„დოჟდს“ შესაძლოა ლატვია დაატოვებინონ, მთავრობა ეჭვობს, რომ ის რუს ჯარისკაცებს ეხმარება

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ტელეკომპანია „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიადკო

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოურ აგენტად“ გამოცხადებულ ტელეკომპანია „დოჟდს“ შესაძლოა ლატვიის დატოვება მოუწიოს. ამ საკითხზე განცხადება ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა, არტის პაბრიკსმა გააკეთა. „დოჟდი“ ლატვიაში მიმდინარე წლის ივნისიდან არის ბაზირებული.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„მე მიმაჩნია, რომ „დოჟდი“ სამუშაოდ რუსეთში უნდა წავიდეს, ხოლო თანამშრომლებს ბინადრობის ნებართვა გაუუქმდეთ. მოთმინების ფიალა აივსო“, - დაწერა Twitter-ში თავდაცვის მინისტრმა, რომელმაც მოგვიანებით დაამატა, რომ პროცესი უკვე დაწყებულია.

არტის პაბრიკსის ამ განცხადებას წინ რამდენიმე მოვლენა უძღოდა. 2 დეკემბერს, ლატვიის უსაფრთხოების სამსახურმა „დოჟდთან“ დაკავშირებით შემოწმება დაიწყო. საქმე ეხება ტელეწამყვან ალექსეი კოროსტელიოვის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელიც, სამსახურის თანახმად, აჩენს ეჭვს, რომ ტელეარხი „რუსეთის საოკუპაციო ძალების ჯარისკაცებს ეხმარება“.

პირველ დეკემბერს, გადაცემის „აქ და ახლა“ წამყვანმა ალექსეი კოროსტელიოვმა მაყურებელს მოუწოდა, ტელეკომპანიას გაუგზავნონ ინფრომაცია რუსეთში მობილიზებულების შესახებ და გამოთქვა იმედი, რომ „დოჟდმა“ რუსი სამხედროების დახმარება შეძლო.

„თუ გაქვთ ინფორმაცია, მტკიცებულებები იმის შესახებ, თუ როგორ მიმდინარეობს მობილიზაცია, როგორ მსახურობენ ფრონტზე გაგზავნილი მობილიზებულები და გსურთ გვიამბოთ რუსულ არმიაში არსებულ პრობლემებზე, გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელექტრონულ ფოსტაზე arm@tvrain.tv ან მოგვწერეთ Telegram-ში. ჩვენ პრაქტიკულად ყველას ვპასუხობთ, ბევრ ისტორიას ვაქვეყნებთ და იმედი გვაქვს, რომ ბევრ სამხედრო მოსამსახურეს, მათ შორის, შევძელით დავხმარებოდთ, მაგალითად, აღჭურვილობით და უბრალოდ ფრონტზე ელემენტარული კომფორტით. ის ისტორიები რომლებიც ქვეყნებოდა და ნათესავები ყვებიან, სიმართლე გითხრათ, საშინელია“, - თქვა კოროსტელიოვმა.

ტელეკომპანია „დოჟდმა“ ჟურნალისტის გათავისუფლების გადაწყვეტილება მიიღო, მისი ეს მონოლოგი კი წაშალა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აცხადებს, რომ ლატვიაში „ე.წ. რუსეთის დამოუკიდებელი მედიის“ საქმიანობა სხვადასხვა რისკებს შეიცავს: „უპირველეს ყოვლისა, მედიის წარმომადგენლები, რომლებიც აგრესორი ქვეყნიდან მოდიან, ქმნიან სადაზვერვო რისკებს. ეს მედია კომპანიები და ჟურნალისტები აგრესორ ქვეყანაში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდნენ. არ შეიძლება გამოირიცხოს ზოგიერთი მედიის ან მათი წარმომადგენლების კავშირები რუსეთის სადაზვერვო და უსაფრთხოების სამსახურებთან. ასევე შესაძლებელია რუსეთის დაზვერვისა და უსაფრთხოების სამსახურების გაძლიერებული ინტერესი ლატვიაში ემიგრირებული მედიის ფუნქციონირების შესახებ.

მეორე - ლატვიაში რუსული მედიის წარმომადგენლების საქმიანობა დაკავშირებულია ლატვიის საინფორმაციო სივრცის უსაფრთხოების რისკებთან. წლების განმავლობაში, რუსეთი ახორციელებს მიზანმიმართულ და სისტემატურ ღონისძიებებს, რათა გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე რუსეთის ინტერესების შესაბამისად. ამიტომ არსებობს რისკი, რომ დასავლეთის ქვეყნების, მათ შორის, ლატვიის წინააღმდეგ მიმართული ნარატივები, გარკვეული მედიის მიერ შექმნილ კონტენტში მოხვდეს“, - ნათქვამია ლატვიის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკრაინისა და მისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების გათვალისწინებით, აგრესორი რუსეთისადმი ნებისმიერი მხარდაჭერა გაუმართლებელია.

„დოჟდის“ მთავარმა რედაქტორმა, ტიხონ ძიადკომ განაცხადა, რომ ტელეარხი რუსულ ჯარს არასდროს ეხმარებოდა, არ ეხმარება და არც დაეხმარება აღჭურვილობის, ეკიპირების, შეიარაღების, საკვების ან სხვა საქონლის მიწოდებით როგორც ფრონტზე, ისე მის მიღმა. მისი თქმით, ფოსტა arm@tvrain.tv შეიქმნა უკრაინაში რუსული არმიის დანაშაულებების, ასევე, რუსეთში გამოცხადებული „დანაშაულებრივი და უაზრო“ მობილიზაციის დროს ჩადენილი დარღვევების შესახებ მტკიცებულებების შესაგროვებლად.

თავად ალექსეი კოროსტელიოვი ამბობს, რომ მისი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას ეთანხმებას. Telegram-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში მან დაწერა, რომ ომის წინააღმდეგია, რის გამოც უკვე ცხრა თვეა, რუსეთში არ ცხოვრობს. ტელეწამყვანმა ეთერში ნათქვამიც განმარტა: „მეცოდება თუ არა ყველას მიერ დაგდებული მშიერი მობილიზებული (მათზე ვსაუბრობდი)? დიახ. პუტინი კარგი ტიპია? არა. მგონია, რომ წყალგამყოფი სადღაც აქ გადის. ვეხმარები თუ არა მობილიზებულებს, რომელთა შესახებაც მონოლოგში იყო საუბარი? მხოლოდ იმით, რომ მათ შესახებ ვყვები“.

2 დეკემბერს „დოჟდი“ 10 ათასი ევროთი დააჯარიმეს იმის გამო, რომ ტელეარხმა ეთერში აჩვენა რუკა, სადაც ყირიმი რუსეთის შემადგენლობაში იყო გამოსახული. გარდა ამისა, ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნულმა საბჭომ დარღვევად მიიჩნია რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულ ძალებთან დაკავშირებით ეთერში სიტყვების - „ჩვენი არმია“ გამოყენება. საბჭოს თავმჯდომარემ, ივარს აბოლინშმა თქვა, რომ ბოლო თვეებში, „დოჟდისთვის“ ეს უკვე მეორე დარღვევაა. მისი თქმით, მესამე დარღვევის დადგენის შემთხვევაში, „დოჟდს“ შესაძლოა მაუწყებლობის ლიცენზია ჩამოართვან. „ტელეარხმა პატივი უნდა სცეს ლატვიის კანონებს“, - აღნიშნა აბოლინშმა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, საბჭომ ალექსეი კოროსტელიოვის განცხადებასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოება უკვე დაიწყო.

ტელეკომპანია „დოჟდმა“ რუსეთში მუშაობა მარტის დასაწყისში შეწყვიტა. უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის დაწყების შემდეგ, მისმა მთავარმა რედაქტორმა და რედაქციის ბევრმა წევრმა ქვეყანა დატოვა. არხის გენერალური დირექტორის, ნატალია სინდეევას თქმით, მათი ეს გადაწყვეტილება ყალბი ამბების შესახებ რუსეთში მიღებულმა ახალმა კანონმაც განაპირობა. „დოჟდის“ მთავარი რედაქტორი ტიხონ ძიადკო და მისი მეუღლე, საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ეკატერინე კოტრიკაძე საქართველოში ჩამოვიდნენ, სადაც ტელეკომპანია „ფორმულას“ ბაზაზე დაიწყეს გადაცემების მომზადება. „დოჟდმა“ მაუწყებლობა ივნისის დასაწყისში რიგიდან განაახლა, როდესაც ლატვიის ელექტრონული მედიის ეროვნული საბჭოსგან შესაბამისი ლიცენზია მიიღო.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).