსიამდე. სიტყვათშეთანხმება „ჩვენი არმია“ მიმართული იყო რუსულ აუდიტორიაზე. „ჩვენი ჯარი ომის დანაშაულებს სჩადის“ - არა პლანეტა ალფა კენტავრის არმია, არამედ ჩვენი, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ჯარი სჩადის სამხედრო დანაშაულს. უკრაინის ხელისუფლების ინფორმაციით, 24 თებერვლიდან მოყოლებული 40 000 სამხედრო დანაშაულია ჩადენილი. აქ სად შეიძლება დავინახოთ [რუსული არმიის] განდიდება?“, - განაცხადა ტიხონ ძიადკომ.
ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭო მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია „დოჟდისთვის“ ლიცენზიის ჩამორთმევა ადეკვატური ზომაა გამოხატვის თავისუფლების დაცვის კონტექსტში. საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრება მისი ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაშია შესაძლებელი, თუმცა გასაჩივრება მისი მოქმედების შეჩერებას არ გამოიწვევს. რაც შეეხება ტელეკომპანიის ჟურნალისტების ლატვიაში დარჩენის საკითხს, ამაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა სამინისტრო და სპეცსამსახურები მიიღებენ.
ტელეკომპანია „დოჟდმა“ რუსეთში მუშაობა მარტის დასაწყისში შეწყვიტა. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, რედაქციის ბევრმა თანამშრომელმა ქვეყანა დატოვა. ტიხონ ძიადკო და მისი მეუღლე, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე საქართველოში ჩამოვიდნენ, სადაც ტელეკომპანია „ფორმულას“ ბაზაზე დაიწყეს გადაცემების მომზადება. „დოჟდმა“ მაუწყებლობა ივნისის დასაწყისში რიგიდან განაახლა, როდესაც ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოსგან შესაბამისი ლიცენზია მიიღო.