კოალიცია „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი თამარ კორძაია საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს მოუწოდებს, საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლენილ დარღვევებს გამოეხმაუროს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 6 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
კორძაიას შეფასებით, 26 ოქტომბერს, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ არჩევანის თავისუფლება ფარულობის არარსებობით გაანადგურა.
„არჩევნების დღეს ცენტრალური ფიგურა არის ადამიანი და მისი საარჩევნო უფლება უზრუნველყოფილია კონსტიტუციით. აი, ეს გაანადგურეს. მინდა სახალხო დამცველს მივმართო: სადღაც რეგიონებში და წალკაში რომ დადიხართ, ბატონო ლევან, იქნებ გვიპასუხოთ, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ნების თავისუფლება ფარულობასთან დაკავშირებით? მე ვითხოვ ამაზე მის კონკრეტულ პასუხს საჯაროდ, ბრიფინგის სახით და არა წერილობითი დოკუმენტის სახით იმიტომ, რომ ამაზე მეტად არ შეიძლება ადამიანის უფლებები განადგურდეს ქვეყანაში, რაც ახლა მოხდა“, - თქვა თამარ კორძაიამ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.
ოპოზიციური პარტიებისა და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების შეფასებით, კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის ხმის ფარულობის უფლება მასობრივად დაირღვა, რაც შედეგების გაუქმების საფუძველია.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, „ქართული ოცნების“ მიერ საარჩევნო უბნებზე დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც ძირითადად საარჩევნო ყუთს უყურებდნენ. ამასთან, საარჩევნო ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს გაფერადებული წრის კვალი არ დარჩენილიყო. საია მიიჩნევს, რომ ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს, არღვევს ხმის ფარულობასა და ნების თავისუფალ გამოვლენას. ორგანიზაცია 2263 საარჩევნო უბნის შემაჯამებელი ოქმების ბათილად ცნობას ითხოვს. ამ უბნებზე კენჭისყრა ელექტრონული მოწყობილობების გამოყენებით ჩატარდა, რაც ხმების 90%-ია. საიას საჩივრების დაკმაყოფილება ხელახალი არჩევნების ჩატარებას გამოიწვევს.
ცენტრალური საარჩევნო კომისია ხმის მიცემის ფარულობის დარღვევას უარყოფს. ცესკოს თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის მტკიცებით, „ვერავინ ვერცერთ ეტაპზე ვერ გაიგებდა, თუ რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ გაერთიანებას მისცა ამომრჩეველმა ხმა“.
სახალხო დამცველს აპარატმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბოლო განცხადება 26 ოქტომბერს, კენჭისყრის დღის დასრულებამდე გამოაქვეყნა.
