„მინდა, მივულოცო სრულიად საქართველოს, რადგან ვიცი, რომ დღეს ყველას უხარია, ვისაც სჯეროდა, ვისაც არ სჯეროდა, ნაკლებად სჯეროდა, დღეს ყველა არის გახარებული, რადგან ყველამ იცის, რომ ეს არის ჩვენი მომავალი და ამ მომავლისკენ ჩვენ გადავდგით ძალიან დიდი, სერიოზული ნაბიჯი“, - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 5 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს მის მიერ გაწეული დიპლომატიური ძალისხმევისთვის და ქართველ ხალხს ერთიანობისთვის.
„მადლობა ქართველ ხალხს, რადგან ქართველი ხალხის გარეშე არ იქნებოდა ეს დიდი მიღწევა, ეს არის ყველას, ჩვენი ერთიანი მიღწევა. ეს არ არის სიტყვები, ერთად ვიყოთ და ყველანი ერთსულოვანი. ეს მართლაც ასეა, რომ არა ერთად, არაფერს მივაღწევდით არასდროს, არც დამოუკიდებლობას ადრე, არც დღეს ამ ნაბიჯის მიღწევას და არც ხვალ ევროკავშირში გაწევრიანებას.
ეს თუ ვერ შევიგენით, ჩვენ ამას ვგებულობთ ასეთ ისტორიულ დღეებში და მერე გვავიწყდება ისევ. უნდა შევიგნოთ ბოლომდე და გავატაროთ, ვიტყოდი, ყოველდღიურად, რომ ერთიანობა, ერთობა არის ჩვენი უდიდესი ძალა, სხვა დიდი ძალა არ გაგვაჩნია. ეს არის უდიდესი ძალა, რომელიც ყველაფერს მიგვაღწევინებს და ასეც ჩანს, რადგან ვერავინ იტყოდა ადრე, რომ ჩვენ ამას მივაღწევდით ასე მალე. ჩვენ ბევრ რამეზე ვოცნებობთ საერთოდ, მაგრამ მიღწევები არ მოდის ასე მარტივად, ჩქარა და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა გვაკისრია ყველას, ვინც ვამბობთ დღეს, რომ ერთად მივაღწიეთ ამას“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტმა ისაუბრა უკრაინასა და მოლდოვაზეც, რომლებიც ევროპული საბჭოს გუშინდელი გადაწყვეტილებით, ევროკავშირიში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს დაიწყებენ.
„მადლობა მინდა ვუთხრა კიდევ უკრაინის პრეზიდენტს. ახლა ვესაუბრე ვოლოდიმირ ზელენსკის და ეს არის მისი ხალხის ძალიან დიდი დამსახურება, რადგან ეს აჩქარებული პროცესი, რომელსაც ვიმსახურებთ სხვა მხრივ სრულიად, მაგრამ ეს აჩქარებული პროცესი, რაც დღეს ხდებოდა ბრიუსელში, ეს არ მოხდებოდა, თუ არა უკრაინელი ხალხის ბრძოლა, თავდადება და ეს ორწლიანი უსასტიკესი ომი. ამისთვის დიდი მადლიერება უნდა გამოვხატოთ ჩვენ, ეს გვევალება როგორც ქართველებს, თუ ვიცით, რას ნიშნავს ქართველობა.
მე მინდა, მივულოცო ასევე მაია სანდუს, უძლიერესი ქალი დღევანდელ დღეში, რომელმაც გაუძლო უდიდეს შეტევებს, უდიდეს სირთულეებს ამ პერიოდში, მაგრამ შეძლო და თავისი ქვეყანა მიიყვანა, სადაც არავის სჯეროდა, რომ მიიყვანდა, გაუძლებდა და გაუძლო“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა და დაამატა, რომ უკრაინა, მოლდოვა და საქართველო არიან მაგალითები იმის, თუ რას ნიშნავს თავისუფლებისთვის, ევროპისთვის და ევროპული ღირებულებებისთვის ბრძოლა.
პრეზიდენტი აპირებს შეუერთდეს ღონისძიებას, რომელიც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აღსანიშნავად პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დღეს, 17:00 საათზე თავისუფლების მოედანზე გაიმართება. ზურაბიშვილის თქმით, ეს იქნება საქართველოს ზეიმი და „ყველანი ერთად უნდა ვიდგეთ“.
„მე მზად ვარ, ყველაფერში მივიღო მონაწილეობა, თუ ტრიბუნაზე მომიწვევენ კარგი, თუ არადა ხალხში ვიქნები და ერთად ვიზეიმებთ ხვალინდელ დღეს, რომელიც არ არის უკანასკნელი დღე. ამით იწყება საქართველოს მომავალი, დიდებული მომავალი, ევროპული მომავალი და ამას გილოცავთ ყველას“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.
14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს სამიტის პირველ დღეს, ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო გადადგამს შესაბამის ნაბიჯებს, როგორც ეს მითითებულია ევროკომისიის რეკომენდაციაში.
ამასთან, ევროპულმა საბჭომ მოუწოდა საქართველოს, გამოავლინოს მკაფიო ერთგულება ევროკავშირის ღირებულებებისადმი, განაგრძოს პროგრესი რეფორმების მიმართულებით და შეუქცევადად შეასრულოს ევროკომისიის მიერ 8 ნოემბერს მიღებულ რეკომენდაციაში ჩამოთვლილი პირობები.