„ჩვენ ამ წელს მუდმივად მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უარი თქვას ანტიდემოკრატიულ ქმედებებზე და დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას. არ გამოვრიცხავთ შემდგომ შედეგებს, თუ საქართველოს ხელისუფლების მიმართულება არ შეიცვლება. საქართველოს ქმედებები განსაზღვრავს ჩვენს პასუხებს. საქართველოსთან ურთიერთობა უკვე რამდენიმე თვეა გადახედვის პროცესშია. ჩვენ უკვე შევაჩერეთ 95 მილიონი დოლარის დახმარება საქართველოს მთავრობისთვის. ჩვენ გვაქვს სხვა დახმარება, რომელიც ჯერ კიდევ განიხილება“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
მილერის თქმით, 26 ოქტომბერს, შაბათს, ქართველი ხალხი არჩევნებზე მივიდა იმ საარჩევნო გარემოში, რომელიც ჩამოყალიბდა მმართველი პარტიის პოლიტიკით, მათ შორის საჯარო რესურსების ბოროტად გამოყენებით, ხმების ყიდვითა და ამომრჩევლის დაშინებით.
„ამან ხელი შეუწყო არათანაბარი სათამაშო მოედანის შექმნას, შეარყია საზოგადოების და საერთაშორისო ნდობა სამართლიანი შედეგის შესაძლებლობის მიმართ. ჩვენ ვუერთდებით საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების მოწოდებებს არჩევნებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ ყველა ცნობის სრულ გამოძიებაზე და მოვუწოდებთ გამოხატვის ფუნდამენტური თავისუფლებისა და მშვიდობიანი შეკრების პატივისცემისკენ.
მოვუწოდებთ საქართველოს მმართველ თანამდებობის პირებს, მხედველობაში მიიღონ ურთიერთობა, რომელიც მათ სურთ ევროატლანტიკურ საზოგადოებასთან, ვიდრე გააძლიერონ პოლიტიკა, რომელსაც ავტორიტარები აქებენ. ქართველი ხალხის 80%-ზე მეტს სურს იხილოს ქვეყანა ევროკავშირსა და ნატოში ინტეგრირებული. საქართველოს კონსტიტუცია - შემოთავაზებული და მხარდაჭერილი ამჟამინდელი მმართველი პარტიის მიერ - განსაზღვრავს ამ მისწრაფებას - ევროატლანტიკურ ინსტიტუტებში გაწევრიანებას. ყველა პარტია აწარმოებდა კამპანიას ამ მიზნის მხარდასაჭერად, მაგრამ მმართველმა პარტიამ მიიღო ზომები, რომლებიც არ შეესაბამება ამ კურსს.
საქართველოს მთავრობას შეუძლია კვლავ დაადასტუროს თავისი ერთგულება დემოკრატიული ევროატლანტიკური გზისადმი კანონის უზენაესობის პატივისცემით, საარჩევნო პროცესში ხარვეზების აღმოფხვრით, ანტიდემოკრატიული კანონმდებლობის უკან გაწვევითა და გაუქმებით, ევროკავშირში გაწევრიანების რეფორმის რეკომენდაციების განსახორციელებლად მნიშვნელოვანი ძალისხმევის გაწევით“, - განაცხადა მილერმა.
ჟურნალისტის შეკითხვის პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა თქვა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნების გამოძიებასთან დაკავშირებით ევროპელ პარტნიორებთან კონსულტაციები აქვთ.
„ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ გვსურს გამოძიება. ჩემს განცხადებაში არ დამიკონკრეტებია, რომ ეს გამოძიება ქართველმა თანამდებობის პირებმა უნდა ჩაატარონ. ჩვენ კონსულტაციებს ვაწარმოებთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან იმის შესახებ, თუ როგორი შეიძლება იყოს შესაბამისი ორგანო ასეთი გამოძიების ჩასატარებლად“, - აღნიშნა მეთიუ მილერმა.
არჩევნებში რუსეთის ჩარევასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე მილერმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ამაზე შეფასება არ აქვს:
„რუსეთის ჩარევის შესახებ განცხადებების მიღმა, ჩვენ დავინახეთ, რომ მმართველმა პარტიამ გადადგა ნაბიჯები, რომლებიც ზღუდავდა ქართველების უფლებას, მონაწილეობა მიეღოთ სრულიად თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ჩვენ ვნახეთ ამომრჩევლის მოსყიდვა, ვნახეთ რეპრესიები და - რა თქმა უნდა, ეს ცალკე საკითხია, რომელიც არ უკავშირდება რუსეთის ჩარევას. ჩვენ ვნახეთ რუსეთის ჩარევა მისი რიგი მეზობლების არჩევნებში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ ვნახეთ, როგორ ერეოდნენ ისინი ჩვენს არჩევნებში. ჩვენ ვაგრძელებთ აქტიურ დაკვირვებას, მაგრამ მე არ მაქვს შეფასება, რისი გაკეთებაც შემიძლია ამ ახლახანს ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით“.