Meta უარს იტყვის ფაქტების გადამოწმების პროგრამაზე, მკვეთრად შეამცირებს ცენზურას და რეკომენდაციას გაუწევს მეტ პოლიტიკურ კონტენტს თავის პლატფორმებზე, მათ შორის, Facebook-ზე, Instagram-სა და Threads-ზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 2 უილსონი: თუ ივანიშვილი 29 დეკემბრის გეგმას განახორციელებს, წარმოუდგენელ პასუხს უნდა ელოდეს
- 3 სოზარ სუბარი პოლიციელების ხელფასების 20%-ით გაზრდას ითხოვს
- 4 ბალტიის ზღვაში კაბელის დაზიანებაში ეჭვმიტანილი გემის კაპიტანი საქართველოს მოქალაქეა
- 5 რას ამბობს გდდ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი საქართველოდან გამგზავრებამდე მიცემულ ინტერვიუში
- 6 დაძაბულობაა ბოლნისში, სადაც ავტოავარიას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა
7 იანვარს გავრცელებულ ვიდეომიმართვაში Meta-ს დამფუძნებელმა და მფლობელმა, მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ ფაქტების შემმოწმებლები, ე.წ. ფაქტჩეკერები პოლიტიკურად ზედმეტად მიკერძოებულები არიან და „უფრო მეტი ნდობა გაანადგურეს, ვიდრე შექმნეს, განსაკუთრებით აშშ-ში“.
„ჩვენ ვაპირებთ უარი ვთქვათ ფაქტების შემმოწმებლებზე და X-ის მსგავსად, ისინი საზოგადოების შენიშვნებით [community notes] ჩავანაცვლოთ“, - განაცხადა ცუკერბერგმა.
2016 წლიდან, Meta-ს ფაქტების გადამოწმების პროგრამის ფარგლებში, დამოუკიდებელი ე.წ. ფაქტჩეკერები 100-მდე ორგანიზაციიდან ამბების სიზუსტეს აფასებენ და დეზინფორმაციის იდენტიფიცირებას ახდენენ. ყოველ ჯერზე, როცა „ფაქტჩეკერები“ კონტენტის აფასებენ როგორც ყალბს, Meta მნიშვნელოვნად ამცირებს მის გავრცელებას. კონტენტი იშლება მაშინ, როდესაც ის Meta-ს „საზოგადოების სტანდარტებს“ არღვევს, რაც ფაქტების გადამოწმების პროგრამებისგან განცალკევებული მიმართულებაა.
როგორც მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, ბოლო წლებში კომპანიამ „შექმნა ბევრი კომპლექსური სისტემა კონტენტის მოდერაციისთვის“.
„მაგრამ რთული სისტემების პრობლემა არის ის, რომ ისინი შეცდომებს უშვებენ. მაშინაც კი, თუ ისინი შემთხვევით აცენზურებენ პოსტების მხოლოდ 1%-ს, ეს მილიონობით ადამიანია. და ჩვენ მივედით იმ წერტილამდე, სადაც ძალიან ბევრი შეცდომა და ზედმეტი ცენზურაა“, - თქვა ცუკერბერგმა.
მესამე მხარის მიერ ფაქტების შემოწმების პროგრამის დასრულების შემდეგ, Meta-ს პლატფორმების მომხმარებლებს შეეძლებათ თავად გადაწყვიტონ, როდის არის პოსტი პოტენციურად შეცდომაში შემყვანი და როდის საჭიროებს მეტ კონტექსტს. ცვლილებები უახლოეს თვეებში შეერთებული შტატებიდან დაიწყება.
მარკ ცუკერბერგის თქმით, Meta ასევე მოხსნის „მთელ რიგ შეზღუდვებს ისეთ თემებზე, როგორიცაა იმიგრაცია და გენდერი, რომლებიც უბრალოდ განცალკევებულია მეინსტრიმ დისკურსიდან“.
„ის, რაც დაიწყო, როგორც მოძრაობა უფრო მეტი ინკლუზიურობისკენ, სულ უფრო ხშირად გამოიყენებოდა მოსაზრებების ჩასახშობად და განსხვავებული იდეების მქონე ადამიანების განსადევნად. ეს ძალიან შორს წავიდა. მინდა დავრწმუნდე, რომ ადამიანებს ჩვენს პლატფორმებზე თავიანთი შეხედულებებისა და გამოცდილების გაზიარება შეუძლიათ“, - აღნიშნა ცუკერბერგმა.
ავტომატური ფილტრები, რომლებიც აქამდე Meta-ს „საზოგადოების წესების“ დარღვევის იდენტიფიცირებისთვის გამოიყენებოდა, ახლა გამოყენებული იქნება მხოლოდ უკანონობის და ისეთი სერიოზული დარღვევების წინააღმდეგ საბრძოლველად, როგორიც, მაგალითად, ტერორიზმი, ნარკოტრაფიკი და ბავშვთა ექსპლუატაციაა. ნაკლებად სერიოზულ დარღვევებთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე Meta მომხმარებლების საჩივრებს დაეყრდნობა.
მხოლოდ 2024 წლის დეკემბერში Meta ყოველდღიურად მილიონობით პოსტს შლიდა. კომპანიაში ფიქრობენ, რომ ყოველი 10 ასეთი გადაწყვეტილებიდან ერთი-ორი შესაძლოა შეცდომა ყოფილიყო, ანუ კონტენტი რეალურად არ არღვევდა Meta-ს წესებს.
„ჩვენ ვაბრუნებთ სამოქალაქო კონტენტს. გარკვეული პერიოდის განმავლობაში საზოგადოება ითხოვდა ნაკლები პოლიტიკის ჩვენებას, რადგან ეს სტრესს აყენებდა ხალხს. ამიტომ ჩვენ შევწყვიტეთ ამ პოსტებისთვის რეკომენდაციის გაწევა, მაგრამ ახლა ვგრძნობთ, რომ შევედით ახალ ეპოქაში და ვიღებთ გამოხმაურებებს, რომ ადამიანებს ისევ სურთ ასეთი კონტენტის ხილვა. [...] წლების განმავლობაში კონტენტის მოდერაციის სამუშაოს შემდეგ, რომელიც ძირითადად კონტენტის წაშლაზე იყო ორიენტირებული, დროა ფოკუსირება მოვახდინოთ შეცდომების შემცირებაზე, ჩვენი სისტემების გამარტივებასა და ჩვენს ფესვებთან დაბრუნებაზე, რაც ხალხისთვის ხმის მიცემაა“, - განაცხადა ცუკერბერგმა.
მარკ ცუკერბერგის თქმით, ის გეგმავს მუშაობას არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან, რათა დაუპირისპირდეს ცენზურას აშშ-სა და მის ფარგლებს გარეთ.