„ის 15%, რასაც ჩვენი დასაქმებულები დამატებით ითხოვენ, ხელფასის მატებას, კომპანიისთვის 10 მილიონი დოლარი წლიური ხარჯია. დღეს ჩვენი ფინანსური ზარალის საპროგნოზო მაჩვენებელი 12 მილიონ დოლარს შეადგენს. 10 მილიონი დოლარით ხელფასის ზრდის მოთხოვნა იმ ფონზე, როდესაც ჩვენ სახელმწიფოს მხრიდან გვაქვს მაქსიმალური მხარდაჭერა ჩვენი ფინანსური ვალდებულებების გადავადებაზე, ძალიან ალოგიკურია“, - ამის შესახებ კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საოპერაციო მართვის დირექტორმა, ლაშა თუთბერიძემ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 რუსთავში დააკავეს „ისლამური სახელმწიფოს“ წევრობისთვის ბრალდებული უცხოელი
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
დღეს, ჭიათურასა და თბილისში მაღაროელების პროტესტის ფონზე, კომპანიის მენეჯმენტმა პრესკონფერენცია გამართა. როგორც ლაშა თუთბერიძემ თქვა, 18 ივნისს, მედიატორის მონაწილეობით გამართულ მოლაპარაკებებზე, დასაქმებულებს ხელფასის 5%-ით ზრდა შესთავაზეს, თუმცა მათი მოთხოვნა 20%-ია.
„კომპანია წლებია ზარალიანია სამუშაოების კუთხით ჭიათურაში. ჩვენი მხრიდან არის მზაობა, რომ დამოუკიდებელი აუდიტორი იქნას მოწვეული, შესწავლილი იქნას კომპანიის ფინანსური მდგომარეობა, აქვს თუ არა რესურსი დამატებით ხელფასის 15%-იანი ზრდის. ამავდროულად, კომპანია მზაობას აცხადებს ხელფასების მატება მიბმული იქნეს სამომავლო ფინანსურ შედეგებზე როდესაც დაიდება, დადასტურდება ჩვენი ზარალიანობა“, - განაცხადა თუთბერიძემ.
მისივე თქმით, „ჯორჯიან მანგანეზი“ და დასაქმებულები დანარჩენ საკითხებზე „პრინციპულად შეთანხმებულები“ არიან.
„ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულები ორი კვირის წინ გაიფიცნენ და 14 მოთხოვნა დააყენეს, რომელთაგან უმთავრესი ხელფასების 40%-ით გაზრდა და თებერვლამდე არსებული სამუშაო გრაფიკის/გეგმის უცვლელად დატოვებაა. ათი მაღაროელი მერვე დღეა ჭიათურის მერიის წინ გაშლილ კარავში შიმშილობს. ერთმა პირი ამოიკერა, მეორემ კი თვალები. ხელზე თვითდაზიანებები აქვს მიყენებული კიდევ ერთ მაღაროელს.
პროტესტის მე-14 დღეს, მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართეს, „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, კომპანიამ შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:
- 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება – 12-საათიანი სამუშაო გრაფიკით;
- პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც;
- კომპანიაში აუდიტის ჩატარება;
- „ჯორჯიან მანგანეზი“ მზადაა, პარალელურად ერთობლივი სამუშაო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის თანამშრომელთა მოთხოვნებს, მათ პრობლემებისა და წარმოშობის მიზეზებს, იმსჯელებს მდგომარეობის გამოსწორების გზებზე, ადგილზე გაეცნობა დასაქმებულთა შრომის პირობებსა და მათ შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან; ასევე, სამუშაო პროცესის ორგანიზების ძველ მეთოდსა და კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი ახალი სამუშაო პროცესის საჭიროებისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის აუცილებლობას.
გაფიცული მაღაროელებისთვის ხელფასის 5%-იანი ზრდა მიუღებელია. დღეს, 19 ივნისს, მათი ნაწილი თბილისში ჩავიდა და აქციას პარლამენტის შენობის წინ მართავს.
