„პირველი მსოფლიო ომის დროს მილიონობით ადამიანი დაიღუპა. მეორე მსოფლიო ომმა ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლე გაანადგურა. მესამე მსოფლიო ომი არ იქნება. ეს არ არის ტრილოგია. უკრაინა შეაჩერებს რუსეთის აგრესიას ჩვენს მიწაზე“, - ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ოქროს გლობუსის“ რიგით მე-80 დაჯილდოების მონაწილეებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
10 იანვარს, ლოს-ანჯელესში გამართულ ღონისძიებაზე ზელენსკი წარადგინა მსახიობმა და რეჟისორმა შონ პენმა, რომელიც უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ არაერთხელ ჩავიდა კიევში.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ „ოქროს გლობუსი“ განსაკუთრებულ დროს, 1943 წელს დაწესდა - მაშინ, როდესაც მეორე მსოფლიო ომი ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, თუმცა ყველამ უკვე იცოდა, ვინ გაიმარჯვებდა.
„დღეს 2023-ია. ომი უკრაინაში ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ ვითარება იცვლება და ახლა მკაფიოდ გასაგებია, ვინ გაიმარჯვებს. წინ კიდევ იქნება ბრძოლები და ცრემლი, მაგრამ ახლა უკვე შემიძლია ვთქვა, ვინ იყო საუკეთესო გასულ წელს. ეს თქვენ იყავით. თავისუფალი სამყაროს თავისუფალი ადამიანები. ისინი, ვინც გაერთიანდით თავისუფალი უკრაინელი ხალხისთვის, ჩვენს საერთო ბრძოლაში თავისუფლებისთვის, დემოკრატიის, სიცოცხლის და შვილების გაჩენის უფლებისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ და დაამატა, რომ ეს არის ბრძოლა ახალი თაობებისთვის, რომლებმაც ომის შესახებ მხოლოდ ფილმებიდან იციან.
რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი თითქმის თერთმეტი თვის წინ, 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის წინააღმდეგ ე.წ. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყების ერთ-ერთ მიზეზად უკრაინის NATO-ში გაწევრიანების სურვილს ასახელდებდა, „ოპერაციის“ მიზნებად კი უკრაინის დემილიტარიზაციასა და დენაციფიკაციას. აგვისტოს ბოლოს რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა განაცხადა, რომ NATO-ში შესვლაზე უარის თქმა აღარ წარმოადგენდა უკრაინაში ომის შეწყვეტისთვის საკმარის პირობას. 23-27 სექტემბერს, რუსეთის ხელისუფლებამ უკრაინის დროებით ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ფსევდორეფერენდუმები ჩაატარა, 30 სექტემბერს კი ეს ოლქები რუსეთის ტერიტორიულ სუბიექტებად გამოაცხადა. 11 ნოემბერს უკრაინამ ხერსონზე კონტროლი დაიბრუნა.
2022 წლის შემოდგომაზე რუსეთის ტერიტორიაზე ე.წ. ნაწილობრივი მობილიზაცია ჩატარდა, რომლის ფარგლებში, ომში 300 000 მოქალაქე გაიწვიეს. დეკემბრის დასაწყისში პუტინი ამბობდა, რომ 155 000 მებრძოლი „ოპერაციის ადგილზე“ იმყოფებოდა. უკრაინის სამხედრო დაზვერვის ინფორმაციით, 15 იანვარს რუსეთი ახალ მობილიზაციას გამოაცხადებს, კიდევ 500 000 ადამიანის გაწვევის მიზნით.
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის თანახმად, დღემდე, რუსეთმა 112 ათასზე მეტი სამხედრო დაკარგა. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა დეკემბრის დასაწყისში თქვა, რომ უკრაინის დანაკარგი 10 000-დან 13 000 სამხედრომდეა. რუსეთი საკუთარი დანაკარგების შესახებ მონაცემებს იშვიათად ასახელებს. 21 სექტემბერს, მობილიზაციის დაწყების წინ თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ განაცხადა, რომ თებერვლის შემდეგ, უკრაინაში რუსეთის არმიის 5937 სამხედრო იყო დაღუპული.