მარტვილში ცოფის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევის დაფიქსირების გამო ვეტერინარული კარანტინი გამოცხადდა. შესაბამისი განკარგულება სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ სურსათის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე დღეს გამოსცა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
კარანტინი გამოცხადდა ქალაქ მარტვილში, დაავადების კერიდან 10 კილომეტრის რადიუსში. განკარგულების თანახმად, ცოფისთვის საშიშ ბუფერულ ზონაში, გატარდება ცხოველების ვაქცინაცია, 2-3 კილომეტრის რადიუსით (განურჩევლად წინა ვაქცინაციის ჩატარების ვადებისა).
აცრილი ცხოველის იზოლირება უნდა მოხდეს აცრიდან 60 დღის განმავლობაში. კარანტინის პერიოდში, იკრძალება ძაღლების ქუჩაში გაყვანაც. ცოფიანი და დაავადებაზე საეჭვო ცხოველების სადგომებსა და დადორბლილ საგნებს დეზინფექცია ჩაუტარდება.
კარანტინი ცოფით ცხოველის დაავადების უკანასკნელი შემთხვევის დაფიქსირების და სალიკვიდაციო ღონისძიებების ჩატარებიდან 60 დღის შემდეგ მოიხსნება.
24 აპრილს, მარტვილში, მიუსაფარმა ძაღლმა რამდენიმე ადამიანი დაკბინა. ცხოველი, მეთვალყურეობის მიზნით, ოზურგეთის ცხოველთა თავშესაფარში გადაიყვანეს, სადაც ორ დღეში მოკვდა. ლაბორატორიულმა კვლევამ ცოფი დაადასტურა.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელმა, ანზორ ქობალიამ განაცხადა, რომ ძაღლის მიერ დაკბენილი 22 ადამიანიდან 20-მა ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაციის სრული კურსი ჩაიტარა, ერთმა კი ვაქცინის პირველი დოზის გაკეთების შემდეგ, მკურნალობის გაგრძელებაზე უარი განაცხადა. კიდევ ერთი მოქალაქის მოძიება ჯერ ვერ მოხერხდა.
ერთი თვის წინ ძაღლების ცოფით ინფიცირების სამი შემთხვევა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა.
ცოფი ვირუსული ზოონოზური ინფექციური დაავადებაა, რომლის დროსაც თავისა და ზურგის ტვინი ზიანდება. ინფიცირება ცოფით დაავადებული ცხოველის მიერ დაკბენის, დაკაწვრის და დადორბვლის შედეგად ხდება. დასნებოვნება შეიძლება პირის, ცხვირის, თვალის ლორწოვანზე და დაზიანებულ კანის საფარველზე დაავადებული ცხოველის ნერწყვის მოხვედრითაც.
ცოფით დაავადებულ ცხოველს აღენიშნება ქცევის შეცვლა - მოუსვენრობა, უარს ამბობს საკვებსა და წყალზე, აღენიშნება ნერწყვდენა, ღრღნის უცხო სხეულებს, კბენს ცხოველებსა და ადამიანებს (საკუთარ პატრონსაც კი). არის შემთხვევები, როცა ცხოველი ხდება ზედმეტად ალერსიანი, შეიმჩნევა სიელმე, ყეფა ხრინწიანი ხდება.
ცოფის კლინიკური ნიშნების მქონე ცხოველის მიერ ადამიანის დაკბენის, დაკაწვრის ან დადორბვლის შემთხვევაში, საჭიროა ჭრილობის სასწრაფოდ ჩამობანვა საპნითა და წყლით, შემდეგ კი ექიმ-რაბიოლოგისთვის მიმართვა. ინფიცირებისას ადამიანის გადარჩენის ერთადერთი გზა დროული ვაქცინაციაა.