საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ეს თანამდებობა ვაკანტური იყო მას შემდეგ, რაც ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად გადაიყვანეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
ივანიშვილის პარლამენტის წევრი პაატა სალია „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრად 7 აპრილს დანიშნეს, მის წინამორბედს ანრი ოხანაშვილს კი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ჩააბარეს. სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი „ქართული ოცნების“ რეგიონული განვითარების მინისტრად უნდა დაენიშნათ, მაგრამ გადაწყვეტილება შეცვალეს და ეს თანამდებობა თბილისის ვიცე-მერის მოადგილე კახა გულედანმა დაიკავა.
მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოს მუშაობის ათწლიანი ვადა 2025 წლის 30 მარტს ამოეწურა. ის პარლამენტის მიერ არჩეული მოსამართლე იყო.
საკონსტიტუციო სასამართლო ცხრა მოსამართლისაგან შედგება. სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი, სამ წევრს ირჩევს საქართველოს პარლამენტი, ხოლო სამ წევრს ნიშნავს უზენაესი სასამართლო.
„ქართულ ოცნებას“ პარლამენტში არ აქვს საკმარისი ხმები საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ასარჩევად. ვიდრე ტურავას უფლებამოსილება ამოეწურებოდა, თანამდებობა 5 წლით ადრე დატოვა უზენაესი სასამართლოს კვოტით დანიშნულმა მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილმა. მის ნაცვლად საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 8 აპრილს რევაზ ნადარაია დაინიშნა, რომელიც უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლე იყო. 16 აპრილს ცნობილი გახდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ, ფარული კენჭისყრით, რევაზ ნადარაია აირჩიეს.
მარტში ცნობილი გახდა, რომ ლიეტუვამ საკონსტიტუციო სასამართლოს 9 მოსამართლიდან 7 დაასანქცირა (გარდა გიორგი კვერენჩხილაძის და თეიმურაზ ტუღუშის).
„შავ სიაში ახალშეყვანილი თანამდებობის პირები არიან საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შვიდი მოსამართლე, ასევე დიდი რაოდენობით ქართველი მოსამართლეები, პროკურორები და პოლიციელები, მათ შორის, ისინი, ვინც ცრუ ჩვენება მისცეს ჟურნალისტ მზია ამაღლობელის წინააღმდეგ და ხელი შეუწყეს მის უკანონო დაკავებას. ამაღლობელი 38 დღე შიმშილობდა ხელისუფლების უკანონო ქმედებების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად და მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა“, – ნათქვამია ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
