ჭიათურაში პროტესტის მე-14 დღეს „ჯორჯიან მანგანეზი“ აცხადებს, რომ მზად არის დააკმაყოფილოს გაფიცული თანამშრომლების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა და პირველ თებერვლამდე არსებულ სამუშაო პირობებს დაუბრუნდეს. რაც შეეხება ხელფასებს, კომპანია მხოლოდ 5%-ით ზრდას თანხმდება. გაფიცულები აცხადებენ, რომ აქციას არ შეწყვეტენ. მათი ნაწილი დღეს, 16:00 საათზე, თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეიკრიბება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
„ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებით, 18 ივნისს კომპანიის მენეჯმენტის, იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის, შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერისა და მედიატორის მონაწილეობით მორიგი მოლაპარაკება გაიმართა, რის შედეგადაც კომპანიამ მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება:
- 2023 წლის პირველ თებერვლამდე არსებულ ძველ სამუშაო პირობებზე დაბრუნება – 12-საათიანი სამუშაო გრაფიკით;
- პირველ ეტაპზე ხელფასი გაიზრდება 5%-ით. კომპანია ასევე მზადაა, მომგებიანობის ზრდასთან ერთად, ეტაპობრივად გაზარდოს თანამშრომელთა ხელფასებიც;
- კომპანიაში აუდიტის ჩატარება;
- „ჯორჯიან მანგანეზი“ მზადაა, პარალელურად ერთობლივი სამუშაო კომისია შეიქმნას, რომელიც შეისწავლის თანამშრომელთა მოთხოვნებს, მათ პრობლემებისა და წარმოშობის მიზეზებს, იმსჯელებს მდგომარეობის გამოსწორების გზებზე, ადგილზე გაეცნობა დასაქმებულთა შრომის პირობებსა და მათ შესაბამისობას დადგენილ ნორმებთან; ასევე, სამუშაო პროცესის ორგანიზების ძველ მეთოდსა და კომპანიის მხრიდან მოთხოვნილი ახალი სამუშაო პროცესის საჭიროებისა და ეკონომიკური მიზანშეწონილობის აუცილებლობას.
როგორც კომპანიაში აცხადებენ, კომისიის საქმიანობაში ჩაერთვება ყველა მხარე – დასაქმებულები, დამსაქმებელი, აუდიტორი, მედიატორი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის სამსახური, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში და პროფკავშირები.
„პროფკავშირების მოთხოვნით, კომპანია აცხადებს მზაობას, ამ პერიოდის განმავლობაში წარმოადგინოს დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა საწარმოს გასული ორი წლისა და მიმდინარე წლის ფინანსური მდგომარეობის შესახებ. ასევე, კომპანია მზად არის, დამოუკიდებელმა აუდიტორმა შეაფასოს ჭიათურის მადნის კონცენტრატის საპროგნოზო, საგეგმო თვითღირებულება. აქედან გამომდინარე, კომისია იმსჯელებს შრომითი და ფინანსური კრიზისის დაძლევისა და გამოსწორების შესაძლო გზებზე, რათა თანაბრად იყოს დაცული დასაქმებულთა და დამსაქმებლის ინტერესები“, - ნათქვამია „ჯორჯიან მანგანეზის“ განცხადებაში.
კომპანია ირწმუნება, რომ ამ ეტაპისთვის დამატებითი ფინანსური რესურსის მოძიება შეუძლებელია.
„დღეს არსებული კრიზისი გამოწვეულია მადნის ფასის მნიშვნელოვნად გაუფასურებით. კომპანია ასეთ რეჟიმში უკვე რამდენიმე წელია, მუშაობს და მნიშვნელოვან ფინანსურ ზარალს განიცდის. კომპანიას მიაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში გამოსავალია წარმოების დროულად განახლება. „ჯორჯიან მანგანეზი“ მოუწოდებს თანამშრომლებს კონსტრუქციული დიალოგისა და შეთანხმებისკენ“, - აღნიშნავენ განცხადებაში.
გაფიცული მაღაროელების პასუხი
„გუშინ კიდევ ერთხელ გადავდგით ნაბიჯი და შეხვედრაზე მივედით. ყველას ავუხსენით, რა გვაწუხებდა, მაგრამ, ისეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რომ მათ ძალიან კარგად იციან, რა პირობებში ვმუშაობთ, პირდაპირ შეთანხმებულები არიან კომპანიასთან და ერთად გვებრძვიან. ამიტომ მათთან რამეზე საუბარს აზრი არ აქვს. ყველაფერი კარგად იციან. დღეიდან ჩვენ არანაირ მოლაპარაკებაზე აღარ მივდივართ. წერილობით გამოგვიგზავნონ როგორ აკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს“, - განაცხადა მაღაროელმა მერაბ სარალიძემ და აღნიშნა, რომ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ გუშინ, სწორედ უშედეგოდ დასრულებული მოლაპარაკების შემდეგ ამოიკერა თვალები.
გაფიცული მაღაროელებისთვის მიუღებელია „ჯორჯიან მანგანეზის“ შეთავაზება ხელფასის 5%-იან ზრდაზე.
„ჩვენთვის უმთავრესია, რას მივიტანთ ოჯახებში, როგორ დავაპურებთ ცოლ-შვილს. ჩვენთვის 5% რომ საკმარისი ყოფილიყო, პროტესტს არ დავიწყებდით. ამას თავიდანვე ვამბობდით და მოდიხართ, ისევ 5%-ს გვთავაზობთ. სინდის-ნამუსი არ გაგაჩნიათ? ეჭვიც არ მეპარება, რომ არ გაგაჩნიათ. სინდის ნამუსი კი არა, ადამიანებიც არ ხართ და გულიც არა გაქვთ“, - აღნიშნა სარალიძემ.
„ჯორჯიან მანგანეზში“ დასაქმებულები 14 დღის წინ გაიფიცნენ. 10 ადამიანი უკვე ერთი კვირაა ჭიათურის მერიის წინ გაშლილ კარავში შიმშილობს. აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა, ხოლო მეორემ - თვალები. მაღაროელებმა Facebook-ზე გაავრცელეს ფოტოც, სადაც ჩანს, რომ ერთ-ერთ მათგანს ხელზე ვენები აქვს დასერილი.
მაღაროელებმა 14 მოთხოვნა დააყენეს, რომელთაგან უმთავრესი ხელფასების 40%-ით გაზრდა და თებერვლამდე არსებული სამუშაო გრაფიკის/გეგმის უცვლელად დატოვებაა. 15 ივნისს „ჯორჯიან მანგანეზმა“ განაცხადა, რომ მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდნენ ამ ორის გარდა.