ჭიათურიდან თბილისში ჩამოსულმა მაღაროელებმა პარლამენტის შენობის წინ კარავები გაშალეს. როგორც ისინი აცხადებენ, პროტესტს მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე არ შეწყვეტენ. 20 ივნისს, 16:00 საათზე, მაღაროელები „ჯორჯიან მანგანეზის“ ცენტრალურ ოფისთან მსვლელობის გამართვას აპირებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„უფალმა ინებოს, რომ ისეთ დღე გათენდეს, სამუშაოები განახლდეს, კმაყოფილი იყოს ჭიათურელი მაღაროელი და თითოეული ჭიათურელი, მაგრამ თუ ეს ასე ვერ მოხდება, ხვალ აქ, საღამოს 18:00 საათზე აქციას განვაახლებთ. ჩვენ, ალბათ, არ დავარღვევთ სამართლებრივ ჩარჩოს, თუ ჩვენს მშვიდობიან, კანონის ფარგლებში მოქცეულ აქციას მშვიდობიანი მსვლელობით განვაგრძობთ „ჯორჯიან მანგანეზის“ სათავო ოფისთან, რომ იქაც ვერ იყვნენ მხარ-თეძოზე წამოწოლილები და მშვიდად. იქაც გავაგებინოთ, რომ ჩვენ აქაც მოგაგენით და რომ ტიროდი „მე საშუალება არა მაქვსო“, ბიზნესკლასის შენობაში ხარ განთავსებული. აბა, მაჩვენე შენი ქამრების შემოჭერა, მე რომ 40%-ით მიზრდი სამუშაო გეგმას, შენ როგორ იწუხებ თავს ამ დრის“, - განაცხადა აქციზე გამოსვლისას ერთ-ერთმა მაღაროელმა, ტარიელ მიქაცაძემ, რომელმაც თბილისში მცხოვრებ ჭიათურლებს მოუწოდა, აქციას შეუერთდნენ.
„ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულები ორი კვირის წინ გაიფიცნენ და 14 მოთხოვნა დააყენეს, რომელთაგან უმთავრესი ხელფასების გაზრდა და თებერვლამდე არსებული სამუშაო გრაფიკის/გეგმის უცვლელად დატოვებაა. ათი მაღაროელი რვა დღეა ჭიათურის მერიის წინ გაშლილ კარავში შიმშილობს. ერთმა პირი ამოიკერა, მეორემ კი თვალები. ხელზე თვითდაზიანებები აქვს მიყენებული კიდევ ერთ მაღაროელს.
პროტესტის მე-14 დღეს, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართეს, „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:
- 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება – 12-საათიანი სამუშაო გრაფიკით;
- პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც;
- კომპანიაში აუდიტის ჩატარება;
- „ჯორჯიან მანგანეზი“ მზადაა, პარალელურად ერთობლივი სამუშაო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის თანამშრომელთა მოთხოვნებს, მათ პრობლემებისა და წარმოშობის მიზეზებს, იმსჯელებს მდგომარეობის გამოსწორების გზებზე, ადგილზე გაეცნობა დასაქმებულთა შრომის პირობებსა და მათ შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან; ასევე, სამუშაო პროცესის ორგანიზების ძველ მეთოდსა და კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი ახალი სამუშაო პროცესის საჭიროებისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის აუცილებლობას.
გაფიცული მაღაროელებისთვის ხელფასის 5%-ით მომატება მიუღებელია. ისინი მინიმუმ 20%-იან ზრდაზე არიან თანახმა, რაზეც კომპანიის მენეჯმენტი აცხადებს, რომ საკმარისი ფინანსური რესურსი არ გააჩნიათ. როგორც „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო მართვის დირექტორი ლაშა თუთბერიძე ამბობს, ხელფასის დამატებით 15%-ით მომატება კომპანიისთვის 10 მილიონი დოლარის წლიური ხარჯია, დღეს კი ფინანსური ზარალის საპროგნოზო მაჩვენებელი 12 მილიონ დოლარს შეადგენს.