ლეგიტიმურია არჩევნები თუ არა, ამაზე სახალხო დამცველი ვერ იმსჯელებს - იოსელიანი

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

საქართველოს სახალხო დამცველის, ლევან იოსელიანის განცხადებით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას ვერ შეაფასებს, რადგან ეს მისი მანდატი არ არის.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

„საქმე იმაშია, რომ ეს კითხვა არ მიემართება სახალხო დამცველს. არც მე და არც ერთ სახალხო დამცველს, ვინც საქართველოში ყოფილა, არავის შეუფასებია არჩევნების ლეგიტიმურობა, ვინაიდან ეს არ არის ის მანდატი, რასაც სახალხო დამცველი ახორციელებს. ჩვენ არ ვართ სადამკვირვებლო ორგანიზაცია. ჩვენ არ ვახორციელებდით დაკვირვებას. შესაბამისად, ლეგიტიმურია არჩევნები თუ არ არის ლეგიტიმური, ამაზე ვერცერთი სახალხო დამცველი ვერ იმსჯელებს“, - ასე უპასუხა იოსელიანმა შეკითხვას, მიაჩნია თუ არა, რომ ეს არჩევნები ჩატარდა თავისუფალ, დემოკრატიულ გარემოში და შედეგები ლეგიტიმურია.

ლევან იოსელიანის თქმით, პოლიტიკოსების მხრიდან სახალხო დამცველისკენ მიმართული შეკითხვები ან არაკომპეტენტურობაა, ან მისი დისკრედიტაციის მცდელობას წარმოადგენს. ერთ-ერთი, ვინც სახალხო დამცველს საარჩევნო დარღვევებზე კომენტარის გაკეთებისკენ მოუწოდებდა, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი, დეპუტატი თამარ კორძაია იყო.

„რატომ მკითხულობდნენ, არ ვიცი, ბევრი ადამიანი არაკომპეტენტურობის გამო სვამს რაღაც კითხვებს, შეიძლება ამასაც მივაწეროთ, ბევრი იმ განზრახვით სვამს კითხვებს, რომ დისკრედიტაცია მოახდინოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის. ის ადამიანები, პოლიტიკოსები, ვინც ამას კითხულობდნენ და რა სტილითაც კითხულობდნენ, მათი მიზანი ცალსახად დისკრედიტაცია იყო. მათი მიზანი იყო, რომ რაღაცნაირად ამ პოლიტიკურ დისკურსში ჩავეთრიე მე ან ჩემი აპარატი. მათ ძალიან კარგად იციან, რომ ჩვენ არჩევნებს არ ვაკვირდებოდით.

მე, როგორც სახალხო დამცველი, არ ვარ რომელიმე პოლიტიკური პარტიის გვერდით, არ ვდგავარ მათთან, არ ვიმეორებ რაღაც, ხშირ შემთხვევაში აბსურდულ განცხადებებს, რომელიც ძნელია, საღი აზრის ადამიანმა დაიჯეროს. მაგალითად, ის, რომ 350 ათასი ადამიანი ჩამოატარეს „კარუსელებზე“, - თქვა იოსელიანმა.

კითხვაზე, სჯერა თუ არა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ 350 ათასი ხმა გააყალბა, ლევან იოსელიანმა განაცხადა:

„არ ვიცი, 350 ათასი ადამიანი რომ ატარო სხვადასხვა უბანზე, თუნდაც რომ ასე იყოს, ამას სჭირდება, დაახლოებით, 30 ათასი სამარშრუტო ტაქსი, 10 ათასი ავტობუსი. ეს ყველაფერი თუ ისე მოხდა, რომ ამ ქვეყანაში ვერავინ ვერაფერი გაიგო, მე არ მჯერა ამის, არ დამიკარგავს საღი აზრი. არ მჯერა, რომ 100 ათასზე მეტ ადამიანს ჩამოართვეს პირადობის მოწმობა ისე, რომ ერთი არ გამოჩნდა. ორი თვეა ვიხვეწებით, ვინმეს თუ ჩამოგართვეს მოწმობა, განცხადება შემოიტანეთ-მეთქი. ერთი არ არის, ვინც იტყვის, რომ მას ჩამოართვეს იძულებით და არ მიბრუნებენ. არის რაღაცები, რაც ობიექტური მოცემულობაა, არის რაღაცები, რომ მართლა მელანმა იქ გამოჟონა, ოღონდ ეს შესაფასებელია დიდ კონტექსტში, რამდენად მიემართება ეს შენი ნების გამოვლენას. შენ რომ მიხვედი და იქ შემოხაზე, იყო თუ არა ნების გამოვლენა უზრუნველყოფილი, თუ ვინმე ახდენდა ზეგავლენას. ჩემი, როგორც სახალხო დამცველის ამოცანა ეს არის, რომ დავინახო ადამიანი დაუბრკოლებლად აძლევდა თუ არა ხმას. პროცედურული დარღვევები იყო, ვინ ამბობს, რომ არ იყო, აბა რაზე არის საჩივრები დაწერილი?! ეუთო/ოდირის დასკვნა არის ამის ყველაზე კარგი მაგალითი, სადაც უამრავ დარღვევაზეა საუბარი.

გასაგებია, ოპოზიცია რასაც ითხოვს. ოპოზიცია იმისთვის არის, რომ ასეთი მოთხოვნები ჰქონდეთ [არჩევნების შედეგების გაუქმება და ახალი არჩევნების დანიშვნა], მაგრამ ყველა მოთხოვნა გამყარებული უნდა იყოს რაღაც მტკიცებულებით. როდესაც 3111 უბანზე შემაჯამებელი ოქმი დაიწერა, სადაც ყველა ოქმზე ხელს აწერს ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი, მხოლოდ 9 უბანზეა დაწერილი განსხვავებული აზრი. დაახლოებით 47 ათასი დამკვირვებელი იყო. თუ ყველა მოისყიდეს, თუ არავინ არაფერი დაწერა, თუ ბიულეტენის გაჟონვის ფაქტზე მხოლოდ 7 განცხადება დაიწერა, ეს ყველაფერი თუ ვინმეს სჯერა, რომ ეს ასე მოხდა, ეს მოკლებულია საღი აზრის პრინციპს, ასეთი რაღაც შეუძლებელია მოხდეს“.

ლევან იოსელიანის თქმით, კენჭისყრის დღეს სახალხო დამცველის აპარატმა სავარაუდო დანაშაულის შემცველი 110 ფაქტი აღრიცხა. იოსელიანი ოპოზიციას მიმართავს, თუ აქვთ გაყალბების, მოსყიდვის, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის დამადასტურებელი მტკიცებულებები და სახელმწიფო არ ახდენს რეაგირებას, სახალხო დამცველს მიმართონ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.